კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე მასწავლებლები და ექიმები „აფხაზურ პასპორტებს“ აიღებენ

30 ოქტომბერი, 2009

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ანუ ოკუპირებულ გალის რაიონში მომუშავე მასწავლებლებსა და ექიმებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დავალებით „აფხაზური პასპორტის“ აღებას აიძულებენ. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლის მასწავლებელმა აცნობა. როგორც რესპოდენტი იტყობინება, მასწავლებლებს „აფხაზური პასპორტის“ ასაღებად ვადა ნოემბრამდე მისცეს. მანამდე კი მათ სხვადასხვა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. პასპორტის ღირებულება 300 რუსულ რუბლს შეადგენს. გარდა ამისა მასწავლებლებმა ნოტარიუსს საბუთების დამტკიცებისთვის 150 რუსული რუბლი უნდა გადაიხადონ.
 
ასეთივე მდგომარეობაში არიან გალის რაიონში მომუშავე ექიმებიც. მათაც, როგორც მასწავლებლებს „აფხაზური პასპორტის“ იძულებით მისაღებად ვადა ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს და უთხრეს, რომ თუ ისინი ამ დოკუმეტს არ აიღებენ სამუშაო ადგილებს და აფხაზეთში ცხოვრების უფლებას დაკარგავენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში სოფელ ოტობაიას საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, რომ „აფხაზური პასპორტი“ დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა აიღონ. რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი გვითხრა, გვიყვება, რომ წინასაარჩევნოდ ოკუპირებულ სოფლებში ვითარება შეიცვალა და შესაძლოა მოსახლეობასაც იძულებით ააღებინონ „აფხაზური პასპორტი“.

ჩვენი მორიგი რესპოდენტი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს ამბობს (რუსეთის მოქალაქეა), რომ მისთვის აფხაზური პასპორტის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და ეს დოკუმენტი არც სჭირდება. გალელი ქალბატონის თქმით მისმა შვილმა მიაკითხა გალის საპასპორტო განყოფილებას, სადაც მას პასპორტის გაცემაზე უარი უთხრეს. მიზეზად კი სხვადასხვა დოკუმენტების არქონა დაუსახელეს.
 
სამეგრელო–ზემო სვანეთში, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა გალის რაიონში მომუშავე მასწავლებლებისა და ექიმების მსგავსად აცხადებს, რომ აფხაზური პასპორტიზაციის პროცესი, დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. კილანავას ინფორმაციით, გალის მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ ამ დოკუმენტის გარეშე ისინი ვერ გადაკვეთენ ე. წ. საზღვარს და ვერ მიიღებენ ხელფასებს. კილანავას განცხადებით, მოსახლეობა იძულებული გახდება „აფხაზური პასპორტი“ აიღოს.

ცნობისათვის: ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. „აფხაზური პასპორტის“ აღებას კი გალის რაიონში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დავალებით აიძულებენ, რადგან კილანავას თქმით ბაღაფს კვლავ გალელი მოსახლეობის ხმების იმედი აქვს პრეზიდენტად მეორედ არჩევისთვის.

ახალი ამბები