კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლე ტაბაღუა: „კითხვა მოხსნილია. კითხვა მოხსნილია“...

19 ოქტომბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის რაიონული სასამართლო პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერის კოტე კაპანაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ბასარიონ ტაბაღუა პროცესებს სასამართლოს შენობის ყველაზე მცირე დარბაზში ატარებს, რის გამოც დაინტერესებულ პირებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერა აკრძალული არ არის, მანდატურები ჟურნალისტებს დიქტოფონის გამოყენების საშუალებას არ აძლევენ.

სამართალდამცავებმა კოტე კაპანაძე 2009 წლის 23 ივნისს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიება 2009 წლის 23 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ი/მ „აიდინ მაილოვის“ მიერ, 2007-08 წლებში დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე აღიძრა.

გამოძიების მასალები

საქართველოს მთავარი პროკურატურა კაპანაძეს საქმეზე შემდეგ მასალებს ფლობს:

ინდ. მეწარმე „აიდინ მაილოვი“ 2004-2007 წლებში საქართველოში  საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებდა. იგი წლების მანძილზე საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული საქონლის დაბეგვრას ახდენდა არა საინვოისო, არამედ კორექტირებული საბაჟო ღირებულებიდან, რითაც მალავდა დასაბეგრ ობიექტს და ამ გზით თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდას. აღნიშნული ხერხით, მან, მათ შორის 2005 და 2006 წლებში, თავი აარიდა სულ 126,045 ლარის გადახდას.

თელავის საგადასახადო ინსპექციის მთავარმა ინსპექტორებმა თეიმურაზ იარაჯულმა და კონსტანტინე კაპანაძემ, ინდ. მეწარმე „აიდინ მაილოვი“-ს გეგმიური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას, განზრახ უგულვებელყვეს შემოწმების პროგრამით გათვალისწინებული გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შემოსავალ-გასავალში გატარების სისწორე და ამ ოპერაციებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება. მათ განზრახ არ გამოავლინეს ინდ. მეწარმე „აიდინ მაილოვი“-ს მიერ ჩადენილი დასაბეგრი ობიექტის დამალვის გზით გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტი. კერძოდ, 2007 წლის 7 აგვისტოს,  შემოწმების აქტით, დამატებით არ დაარიცხეს მას საშემოსავლო გადასახადში 39,685 ლარი, სოციალურში 86,360 ლარი, აგრეთვე ჯარიმა 82,363 ლარი, ე. ი. სულ 208,408 ლარი.

2009 წლის 15 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება კოტე კაპანაძის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ. ვინაიდან იგი დაემალა გამოძიებას, ამავე წლის 23 ივნისს დადგენილ იქნა კოტე კაპანაძის ადგილსამყოფელი და გამომძიებლის დადგენილებით, იძულებით იქნა წარმოდგენილი საგამოძიებო ორგანოში, სადაც დაკავებულ იქნა ეჭვმიტანილის სახით.

კოტე კაპანაძეს 2009 წლის 23 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება. გამოძიების და პროკურატურის მიერ, თელავის რაიონული სასამართლოს წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაპატიმრების გამოყენების შესახებ. 2009 წლის 24 ივნისს, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოტე კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა გირაო 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, დაპატიმრება 2 თვის ვადით. 2009 წლის 29 ივნისს პროკურორის საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ბრალდებულ კოტე კაპანაძეს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება 2 თვის ვადით.

თეიმურაზ იარაჯულს 2009 წლის 23 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და იმავე დღეს დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. 2009 წლის 24 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა გირაო 15,000 ლარის ოდენობით.  პროკურორმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ის ძალაში დატოვა.

„საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ კოტე კაპანაძემ და  თეიმურაზ იარაჯულმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია)“.

მანდატურები: „ასეთი ბრძანება გვაქვს“

15 ოქტომბერს სასამართლო პროცესი 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. პროცესზე დასწრების მსურველები მანდატურებმა სხდომის დარბაზში 11:58 საათამდე არ შეგვიშვეს. დარბაზში შესვლას პირველები ჟურნალისტები ვცდილობდით, იმ მიზეზით, რომ ადგილები დაგვეკავებინა. დარბაზში სულ 20 ადგილია. აქედან ოთხი ბადრაგს აქვს დაკავებული, დანარჩენი დაინტერესებულ პირებს, განსასჯელთა ახლობლებს. მცდელობის მიუხედავად მანდატურებმა სხდომის დარბაზში მას შემდეგ შეგვიშვეს, როცა თექვსმეტივე ადგილი შეივსო. „ხომ ხედავთ ადგილები აღარ არის. ფეხზე დგომა არ შეიძლება, დატოვეთ დარბაზი“, - მოგვამრთა მანდატურმა. იმავე დროს დარბაზში სხდომის მდივანი შემოვიდა და განაცხადა, რომ მოსამართლე მოდიოდა და დარბაზში მყოფნი ფეხზე ამდგარიყვნენ. ვითარების გარკვევის დრო აღარ იყო. განსასჯელის ახლობლებს ვთხოვეთ ჟურნალისტებისთვის სკამზე ჩამოჯდომის საშუალება მოეცათ. დარბაზში დავრჩით. მოსამართლე შემოსული იყო, როცა მანდატურმა კიდევ ერთხელ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ აუდიოჩამწერის გამოყენება აკრძალული იყო და მისი გამოყენების შემთხვევაში, მაშინვე გარეთ გაგვიყვანდნენ. მანდატურების მხრიდან სხდომის დარბაზში დიქტოფონების გამოყენების აკრძალვის შესახებ ეს პირველი გაფრთხილება არ იყო. დარბაზში შეშვებამდეც არაერთხელ გვითხრეს, რომ პროცესი არ უნდა ჩაგვეწერა, შესაბამისად დიქტოფონების დატოვებაც მოგვთხოვეს.

- სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერას კანონი არ კრძალავს და თქვენ რა უფლებით გვიზღუდავთ ამ უფლებას?

- ასეთი ბრძანება გვაქვს, - განაცხადეს მანდატურებმა.

საქმის განხილვის დაწყებამდე მოსამართლე ტაბაღუამ აღნიშნა: „მე ვიცი, რომ დარბაზში ჟურნალისტები იმყოფებიან. გაფრთხილებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლოს შენობაში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება აკრძალულია. ჟურნალისტები თუ დაარღვევენ ამ მოთხოვნებს, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“. მართალია, მოსამართლეს არ უთქვამს, რომ ჟურნალისტებს პროცესის აუდიოჩაწერის უფლება არ გვქონდა, მაგრამ ამ უფლების განხორციელება მაინც ვერ შევძელით. მანდატური დიქტოფონის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევდა. ჩამწერის გამოყენების შემთხვევაში მანდატურის წინააღმდეგობა ხმაურს გამოიწვევდა, რაც საბოლოოდ დარბაზიდან ჩვენი გარეთ გაძევებით დამთავრდებოდა.

„პროტესტი მიღებულია, კითხვა მოხსნილია“

პროცესზე მოწმე - კახეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე თამაზ ჭუნიაშვილი და განსასჯელი თეიმურაზ იარაჯული დაიკითხნენ.

„ინდ.მეწარმე „აიდან მაილოვის“ შემოწმების თაობაზე ბრძანება ჩემს მიერ არის ხელმოწერილი. ბრძანებით საგადასახადო ინსპექციის შემოწმების სამმართველოს სპეციალისტებს კოტე კაპანაძესა და თეიმურაზ იარაჯულს დაევალათ „აიდან მაილოვის“ შემოწმება. როგორც მახსოვს, აღნიშნული ინდ. მეწარმე შემოწმდა, შემოწმების მასალებმა გაიარა შემოწმების სამმართველო და წარმოედგინა საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობას. ინსპექტორების მიერ ინდ. მეწარმის შემოწმება მოხდა კანონიერად და არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა თამაზ ჭუნიაშვილმა.

მოწმის ამ ჩვენებას პროკურორის, ხვიჩა ბეგიაშვილის კითხვა მოჰყვა: „როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ კაპანაძემ და იარაჯულმა ინდ. მეწარმე „აიდან მაილოვის“ შემოწმების შედეგად არ გამოავლინეს დამალული გადასახადები?

- მე არ ვიცი ეს ადამიანები საერთოდ რაზე არიან დაკავებულები. შემოწმება ჩატარდა კანონიერად. ინსპექციის ხელმძღვანელობას რაიმე დარღვევაში რომ ეჭვი შეეტანა, ინსპექტორებს ახსნა-განმარტებით ბარათებს დავაწერინებდით“.

საპროცესო კანონმდებლობით, მოწმის დაკითხვას ჯერ ბრალდების მხარე, შემდეგ დაცვის მხარე და ბოლოს სასამართლო ახდენს. მოსამართლე ტაბაღუა არ დაელოდა, როდის დაასრულებდა პროკურორი თამაზ ჭუნიაშვილის დაკითხვას. „თანახმა ხართ გამოვაქვეყნოთ თქვენს მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. გასაგებია. შეიტანეთ ოქმში, რომ მოწმე თანახმაა მისი ჩვენება გამოქვეყნდეს“, - აღნიშნა მოსამართლემ, ისე რომ მოწმეს ჩვენების გამოქვეყნება თავად არ უთხოვია.

მოსამართლემ ჭუნიაშვილის ჩვენება ისე წაიკითხა, ერთი წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, მეორეს იწყებდა. დარბაზში მყოფებმა ჩვენებიდან ვერაფერი გავიგეთ.

ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც პროკურატურა კოტე კაპანაძეს და თეიმურაზ იარაჯულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, ინდ. მეწარმე „აიდან მაილოვის“ შემოწმების აქტია. კოტე კაპანაძის ადვოკატები კახაბერ ხვისტანი და გიორგი რაზმაძე მოწმისგან სწორედ ამ აქტთან დაკავშირებით ცდილობდნენ კითხვებზე პასუხების მიღებას.

კახაბერ ხვისტანი: ბატონო თამაზ, საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელებს გევალებოდათ თუ არა პირადად გენახათ შემოწმების აქტი?

თამაზ ჭუნიაშვილი: თუ ეჭვს შევიტანდით შემოწმების სისწორეში, მაშინ აქტს მოვითხოვდით და ვნახავდით, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, შემოწმების სისწორეში მაშინ ეჭვი არავის შეგვიტანია.

მოსამართლე ტაბაღუა: ადვოკატო, რის მიღწევას ცდილობთ?

კახაბერ ხვისტანი: გვინდა, ბრალდების უსუსურობა გამოვკვეთოთ. ბატონო თამაზ, შემოწმების აქტს საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანების გარეშე ჰქონდა თუ არა ძალა და ამ ბრძანების გარეშე დაერიცხებოდა თუ არა ინდ. მეწარმეს თანხა?

თამაზ ჭუნიაშვილი: არა, შემოწმების აქტს ბრძანების გარეშე ძალა არ ჰქონდა და ვერც თანხა დაერიცხებოდა.

კახაბერ ხვისტანი: ე.ი. საგადასახადო ინსპექტორები ხელმძღვანელის ბრძანების გარეშე ინდ. მეწარმეს თანახს ვერ დაარიცხავდნენ?

მოსამართლე ტაბაღუა: კითხვა მოხსნილია, მოწმე ექსპერტი არ გახლავთ.

იყო თუ არა რაიმე სახის რეკომენდაცია ხელმძღვანელობის მხრიდან ინდ. მეწარმის შემოწმების და მისთვის თანხის დარიცხვის შესახებ? ვისთან ხდებოდა შემოწმების მასალების შეთანხმება? ადვოკატის ამ და სხვა კითხვებზე ზოგჯერ იყო პროკურორის პროტესტი და ზოგჯერ არც იყო, თუმცა მოსამართლე კითხვებს მაინც ხსნიდა. „კითხვას საქმესთან კავშირი არ აქვს; პროტესტი მიღებულია; კითხვა მოხსნილია“, - აცხადებდა მოსამართლე.

პროცესზე კიდევ ერთი მოწმე იყო გამოცხადებული, თუმცა მოსამართლემ მის დაკითხვაზე უარი თქვა და პირდაპირ განსასჯელის, თეიმურაზ იარაჯულის დაკითხვაზე გადავიდა.

თეიმურაზ იარაჯული: „საგადასახადო ინსპექციაში 27 წელი ვიმუშავე. ჩემს უფლებამოსილებაში შედიოდა სამმართველოს უფროსის ბრძანებით მეწარმეების შემოწმება. ძირითადად ექსპორტირებულ საქონელს ვამოწმებდი, „აიდან მაილოვის“ შემთხვევა ერთადერთი იყო, როცა იმპორტირებული საქონელი შევამოწმე. „აიდან მაილოვის“ შემოწმება უფროსმა დაგვავალა. მის შესამოწმებლად თბილისში ჩავედით. პლასტმასებით ვაჭრობდა. ყველაფერი გვაჩვენა, საბაჟო დეკლარაციებიც წარმოგვიდგინა, მაგრამ ინვოისები არ ჰქონდა. საგადასახადო ინსპექციაში შემოწმების სამმართველოს უფროსს თამაზ გუმბარიძეს, ვისაც ვექვემდებარებოდი, ვკითხე, ინვოისების გარეშე შემოწმება როგორ მომეხდინა. გუმბერიძეს ისიც ვუთხარი, რომ ინდ. მეწარმე გადასახადებს მალავდა. მკითხა, საიდან მიხვდიო? ვუთხარი, მაილოვს პლასტმასი კილოგრამობით შემოაქვს და ცალობით ყიდის მეთქი. ერთ კილოგრამში კი შეიძლება რამდენიმე ნივთი ყოფილიყო. „ახალ ველოსიპედს ნუ იგონებო“, - მითხრა გუმბერიძემ. ბოლოს შევთანხმდით, რომ შემოწმება ისე მოგვეხდინა, როგორც პრაქტიკით იყო დამკვიდრებული.
 
