კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები თავისუფალი სიტყვის მოთხოვნით გაერთიანდნენ

21 ოქტომბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

დღეს, რეგიონული მედიის ასოციაციისა და ჟურნალისტთა ქსელის ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. ტელეკომპანია „25-ე არხის“ მხარდასაჭერად რეგიონული ჟურნალისტები თბილისში შეიკრიბნენ.

2009 წლის 9 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „25-ე არხს“ 277 547 ლარის გადახდა დააკისრა, რომელიც ტელეარხს ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაუგროვდა. ამ დროს არხი მფლობელებს წართმეული ჰქონდათ. ჟურნალისტები სწორედ ამ ვალების ჩამოწერას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამ ფაქტს დევნად აფასებენ. მათი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების კურსი, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას და ცდილობს ქვეყანაში მედია მაქსიმალურად გააკონტროლოს. 

აქციაზე პოზიციის დასაფიქსირებლად მისული იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. „საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად „25-ე არხთან“ დაკავშირებით, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამ შემთხვავაში იხურება არხი, კიდევ ერთი საშუალება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისა“, - განაცხადა ქორიძემ.

აქციაზე ჟურნალისტების მხარდასაჭერად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა ამოიღოს ხმა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის წინააღმდეგ. ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება არ მიიყვანს საქმეს აჭარაში ერთადერთი თავისუფალი ტელეკომპანიის დახურვამდე.

აქციაში მონაწილეობა პოლიტიკოსებმა მიიღეს. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის, მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკური დევნა და ჟურნალისტებს ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცეთ. მისი განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატებმა უკვე დააყენეს საკითხი პარლამენტში.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი საფრთხე მედიის სხვა საშუალებებსაც შეექმნათ. ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, რადგან ეს დავალიანება ასლან აბაშიძის მმართველობის დროს არავის გახსენებია.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია „25-ე არხი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

ახალი ამბები