კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდება რეალურად გალში და რა ინფორმაციას ავრცელებს ქართული მხარე

19 ოქტომბერი, 2009

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

რუსმა სამხედროებმა 16 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ თაგილონში მასწავლებლები სასტიკად სცემეს.

ამის შესახებ აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსი სამხედროები შეიჭრნენ სკოლაში და მას შემდეგ, რაც სკოლაში ქართული წიგნები აღმოაჩინეს, პედაგოგებს სასტიკად გაუსწორდნენ.

„განსაკუთრებით მძიმედ არის ნაცემი მასწავლებელი, გვარად ოკუჯავა. იგი გადაყვანილია გალის რაიონის საავადმყოფოში  და რუსი ოკუპანტები არ აძლევენ ნებას, რომ იგი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ. მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებლებს, კერძოდ კი, ევროკავშირის დამკვირვებლებს, ჩაერთონ საქმეში, რათა მოხერხდეს ამ ადამიანის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – განაცხადა ბარამიამ.

მისი განცხადებით, ოკუჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „თუ ისინი არ გამოიჩენენ კეთილ ნებას და არ მისცემენ საშუალებას, რომ დაზარალებული ენგურს გადმოღმა გადმოიყვანონ, მთელი პასუხისმგებლობა რუს ოკუპანტებს დაეკისრებათ“, – აცხადებს დევნილი მთავრობის თავმჯდომარე.

ამის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ოკუპირებული თაგილონის ერთ-ერთ მკვიდრს დაუკავშირდა. ჩვენმა რესპოდენტმა მთავრობის თავმჯდომარის მიერ პრესკონფერენციზე გახმაურებული რამდენიმე დეტალი უარყო და გვითხრა, რომ ნაცემია თაგილონის სკოლის სამნეო ნაწილის გამგე და გეოგრაფიის მასწავლებელი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით მათ კონფლიქტი სკოლიდან მოშორებით, აფხაზ სამხედროებთან შელაპარაკების ნიადაგზე მოუვიდათ და ქართული სახელმძღვანელოების და სკოლის შემოწმების თემა სინამდვილეს არ შეესაბამება.
რესპოდენტმა ასევე გვითხრა, რომ ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 16 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი გალში ჩასვლას აპირებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ განუცხადა: - „ბაღაფში ცდილობს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გალის რაიონის მოსახლეობის გული მოიგოს. არა მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ნებით მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამდენად, ბაღაფშის გალის რაიონში ჩასვლა ვერაფერს შეცვლის“, - აცხადებდა გიორგი ბარამია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რესპოდენტები, რომლებსაც ტელეფონით დავუკავშირდით იტყობინებიან, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გალში არ ჩასულა. შეხვედრა ნამდვილად გაიმართა, მაგრამ იქ ბაღაფში არ ყოფილა. მოსახლეობას პარტია „ედინაია აბხაზიას“ წევრები შეხვდნენ და გალის ორგანიზაციის წარმომადგენლები აირჩიეს, ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი.

ცნობისათვის: აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. კანდიდატებს შორის ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ვიტალი ბღანბა დარეგისტრირდა, სავარაუდო კანდიდატებად ასევე სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა და ვალმერ ბუთბა სახელდებიან. კანდიდატთა რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები