კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მომხმარებლებს აყაჩაღებს

29 ოქტომბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ენერგოკომპანია, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მომხმარებლებს თანხას კომუნალური მრიცხველების ჩვენებით ახდევინებს. ათიათასობით აბონენტს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის გარდა, დამატებით 5, 10 ან მეტი ლარის გადახდა უწევს. ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიის ამგვარ მუშაობას, იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მუშაობაც“ კი უწოდა. კომუნალური მრიცხველების არსებობა რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. აბონენტებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო, დამატებით დარიცხულ თანხებს ვერ იხდიან, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე 2008 წლის დეკემბერში გაიყიდა და 2008 წლის იანვრიდან მას ლიტვური „ახემა ჯგუფი“ ფლობს. ინვესტორს კახეთის რეგიონის სოფლებში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2009 წლის 01 ივლისიდან უნდა დაეწყო. პირველ ეტაპზე, ანუ 2009 წლის 31 დეკემბრამდე ენერგოკომპანია საკუთარი ხარჯებით 10 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებას გეგმავდა და ამისათვის 2 მილიონ 200 ათასი ლარის დახარჯვას აპირებდა. კახეთის ენერგოკომპანიის 30 ივნისის ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება რეგიონის ყველა სოფელს უნდა შეხებოდა და საჭირო სამუშაოების თანხა მთლიანად ენერგოკომპანიას უნდა დაეფარა, თუმცა ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ რეგიონში სულ 122 ათასი აბონენტი ჰყავს და აქედან ინდივიდუალური მრიცხველი მხოლოდ 31 ათას აბონენტს აქვს. დანარჩენი, 91 ათასი აბონენტი ამ დრომდე საერთო კომუნალური მრიცხველებით სარგებლობს, რის გამოც ისინი ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველების ჩვენებით იხდიან.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, კომპანია, მომხმარებლებისგან თანხის საუბნო მრიცხველების ჩვენების მიხედვით ამოღებას სემეკ-ის დადგენილების საფუძველზე ახდენს. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სემეკ-მა „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ე. წ. კომუნალური მრიცხველებით მოქმედების ვადა 2014 წლის 01 იანვრამდე გაუგრძელა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, ვადის გაგრძელება იმის გამო მოხდა, რომ ენერგოკომპანია მოკლე დროში აღრიცხვის კვანძსა და ქსელს მასობრივად ვერ აწესრიგებს. „სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადეს სემეკში.

საერთო მოხმარების მრიცხველებით მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის უფლება სემეკმა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ პირველად 2005 წლის 29 ნოემბერს მიანიჭა. დადგენილების ვადა 2008 წლის 01 ივლისამდე განისაზღვრა და კახეთის მასშტაბით დარჩენილი გამართული ინდივიდუალური მრიცხველების არმქონე მომხმარებლებზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ხელმძღვანელობამ საერთო მრიცხველებით სარგებლობა ყველას მოსთხოვა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მართალია აბონენტებს ინდივიდუალური მრიცხველები აქვთ, თუმცა ხელსაწყოები ძველი ტიპისაა,  გამართულად არ მუშაობს და „ინდივიდუალურ მრიცხველად არ ითვლება“. ენერგოკომპანიის ეს განმარტება, რომ ძველი მრიცხველი ინდივიდუალურ მრიცხველად არ ითვლება, საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება, თუმცა კომპანიას ეს მომენტი თვითნებურად მოქმედებაში ხელს არ უშლის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ენერგოკომპანიას მომხმარებლების საცხოვრებელ სახლებთან დამონტაჟებული ძველი ტიპის ინდივიდუალური მრიცხველების გაუმართაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს.

სემეკ-ის იმავე დადგენილებით, ენერგოკომპანიას მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გარკვეული ვალდებულებებიც ეკისრება. მაგალითად, „მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმოს მომხმარებლის კუთვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობა და აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს აქტი ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულობის ან გაუმართაობის შესახებ. თუ კომპანიამ ერთი კვირის ვადაში არ შეამოწმა და არ შეადგინა შესაბამისი აქტი, მრიცხველი ითვლება გამართულად. თუ მრიცხველი გამართულია, მომხმარებელი გადის საერთო მრიცხველით რეგულირების სფეროდან და კომპანია ვალდებულია მომხმარებელზე დახარჯული ელექტროენერგიის დარიცხვა ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენების შესაბამისად აწარმოოს“.

ანა პილავოვა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომხმარებელი: „კომპანიას ჩემი კუთვნილი ინდივიდუალური მრიცხველის გამართულობის შემოწმების მოთხოვნით 2008 წლის 19 დეკემბერს მივმართე. მოთხოვნა წერილობითი სახით „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ რეგიონალური ოფისის მისამართზე ფოსტით გავაგზავნე. წერილი ადრესატს რამდენიმე დღეში ჩაბარდა, მაგრამ მრიცხველის გამართულობა არავის შემოწმებია. სემეკ-ის დადგენილებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ინდივიდუალური მრიცხველი გამართულად ითვლება. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიის გადასახადს ისევ საუბნო მრიცხველის ჩვენებით მახდევინებენ“.

გუგულა რაქვიაშვილი, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მომხმარებელი: „ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომელსაც სახელმწიფო მაძლევდა. დახმარება ამჯერად შეწყვეტილი გვაქვს. ჩემს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ძლივს მოვახერხე და დამატებით კიდევ თანხებს მედავებიან, რომლის გადახდის საშუალებაც არ მაქვს. რამდენჯერმე ვთხოვე ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს, რომ ენერგოპატრული მოეწვიათ და გაერკვიათ, ვინ მოიხმარს ელექტროენერგიას მრიცხველის გარეშე, საიდან არის გარღვევა, მაგრამ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია ფული ამოიღონ“.

სემეკ-ის ამავე დადგენილების თანახმად, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შევიდეს საერთო მოხმარების მრიცხველის ჩვენება, ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები და თითოეული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს გადახდის ქვითარს, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მოცემული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართი. სემეკ-ის ეს მოთხოვნებიც არ სრულდება. მომხმარებლები ელექტროენერგიის გადასახადს სოფლებში, „სახალხო ბანკის“ მოლარეებთან იხდიან. „სახალხო ბანკის“ მიერ გაცემულ ქვითარში კი მხოლოდ მომხმარებლისთვის დარიცხული თანხის ოდენობაა მითითებული. სოფლად მცხოვრებ აბონენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ისეთი ქვითრის მიღება, სადაც ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის და სრული დავალიანების ოდენობებია მითითებული, თუ რაიონულ ცენტრში ჩავა და ენერგოკომპანიის სერვის-ცენტრს მიმართავს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სერვის-ცენტრებში ქვითრების გაცემა, რაზედაც მომხმარებელთა პრეტენზიების განმხილველი სამსახურის მისამართია მოცემული, 2009 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს. იქიდან გამომდინარე, რომ სემეკ-ი და ენერგოომბუდსმენის ოფისი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისშია განთავსებული, უკმაყოფილო მომხმარებლები ამ სამსახურებს საჩივრებით ვერ მიმართავენ.

დროებითი წესის მე-8 მუხლი ადგენს, რომ „მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის მიერ დავალიანების მქონე აბონენტის გათიშვა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად“. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ კი სხვა მოთხოვნებთან ერთად ხშირ შემთხვევაში ამ მოთხოვნასაც არღვევს. ენერგოკომპანია დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში არა მხოლოდ ერთ მომხმარებელს უწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას, არამედ მთლიანად უბანს ან ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ერთი საუბნო მრიცხველით სარგებლობს. სემეკ-ის დადგენილებით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“, დასვენების ან მათ წინა დღეს, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ეკრძალება. კომპანია არც ამ ვალდებულებას ასრულებს.

სემეკ-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხება გამრიცხველიანების პროცესის ჩავარდნას, ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟანა დიდებაშვილმა განაცხადა, რომ გამრიცხველიანების პროექტი არ ჩავარდნილა. „პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: აბონენტების მოკვლევა, კონტრაქტორების შერჩევა, მასალებისა და სპეცტრანსპორტის შეძენა თანამშრომლების სპეცინსტრუმენტებით აღჭურვა და შემდეგ გამრიცხველიანება. პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე 10 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება მოხდება. 2014 წლის დასაწყისში კი რეგიონი მთლიანად გამრიცხველიანებული იქნება“, - აღნიშნა ჟანა დიდებაშვილმა.

ახალი ამბები