შემოწმებიდან ორი წლის შემდეგ, გამოძიების დაწყების მერე გავიგე, რომ შემოწმება არასწორად გვქონდა ჩატარებული. ეს ძირითადად უცოდინრობით და დაუდევრობით იყო გამოწვეული. მე ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ განზრახვა არ გვქონია. მაილოვს არც კი ვიცნობდი. კოტე იცნობდა თუ არა, არ შემიმჩნევია“, - აღნიშნა იარაჯულმა.

განსასჯელმა იარაჟულმა კაპანაძის ადვოკატების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. შეკითხვების დიდი ნაწილი მოსამართლემ გააუქმა. „ვერ ამოწურეთ კითხვები? ამათ კითხვებს რა გამოულევს, ყველაფერზე განმარტებას ითხოვენ“, - ცხარობდა მოსამართლე კაპანაძის ადვოკატების მისამართით. გარდა ამისა,  მოსამართლე ხშირად, იარაჯულის ნათქვამის ინტერპრეტაციას ახდენდა და მას საუბრის დასრულების საშუალებას არ აძლევდა. მოსამართლე მოწმის, განსასჯელის, ადვოკატების და პროკურორის ნათქვამს მთელი პროცესის განმავლობაში იმეორებდა. სხდომის მდივანს ოქმში მხოლოდ მოსამართლის გამეორებული ფრაზები შეჰქონდა. იარაჯულის დაკითხვის დასრულების შემდეგ ტაბაღუამ განაცხადა, რომ „ასეთ რეჟიმში მეტი მუშაობა აღარ შეუძლია, ფიზიკურად დაიღალა, მეტს ვეღარ გაუძლებს“. პროცესი გადაიდო.

პოლიტიკური ნიშნით დევნილი

სასამართლო პროცესს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებიაც ესწრებოდნენ. პროცესის დასრულების შემდეგ ნაჭყებიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ხაზი სასამართლოს აშკარა ტენდენციურობას გაუსვა.

„სასამართლოც ისევე ტენდენციურია, როგორც პროკურატურა. ორივე უწყება მთელი მონდომებით ცდილობს, ბრალი მთლიანად მხოლოდ კოტე კაპანაძისკენ მიმართოს. უფრო მეტიც, პროკურატურაც და სასამართლოც მეორე განსასჯელის, თეიმურაზ იარაჯულის დამცველად გვევლინება. ცალსახაა, რომ მთავარია დაისაჯოს კოტე კაპანაძე, ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას, ხოლო იარაჯული, რომელიც თავისდაუნებურად ბრალდების ხელისშემწყობია, დასჯას გადარჩეს. განსასჯელები ისედაც არათანაბარ პირობებში არიან, იმიტომ რომ ერთს გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო მეორე საპყრობილეშია მოთავსებული“, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, კოტე კაპანაძის დაკავება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა, ლაგოდეხში მისმა პოლიტიკურმა აქტიურობამ განაპირობა. „ის ძალიან აქტიურად მუშაობდა „ახალი მემარჯვენეებისა“ და ალიანსის სასარგებლოდ. კოტე კაპანაძე შეყვანილია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა სიაში, რომელთა გათავისუფლებასაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ოთხოვს“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

ვაჟა კაპანაძე, განსასჯელის ძმა: „2007 წლის შემოწმების მასალებზე პროკურატურამ გამოძიება 2009 წლის 23 მაისს დაიწყო. ამავე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუცა პაპავა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მათთვის ოპოზიციის მხარდამჭერთა მობილიზებაში ხელი შეეშალა, რათა 26 მაისისთვის და შემდგომ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ვერ მიეღოთ. სანამ საქმეს აღძრავდნენ, კოტეს სახლში შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებოდა. დავალება გვაქვს ასეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგექმნებაო, უთქვამთ. კოტემ ისინი კატეგორიული უარით გაისტუმრა და რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც“.

ამ თემაზე:

მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3948&lang=ge 

კოტე კაპანაძე ოპოზიციის მხარდაჭერისათვის იდევნება
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3889&lang=ge 

ახალი ამბები