კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოში პროტესტის მიძინებული ვულკანი გააღვიძა

30 ოქტომბერი, 2009

კობა ლიკლიკაძე

შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის სახელი შესაძლოა სულ მალე საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობის დროშად იქცეს. საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში მართავდნენ მრავალათასიან დემონსტრაციებს, კვლავ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს (www.civil.ge, 2 ოქტომბერი)

ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა თემაზე: თუ როგორ უნდა „გათავისუფლდეს საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან, რომ ხალხმა შესძლოს ნამდვილად ეროვნული, ანგარიშვალდებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელობის არჩევა“ („ინტერპრეს-ნიუსი“, 2 ოქტომბერი).

ტალიავინის დასკვნის კვალდაკვალ, სააკაშვილის გადადგომას ითხოვს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, დასკვნაში ომის დაწყება საქართველოს ბრალდება და ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუკი „ამ ავანტიურის ავტორი და შერცხვენილი მთავარსარდალი სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ“. („პრაიმ-ნიუსი“, 2 ოქტომბერი) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ერთიანი ფრონტის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფმა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გამიჯვნაზე განცხადება გააკეთა მოძრაობამ „დაიცავი საქართველო“, რომლის ლიდერიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა. („ინტერპრეს-ნიუსი“, 3 ოქტომბერი); ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთ-ერთი პოპულარული ძალის „ეროვნული ფორუმი“-ს ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კი ღიად აცხადებს, რომ „დადგა დრო სააკაშვილი მოვიცილოთ ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი იარაღით, რაც ხელში მოგვხვდება“. (გაზეთი „ასავალ-დასავალი“, 5-11 ოქტომბერი)

თუმცა, რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის იდეას საქართველოში ყველა ოპოზიციური ძალა მხარს არ უჭერს. ამ ბანაკშია „ახალი ალიანსი“-ს ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომელიც მომავალ შემოდგომაზე აპირებს ბრძოლას თბილისის მერობისათვის. ალასანია ასევე უერთდება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის კომისიის დასკვნა უმძიმესია საქართველოს პრეზიდენტისთვის. „ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ ცეცხლი გაეხსნა ცხინვალისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი როგორც თავისუფალი ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დააყენა“, - განაცხადა პირველ ოქტომბერს „ალიანსმა საქართველოსთვის“, რომელსაც ირაკლი ალასანია უძღვება. გაერთიანებამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის შექმნილი ანგარიში ”შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის“.

„მთავრობა უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - დასძინა მან (www.civil.ge, 2 ოქტომბერი).

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს პირადად არ უპასუხოს ოპოზიციის ბრალდებებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა, რომელმაც დაადასტურა, რომ „ომი რუსეთმა 7 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ხოლო საქართველომ სამხედრო მოქმედებების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დაქირავებულმა მეომრებმა და რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს“. („ინტერპრეს-ნიუსი“, 3 ოქტომბერი). საქართველოს მოსახლეობისადმი გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნას მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კვლავ გააკეთებდა იმას, რაც შარშან 7 აგვისტოს გააკეთა, როდესაც ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. „რადგან ის ქვეყნები, რომლებმაც არ გაისროლეს, რუკიდან გაქრენ. ერთი წამითაც არ ვნანობ და ვამაყობ იმით რაც მოხდა. ასე რომ, ჩვენ არავის ჭკუის სასწავლებელი არ გვჭირს არაფერი. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდა საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს ბრძოლას“, - 2 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა („იმედი“, 2 ოქტომბერი).

ოპოზიციის პასუხად, რომელიც კვლავ ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, საქართველოს ხელისუფლება „პიარს“ აძლიერებს და სულ უფრო მეტს საუბრობს დემოკრატიულ რეფორმებზე, ოპოზიციასთან დიალოგზე და ეკონომიკურ რეფორმებზე. საქართველოს პრეზიდენტმა განაახლა ოპიზიციის ნაწილთან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, 2 თვის წინ ჩაატარა. („ინტერპრეს-ნიუსი“, 11 სექტემბერი).

საქართველოს კონტროლირებადი ტელე-არხები კი უფრო დიდ დროს უთმობენ მთავრობის ანტი-კრიზისულ საქმიანობას, რომლის ცენტრშიც ყოველთვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას. ოპოზიცია ჩივის, რომ ნაციონალური ტელეარხები მიზანმიმართულად ახდენენ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას და მას რუსეთის „მეხუთე კოლონად“ წარმოაჩენენ (The Guardian 7 ოქტომბერი).

და არა მხოლოდ ოპოზიციას. ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც ომის დამწყებად საქართველოს ხელისუფლება დაასახელა, საქართველოში კონტროლირებადმა ტელე-არხებმა არა ერთი სიუჟეტი მიუძღვნეს კომისიის წევრ, გერმანელ პროფესორ ოტო ლუჰდენჰარდტს, რომელმაც არაობიექტურ დასკვნაში თურმე „გაზპრომი“-საგან დიდი ჰონორარი მიიღო („ექსპრეს-ნიუსი“, 6 ოქტომბერი).

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადმა მედია-საშუალებებმა გასულ კვირაში „გაზპრომ“-თან გარიგებაში დაადანაშაულეს არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის გერმანელი წევრი, არამედ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვალტერ შტაინმაიერიც („ექსპრეს-ნიუსი“, 6 ოქტომბერი) ამას კინაღამ დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს კატეგორიულად მოსთხოვა „უარეყოთ სპეკულაციები“ და „გაესწორებინათ ყალბი ინფორმაცია“ (www.civil.ge, 7 ოქტომბერი).

თუმცა, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აღორძინებისა და რეფორმებისთვის კვლავ განაგრძობენ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ 900 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო. („თავისუფლება“, 8 ოქტომბერი) საქართველოს ოპოზიცია მიესალმება ევროპისა და ამერიკის უხვ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ერთი დათქმით - „დროა დასავლელმა გადასახადის გადამხდელებმა განაცხადონ, რომ მათ არ სურთ მათი ფული ავტორიტარიზმის მხარდაჭერისთვის იხარჯებოდეს. დროა სააკაშვილმა იმ ქმედებებისთვის გადაიხადოს, რაზეც ის პასუხისმგებელია და წავიდეს“ (The Guardian 7 ოქტომბერი).

ორიგინალი:
http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews[tt_news]=35656&tx_ttnews[backPid]=7&cHash=f544ac53df 

წყარო: Foreignpress.ge

ახალი ამბები