კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტალიავინის დასკვნას ჰააგამდე მივყავართ?

30 ოქტომბერი, 2009

რომან აფაქიძე

არსებობდა მოლოდინი, რომ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა პოლიტიკურ ოპოზიციას ახალი საპროტესტო აქციების ორგანიზების საშუალებას მისცემდა, თუმცა ასე არ მოხდა. ეს დასკვნა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისათვის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნამაც არაერთხელ გაიჟღერა, თუმცა თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმაც კი ეს დასკვნა საპროტესტო მოძრაობის დასაწყებად არ ან ვერ გამოიყენეს.

უფრო რეზონანსულიდა ალბათ ქმედითიც ეს დასკვნა საერთაშორისო ასპარეზზე აღმოჩნდა - ჩვენი ევროპელი მეგობრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართული და რუსული მხარის გულგრილობის გამო, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებები 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საქმეში იჩენს და სურთ, რომ გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ წარიმართოს. ეს გზა კი ჰააგისკენ მიდის და არ არის გამორიცხული დღეს პრეზიდენტის თუ მინისტრების სავარძლებში მჯდომმა ადამიანებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს სავარძლებსაც გაუსინჯონ სიმყარე.


„ევროსაბჭოს ასამბლეა მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს დაიწყოს საქმის წინასწარი მოსმენა და გამოძიებულ იქნას ადამიანის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს მხარეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები და გამოკვლეულ იქნას ომის შედეგები“, - წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში # 1683, „ომი რუსეთსა და საქართველოს შორის - ერთი წლის შემდეგ.

რეზოლუცია 29 სექტემბერს (ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე) გადაეგზავნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მიიღებს თუ არა ჰააგის სასამართლო საქმეს წარმოებაში მალე გახდება ცნობილი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოუწევთ თუ არა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგომა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი არ არის მიერთებული ჰააგის ხელშეკრულებას, ხოლო საქართველო ვალდებულია ყველა საჭირო ცნობა მიაწოდოს საგამოძიებო ჯგუფს და მისი მუშაობისთვის სათანადო პირობები შექმნას. შესაბამისად, ქართული მხარის „გულგრილობა გამოძიებისადმი“, რომელზეც ევროსაბჭოს რეზოლუციაშია საუბარი, შეიძლება შესაბამისი თანამდებობის პირებს ძვირად დაუჯდეთ.

არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ოპოზიცია სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებას ელოდება. ხელისუფლება კი წინმსწრებად აკეთებს „თავდაცვით“ განცხადებებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დაიწყო აპელირება ტალიავინის დასკვნის იმ ნაწილზე სადაც საუბარია იმაზე, რომ „ომი რუსეთმა 7 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ხოლო საქართველომ სამხედრო მოქმედებების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დაქირავებულმა მეომრებმა და რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს“. ტალიავინის დასკვნის ამ ნაწილმა სააკაშვილს საშუალება მისცა განეცხადებინა, რომ ის იგივე სიტუაციაში (რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალის შემოყვანა) ისევ გასცემდა ცეცხლის გახსნის ბრძანებას. „ერთი წამითაც არ ვნანობ და ვამაყობ იმით რაც მოხდა. ასე რომ, ჩვენ არავის ჭკუის სასწავლებელი არ გვჭირს არაფერი. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდა საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა 2 სექტემბრის სატელევიზიო გამოსვლაში. სხვა საქმეა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იქცევა მის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად. საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველდღიურად საუბრობს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო ძალის შემოსვლაზე (ამის დასტურად გამოდგება ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებები გალში დამატებითი რუსული სამხედრო შენაერთების შეყვანის თაობაზე), თუმცა ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება აგვისტოს შემდეგ არავის გაუცია.

პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ნათლად მიუთითებს ევროპელი პარტნიორებისთვის სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის დევალვაციაზე. საექსპერტო საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰააგის სასამართლოში საქმის გადაგზავნით ევროპამ სააკაშვილის კონტროლის ახალი ბერკეტი შეიძინა. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ეს მოსაზრება ძნელი სათქმელია, რადგან ევროპული ქვეყნები განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას, ფინანსური თვალსაზრისით მაინც. ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე თავის სტატიაში „ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოში პროტესტის მიძინებული ვულკანი გააღვიძა“ აღნიშნავს, რომ „გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აღორძინებისა და რეფორმებისთვის კვლავ განაგრძობენ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ 900 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო“.

ისიც აღსანიშნავია, რომ დასავლურმა მედიამ უკვე არაერთხელ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ევროპა აღარ ახდენს საქართველოს ხელისუფლების იდენტირებას საქართველოსთან და მათი მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერა მისი ხელისუფლების მხარდაჭერად არ უნდა აღვიქვათ.

   

ახალი ამბები