კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები დახმარების მოლოდინში

26 ოქტომბერი, 2009

ოზურგეთში 400-მდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

3 წლის კახა მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს, მას ორი და და ერთი მასზე უმცროსი ძმა, დათა, ჰყავს. პატარა ბიჭუნებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ისინი უნარშეზღუდულები არიან.

ფხაკაძეების ქონებას ამ ეტაპზე შავთეთრი ტელევიზორი და ელექტროღუმელი შეადგენს. ერთი ოთახი, ჩაცვენილი იატაკი, ორი საწოლი და რამდენიმე ერთეული ძველი ჭურჭლეული, - ასე გამოიყურება ხათუნა ფხაკაძის დროებითი საცხოვრებელი. 

ხათუნა თავის შვიდსულიან ოჯახთან ერთად 17 წელია ქირით ცხოვრობს და დღემდე ელოდება დახმარებას  ხელისუფლებისგან.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მონაცემებით, ოზურგეთში უკიდურეს გაჭირვებაში 400-მდე ბავშვი ცხოვრობს. პრობლემის გამომწვევი მიზეზი მშობლების დაუსაქმებლობაა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლის, ნანა მჟავიას განცხადებით, ბავშვების სიღარიბის ძირითადი მიზეზი სწორედ უმუშევრობის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია.

„ბუნებრივია უმუშევარ მშობლებს არ აქვთ საშუალება, მოაგვარონ ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიცაა შვილების სრულფასოვანი კვება და მატერიალური უზრუნველყოფაა. ეს კი ჯანმრთელობასთან და ფსიქიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის გამო უამრავი ნიჭიერი ბავშვი, თავისი უნარის რეალიზაციას ვერ ახდენს“, - ამბობს მჟავია.

გაეროს ბავშვთა ფონდის  მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა 28 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო 12% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. კახა, დათა და მათი დები სწორედ იმ 12%-ს წარმოადგენენ, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იზრდებიან. 

ფხაკაძეების ოჯახის ბიუჯეტი თვეში 299 ლარია. როგორც ბავშვების 34 წლის დედა ამბობს, ბავშვებს წამალი ყოველდღიურად სჭირდება, ამას ემატება ბინის ქირა, საკვები და მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ახალგაზრდა დედა ყოველდღე ერთი ინსტანციიდან მეორეში დადის და დახმარებას ითხოვს, რათა ძვირადღირებული წამლების შეძენა და ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასაჟების გაკეთება უზრუნველყოს.

„საკვებს ვიკლებ, რომ ბავშვები ორ თვეში ერთხელ ქუთაისში, ექიმთან წავიყვანო. თუმცა, ამჯერად ვერ ვახერხებ, რადგან ექიმისთვის 750 ლარი მაქვს მისაცემი. ჩვენი ყოველდღიური საკვები შემწვარი კარტოფილი, უხორცო წვნიანი და პურია. ხორცს, რომელიც ჩემი შვილებისთვის აუცილებელია, თვეში ერთხელაც ვერ ვყიდულობ“, - ამბობს ხათუნა ფხაკაძე.

„მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარება ორ თვეში შემიწყდება, ამ ეტაპზე ვერც სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილ დახმარებას ვიღებ. 2007 წლის დეკემბერში, როგორც იქნა, მოვხვდი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ჩამონათვალში, 20 დეკემბერს დახმარება დამენიშნა, თუმცა 21 დეკემბერს, ანუ მეორე დღესვე შემიწყდა, რადგან კახა შემეძინა. ეს დღე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, კახასაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს რაც დათას, ცერებრალური დამბლა და თავში ფსევდო-კისტა.

სასოწარკვეთილმა ისევ სხვადასხვა სამსახურებს მივმართე. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მითხრეს, რომ ერთი წელი გასაჩივრების უფლება არ მქონდა, აუცილებლად მჭირდებოდა ეს დახმარება და უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრს გავუგზავნე წერილი, რის შემდეგაც დახმარება აღმიდგინეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისევ დროებით“, - ყვება ხათუნა ფხაკაძე.

„საარსებო ფულადი შემწეობის დანიშვნის მიზნით, ხათუნა ფხაკაძის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების სოციალურმა აგენტმა. ვიზიტის დროს ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო (ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება) სოციალური აგენტის მიერ შეივსო ოქმი სოციალური დახმარების დანიშვნის შეჩერების შესახებ. დეკლარაციის დამუშავების შემდეგ ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 86120. ამის შემდეგ ოჯახში ისევ განახორციელა აგენტმა ვიზიტი და დეკლარაციის შევსების საფუძველზე მიმდინარე წლის იანვრიდან ოჯახს დაენიშნა საარსებო ფულადი შემწეობა“, - აღნიშნულია წერილში რომელიც ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღო.

ერთი თვეა დახმარება ფხაკაძეების ოჯახს ისევ შეწყვეტილი აქვს, მიზეზი საცხოვრებელი ადგილის ცვლილებაა. ოჯახმა ბინის ქირის გადახდა ვერ შეძლო და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, სწორედ ეს გახდა დახმარების ხელახლა შეწყვეტის მიზეზი.

„დათას სამკურნალოდ ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. იაშვილის კლინიკის ექიმები მაიმედებენ, რომ თუ მას მრავალწლიან, ხანგრძლივ მკურნალობას ჩავუტარებ, 8 წლის ასაკში შეიძლება სიარული შეძლოსო“, - ამბობს ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ ოჯახს არც ბანკის დავალიანების გადახდა შეუძლია.

მსოფლიო ბანკის დაშვებებით, ჯანდაცვის სექტორში სწრაფმა პრივატიზაციამ და რისკების გადანაწილების არასათანადოდ ორგანიზებულმა ფორმებმა შესაძლოა გაახშიროს ნაღდი ანგარიშსწორება და ოჯახებს მოუწიოთ ჯანდაცვაზე კატასტროფულად დიდი ხარჯების გაღება. მთავრობამ სასურველია განიხილოს ბავშვებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენის მეშვეობით, როგორც ამას ადგილი აქვს უკიდურესად ღარიბების შემთხვევაში.

ხათუნა ფხაკაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარებისთვის მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა. ის უნარშეზღუდული სტატუსის მქონე პირთა და უსახლკარო შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილ დახმარებებს ითხოვდა. დახმარება რომ ვერ მიიღო, გურიის გუბერნატორს შეხვდა, რომლიმაც, როგორც თავად აცხადებს, ასეთი პასუხი გასცა: - „ჯერ დევნილები უნდა დავაბინავოთ და მერე მოგხედავთო“.

ფხაკაძემ დახმარებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დავალება მიიღო, შეესწავლა აღნიშნული ოჯახი და პასუხი როგორც განმცხადებლისთვის, ისე ადმინისტრაციისთვის ეცნობებინა.

ფხაკაძეებმა გამგეობიდან ასეთი შინაარსის წერილი მიიღეს: „თქვენი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ თავშესაფარს და ინვალიდი ბავშვისთვის დახმარებას, გაცნობებთ, რომ თქვენ გასულ წელს გაგეწიათ დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 15 ივნისს ინვალიდი ბავშვისთვის 250 ლარის ოდენობით. თქვენ იღებთ ყოველთვიურ დახმარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მრავალშვილიანთა პროგრამიდან 100 ლარს ... რაც შეეხება საბინაო პირობებს, იგი შემოწმდა მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო შეჭირვებულ პირთა (ოჯახთა) სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მიერ და დასკვნა გეცნობებათ კომისიის მუშაობის შედეგების შეჯამების შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს გამგებლის პირველი მოადგილე ლავრენტი ქვილორია აწერს.

როგორც ქვილორია აცხადებს, კომისიის წევრები იმსჯელებენ და თუ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ოჯახი დახმარებას მიიღებს.

ექსპერტი საბიუჯეტო საკითხებში, ლევან ჩხაიძე არსებული კრიტერიუმებს უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ ისინი დასახვეწია. მისი აზრით კრიტერიუმების განსაზღვრის გარდა არსებობს ინფორმაციის საჯაროობის პრობლემაც.

ექსპერტის განცხადებით ფხაკაძეების ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უსახლკარო შეჭირვებულ ოჯახთა დახმარების პროგრამა წლებია არსებობს. მას რომ ეს ინფორმაცია დროულად მიეღო ოჯახი წლების წინ შეძლებდა საცხოვრებელი ფართის მიღებას.

ახალგაზრდა დედას ყველაზე მეტად მოახლოებული ცივი ზამთარი აშინებს.

ახალი ამბები