კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლების ოპტიმიზაციის ნეგატიური შედეგები

23 ოქტომბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

განათლების სამინისტროს მიერ განხორცილებული სკოლების ოპტიმიზაციის პოლიტიკამ, რომელიც 2005 წლიდან განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბევრი სოფელი სკოლის, ხოლო მოსწავლე განათლების გარეშე  დატოვა.

იმის მიუხედავად, რომ განათლების სამინისტროს მესვეურები სასკოლო სისტემაში გატარებულ ოპტიმიზაციის პროცესს დადებითად აფასებენ, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რაიონებსა და სოფლებში უამრავ მოსწავლეს შეექმნა პრობლემა. დაირღვა მათი ერთ-ერთი ფუნდამენტური, კონსტიტუციით დაცული უფლება - მიიღონ ხარისხიანი განათლება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით ვაუჩერს ზევით 1158 სკოლა ფინანსდება. ეს მცირეკონტიგენტიანი სკოლებია. მათივე განცხადებით, ოპტიმიზაცია განხორციელდა მხოლოდ იმ მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც მოსწავლეთათვის მისასვლელად საჯარო სკოლა ხელსაყრელ მანძილზე მდებარეობდა. თუმცა რა კრიტერიუმით განისაზღვა „ხელსაყრელი მანძილი“ გაუგებარია. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შესწავლილი რამოდენიმე მაგალითი ნათელყოფს, რომ ოპტიმიზაციის პროცესმა მოიტანა რამოდენიმე ნეგატიური შედეგი

ნეგატიური შედეგი #1 - გაზრდილი მანძილი

უმთავრესი პრობლემა რაც რეგიონებში მცირეკონტიგენტიანი სკოლების ოპტიმიზაციას მოჰყვა სკოლებს შორის გაზრდილი მანძილია. მოსწავლეებს და მასწავლებლებს მეზობელ სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებათ. განსაკითრებული დისკომფორტი ოპტიმიზირებული სკოლების მოსწავლეებს ზამთრის პერიოდში ექმნებათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან სოფლებში შეიქმნა.

თიანეთის რეგიონში სოფელ ვერხველის სკოლის მოსწავლეები სოფელ ზარიძეების სკოლაში დადიან. სოფლებს შორის მანძილი 8 კილომეტრია, აქედან 3 კილომეტრი კი ტყეზე გადის.

ქეთი კაკაურიძე - თიანეთის რაიონის პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე: „ჩვენს რეგიონში ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად ტყის გავლა უწევთ. მტაცებლების დასაფრთხობად ისინი შაშხანებს აფეთქებენ. ხშირად ვერც კი ახერხებენ სკოლებში მისვლას“.

ანალოგიური მდგომარეობაა მარტვილის რაიონში სადაც 14 მცირეკონტიგენტიანი სკოლის რეორგანიზაცია განხორციელდა.

ნეგატიური შედეგი #2 - სოფლები მოსახლეობისგან იცლება

სკოლების ოპტიმიზაციის პრობლემით განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე. მას მიაჩნია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად მოსწავლეთა უმეტესობას სწავლა-განათლების უფლება შეეზღუდა. სკოლების ოპტიმიზაციის ანალიზისთვის პროფკავშირების ინიციატივით რეგიონის სკოლებში სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა. საქართველოს 60 რაიონიდან დაახლოებით 1660 სკოლა გამოიკითხა. მანანა ღურჭუმელაძის აზრით შედეგები სავავალოა.

მანანა ღურჭუმელიძე: „ჩვენი ორგანიზაცია რეფორმის საწყის ეტაპზე მხარს უჭერდა სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს. ვფიქრობდით, რომ ეს პროცესი ყველა კონკრეტულ რეგიონში სპეციფიკის გათვალისწინებით წარიმართებოდა. შექმნილი იყო ოპტიმიზაციის კომისია, რომელში ჩვენი ორგანიზაციაც იყო ჩართული. რეფორმა ხორციელდებოდა ლოზუნგით „ხარისხიანი განათლება და უკეთესი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვს“. ჩვენ სწორედ იმას ვითხოვდით, რომ  ყველა რეგიონს  განსხვავებული მიდგომა ესაჭიროებოდა, თუმცა ცალკეული სკოლების პრობლემების შესწავლა არ მოხდა. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, ბავშვებს პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ განათლების უფლება“.

ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავჯდომარე გიორგი ახვლედიანი სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს დანაშაულებრივს უწოდებს. მისი აზრით, თუ სკოლების ოპტიმიზაცია არ შეწყდა 10 წელიწადში სოფლებში აბსოლუტურად გაუნათლებელი თაობები გვეყოლება.

გიორგი ახვლედიანი: „განათლების ამ რეფორმამ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა. საქართველოს სოფლების უმრავლესობა სკოლის გარეშე დარჩა. იმის მაგივრად, რომ თანხების დიფერენციაცია მომხდარიყო და რეგიონის სკოლებისთის მეტი დაფინანსების ვაუჩერი გაცემულიყო, მარტივი გამოსავალი მოძებნეს და სკოლები გააუქმეს. ამას შემდეგ უკვე მეორე პრობლემაც მოჰყვა - მიგრაციის პრობლემა. მოსახლეობა სოფლებს ტოვებს. მათ უნდათ შვილებს ნორმალური განათლება მისცენ, რისი საშუალებაც სოფლებში უკვე აღარა აქვთ. როცა  იმედში ვმუშაობდი წალკაში ამ პრობლემაზე სიუჟეტი გადავიღე. სიუჟეტში ჩანდა როგორ გადის 10 კილომეტრს ერთი სოფლიდან მოსწავლეთა ჯგუფი მეორე სოფლის სკოლამდე მისაღწევად“.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ასეთი მოსწავლეებისათვის 70 სასკოლო ავტობუსია გამოყოფილი. მათივე განცხადებით სკოლები, რომლებიც ავტობუსებს ქირაობენ რიგ შემთხვევაში სამინისტროს და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ ფინანსდებიან.

„ამ ტრანსპორტს ხან საწვავი არ ჰყოფნის, ხან პროფილაქტიკურად გაუმართავია. ხშირ შემთხვევაში სკოლებს არა აქვთ საკმარისი თანხა, რომ ავტობუსების პროფილაქტიკური გამართულობა უზრუნველყონ“, - შენიშნავს გიორგი ახვლედიანი.

რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი სანდრო ჟურული აცხადებს, რომ  სკოლებში ავტობუსების პრობლემა გადაჭრილია. ჩვენს მიერ შესწავლილი მაგალითები აქაც საპირისპიროს მეტყველებენ: - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორის ნუნუ თავაძის განცხადებით, სასკოლო ავტობუსი უკვე 1 წელია არ ფუნქციონირებს და ბავშვებს ისევ ფეხით უწევთ სკოლაში სიარული.

ნუნუ თავაძე: „სასკოლო ავტობუსი, რომლითაც ოთხი სოფლის ჯაპანის, ქვიანის, ჭონაგორის და ჩოლობარგის მოსწავლეები სარგებლობდნენ, მწყობრიდან გამოვიდა და ერთი წელია აღარ მუშაობს. ბავშვებს გადაადგილებისას საფრთხე ექმნებათ. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტის რწმუნებულს გიორგი გოგუაძეს. ის დახმარებას შეგვპირდა, მაგრამ ეს პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია“.

ნეგატიური შედეგი #3 - სკოლებს დავალიანება უგროვდებათ

თბილისში სკოლების ოპტიმიზაციას რეგიონებისგან განსხვავებული პრობლემები მოჰყვა. დედაქალაქის რეორგანიზებულ სკოლებს ძირითადად ფინანსური პრობლემები შეექმნათ. სკოლებს, რომლებსაც ორი ფილიალის შენახვა უწევთ სახელფასო ფონდების და კომუნალური გადასახადების ზრდამ  შეუქმნა პრობლემები. ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლება თბილისის 55-ე სკოლას შეექმნა, რომელსაც ბაგების სკოლა მიუერთეს.

მანანა ღურჭუმელიძე: „ქალაქ თბილისის 55-ე სკოლას ბაგების სკოლა იმ მიზნით მიუერთეს, რომ ეტაპობრივად ბაგების სკოლის ბავშვები 55-ე სკოლაში გადასულიყვნენ, მაგრამ  ბავშვებმა არ დატოვეს ის სკოლა და ამჯერად 55-ე სკოლას უხდება დაახლოებით 35 000 ლარის გადახდა ბაგების სკოლის მოსწავლეების განათლების უზრუნველსაყოფად. ზოგადი განათლების კანონში არის მუხლი, სადაც წერია, რომ იმ სკოლებს რომელიც მცირეკონტიგენტიანია და არ ჰყოფნის ვაუჩერი, განათლების სამინისტრო დამატებით აფინანსებს. რეორგანიზაციის შედეგად 55-ე სკოლას დავალიანება დაუგროვდა, ვეღარ იხდის კომუნალურ ხარჯს, აღარ აქვს ფინანსები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად“.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური აცხადებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც რეფორმის შედეგად შეიქმნა მოგვარების პროცესშია: „რა თქმა უნდა, რეფორმის შედეგად არის ხარვეზები, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ განათლების სამინისტრო მუშაობას ამ პრობლემებზე. 4 წლის წინ ამ პრობლემას მასობრივი სახე ჰქონდა. დღეს კი კონკრეტული შემთხვევებზე გვიწევს საუბარი“.

პრობლემის მოგვარების განსხვავებული ხედვა აქვს გიორგი ახვლედიანს. მისი აზრით, პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა სოფლებში სკოლები აღდგება: „ამ თემას არაერთი ბრიფინგი და განცხადება მივუძღვენით, მინისტრსაც სულ მაგაზე ვესაუბრებით. პირველი მივაღწიეთ იმას, რომ ოპტიმიზაციის პროცესი შეჩერებულია და  განათლების სამინისტერო პირობას იძლევა, რომ აღარ გაგრძელდება. ახლა კი უნდა ვცადოთ და სოფლებში სკოლები უნდა აღვადგინოთ. ამას კი წინ უნდა უძღოდეს ვაუჩერების დაფინანსების დიფერენცირება. მეტი ვაუჩერი მცირეკონტიგენტიან სკოლებს. თუ ეს არ მოხდა, იგივე პრობლემის წინაშე დავრჩებით. ბუნებრივია ხელისუფლება გვეტყის, რომ არ გვაქვს საშუალება, და საიდან მოვიტანოთ ასეთი თანხებიო? ამ მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %  განათლებაზე რომ გამოყონ, (დღეს არის 2,3%) ყველა ამ პრობლემის დარეგულირებას მოვახერხებთ. საუბარია დაახლოებით მილიარდ ლარზე. ფული უნდა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯების შემცირების გზით უნდა მივიღოთ. სწორედ ამის ხარჯზე უნდა გავზარდოთ განათლების დაფინანსება. დღევანდელი ბიუჯეტის 20 %  ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებას ხმარდება, ხოლო განათლების და ჯანდაცვის ბიუჯეტი ერთად 11 %-ია. სულ მინიმუმ პირიქით უნდა იყოს“.

სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს, ყველაფერ ზემოთ აღნიშნულის გარდა უმუშევარი მასწავლებლების რაოდენობის ზრდა მოჰყვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით შეძლებისდაგვარად მიმდინარეობას იმ მასწავლებელთა საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ.

ახალი ამბები