კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პატიმრების ცემის ფაქტს უარყოფს

21 ოქტომბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ რუსთავის #2 საპყრობილიდან ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებული პატიმრები ბადრაგის მიერ სასტიკად არიან ნაცემი, ქუთაისის ციხეში სახალხო დამცველის ვიზიტით დასრულდა. გიორგი ტუღუშმა პატიმრები მოინახულა და ცემის ფაქტი უარყო. სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული ოფიციალური კომენტარის მიუხედავად, პატიმრების ახლობლების მღელვარება მაინც არ ცხრება.

„აქ მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ ნაცემიც ხარ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც შერყეული გაქვს. დიახაც, ცემენ პატიმრებს და ახლაც ცემეს. მერე კი, უთხრეს, ხმა არ ამოიღოთ, თორემ ცემას აღარ დაგაჯერებთო. აბა, მითხარით, რომელი მათგანი იტყვის ხმამაღლა მიშველეთო? მოითხოვეთ, რომ შეგიშვან ჟურნალისტები და თავად ნახეთ, იქ რაც ხდება“, - ამბობს ერთერთი პატიმრის დედა.

ინფორმაციის მიღებისთანავე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  დასავლეთ საქართველოში სახალხო დამცველის რწმუნებულს მადონა ბასილაძეს დაუკავშირდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან მან რატომღაც თავი შეიკავა (?!) სახალხო დამცველის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა კი, კითხვაზე, რა ხდება რეალურად ქუთაისის ციხეში, გვიპასუხა: „სახალხო დამცველის განცხადებით, არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეტაპირებული პატიმრები სასტიკად არიან ნაცემი. მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველი 8 კაციან ჯგუფთან ერთად, რომელშიც ექიმიც შედიოდა, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. რამდენიმე პატიმარს აღენიშნება მცირე დაზიანება, რომელთა წარმომავლობაც ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწესებულების სამკურნალო ნაწილში ერთი პატიმარია მოთავსებული, რომელსაც აღენიშნება სხეულის მსუბუქი დაზიანებები და თვითდაზიანებები, რომლებიც პატიმრის განცხადებით, ჩამტვრეული მინის გამოყენებით, კარცერში მოთავსების თვითონ მიაყენა საკუთარ თავს“.

სახალხო დამცველის პრესცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სახალხო დამცველი პატიმრებს ესაუბრა და მათი პრეტენზიები მოისმინა. პატიმართა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ქუთაისში გადაყვანის გამო, რადგან მათი ოჯახის წევრები თბილისში ცხოვრობენ და მათ მოსანახულებლად დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ. პატიმრები, ასევე, უჩივიან რეჟიმის შეცვლას.

„რეჟიმის შეცვლას უჩივიან იმიტომ, რომ იციან აღნიშნულ ციხეში რა პირობებში მოუწევთ ყოფნა. პატიმართა ცემის ფაქტს ამჯერად მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - როცა სარემონტო სამუშაოების გამო პატიმრები ქუთაისიდან რუსთავში გადაიყვანეს, მათ ამოისუნთქეს. ყოველთვის ოცნებობდნენ აქედან გადაყვანაზე, რადგან უმძიმეს პირობებში იყვნენ. როცა გადაიყვანეს, იქედან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, ქალბატონო მანანა, არც კი გვინდა იმის წარმოდგენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ უკან დაგვაბრუნებენო. ეს კი ნიშნავს, რომ აქ უმძიმეს პირობებში იყვნენ. მჯერა, რომ ეტაპირებისას ცემის ფაქტს გზაზე ადგილი არ ექნებოდა. ციხეზე კი, რა მოგახსენოთ... დამერწმუნეთ, ქუთაისის ციზეში ჩიტიც ვერ შეფრინდება ისე, რომ არ სცემონ. ბუნებრივია, გადმოყვანილი პატიმრები მე ვერ დამიკავშირდებიან, რადგან კარცერში ჰყავთ. თუმცა, გარწმუნებთ, რომ იქედან ინფორმაცია მალე გამოვა“, - ამბობს ქუთაისის #2  სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.

სახალხო დამცველის კომენტარის დროს  გაჟღერებული ფრაზა, რომ პატიმრები არავის უცემია და მათ თვითდაზიანებები აღენიშნებათ, იმთავითვე გახდა ეჭვისა და ირონიის საფუძველი. „კი მაგრამ, იკითხა ვინმემ, რატომ მიიყენა ამ ხალხმა თვითდაზიანებები? ე. ი. რაღაცა უჭირთ, არა?  მე მგონი, გიჟები არ უნდა იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს, ცემეს თუ ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ თავი უკიდურესად მძიმედ იგრძნონ“, - ამბობს მანანა მანაგაძე.

პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებით  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ქუთაისის ბიუროს მოქალაქეებმა, ციხის გახსნის პირველივე დღეებიდან, არაერთგზის მიმართეს. ქუთაისის #2 საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ადვოკატებიც ხშირად ახმიანებენ. არსებობს ე. წ. სტრასბურგის საქმეებიც, რომელზეც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სხვადასხვა დროს წერდა.

რაც შეეხება 18 ოქტომბერს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებული პატიმრების ცემის ფაქტს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს მოკვლევას და მასალებს მკითხველი უახლოეს დღეებში იხილავს.

ახალი ამბები