17:31, Thursday, 02.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რეგიონული სატელევიზიო კოშმარები

03.11.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

2009 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“- ის გადაცემა „Connect The World“-ში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს. მისივე თქმით, არის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოში სულ 45 ტელეკომპანიაა რეგისტრირებული. ამ სიაში არ შედის საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია. ნაციონალური ტელევიზიებიდან, რომლებიც მთელს საქართველოში მაუწყებლობენ, პოლიტიკური თოქ-შოუ მხოლოდ „რუსთავი 2“-ს აქვს. გადაცემა „პოზიცია“, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი ნინო შუბლაძეა, ეთერში კვირაში ერთხელ, პარასკევს გადის. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები 30 პროცენტით შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და 70 პროცენტით „Degson Limited“-ი არიან. ეს უკანასკნელი ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამავე კუნძულებზეა რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, რომელიც ტელეიმედის 100 პროცენტიან წილს ფლობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი, რომელმაც საქართველოში მედიის მფლობელობის საკითხებზე კვლევა ჩაატარა, ამბობს, რომ ისეთი დონის აფერისტობა, რაც საქართველოში ნახა, არსად უნახავს.

„არსად, არც ევროპაში და არც დასავლეთში არ შემხვედრია ფაქტი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი და ნაციონალური ტელეკომპანიების დამფუძნებელი ორგანიზაციები რეგისტრირებული იყოს ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე იმ მისამართზე, სადაც მხოლოდ საფოსტო ყუთი დგას. ევროპაში ამის საწინააღმდეგოდ ნორმატიული აქტიც კი არ არსებობს, რადგან ასეთ აფერისტობას არცერთი ქვეყანა არ მიმართავს“, - ამბობს უცხოელი ანალიტიკოსი.

პოლიტიკური თოქ-შოუები აქვთ ტელეკომპანიებს „კავკასია“ და „მაესტრო“. ამ ტელევიზიების ეთერში განსხვავებული აზრის გამოთქმას არავის უკრძალავენ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ „კავკასია“ და „მაესტრო“, ძირითადად, მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობენ. „მაესტროს“ გადაცემების ტრანსლირებას რეგიონებში მოქმედი საკაბელო ტელევიზიებიც ახდენდნენ, მაგრამ გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, როცა „მაესტრო“ თბილისში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მაგალითად, რუსთავსა და ახმეტაში საკაბელო ტელევიზიებმა „მაესტროს“ ჩვენება შეწყვიტეს. „მაესტროს“ ტრანსლირების შეწყვეტა საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელებმა მაშინ უამინდობით და ტექნიკური პრობლემებით ახსნეს. მას შემდეგ 7 თვე გავიდა, რეგიონებში კი „მაესტროს“ ჩვენება ისევ შეწყვეტილია. „მაესტროს“ დირექტორი მამუკა ღლონტი ამის მიზეზად საკაბელო ტელევიზიების ხელმძღვანელებზე ხელისუფლებისა და ძალოვანების მხრიდან ზეწოლას ასახელებს.

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ 27 ტელეკომპანიას შორის რეგიონული მაუწყებლებიც არიან. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ტელეკომპანიაა სახელმწიფო საკუთრებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახმეტის ტელევიზიის დამფუძნებელი ახმეტის რაიონის გამგეობაა და მთლიან წილსაც მუნიციპალიტეტი ფლობს.

იურიდიულად დამოუკიდებელია ლაგოდეხის ტელეკომპანია, რომლის მფლობელიც შპს „ეკომია“, თუმცა ტელევიზია დაფინანსებას მუნიციპალური ბიუჯეტიდან იღებს. ლაგოდეხის ტელევიზიის თავისუფლების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ ფინანსებზე, რითაც მედიაორგანიზაცია არსებობს. საბიუჯეტო თანხებზე კი ხელი მხოლოდ ხელისუფლებას მიუწვდება და მედიაორგანიზაციას მხოლოდ პროპაგანდის შემთხვევაში აფინანსებს.

ლაგოდეხის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებისგან დიდად არ განსხვავდება ტელეკომპანია „გურჯაანის“ მიერ მომზადებული ახალი ამბებიც. ტელეკომპანიის დამფუძნებელი ამ შემთხვევაშიც კერძო პირი, თამარ აბელაშვილია, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას გურჯაანის ტელევიზიაც იღებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სარეკლამო მომსახურებისათვის, შპს ტელეკომპანია „გურჯაანს“ ერთი წლის განმავლობაში 24 ათას ლარს აძლევს. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდუსერის ზვიად რუაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების სარეკლამო მომსახურების მიუხედავად, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გურჯაანის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში გამგეობის მიერ დაფინანსებული სიუჟეტები რეკლამის ნიშნით არ გადის. ტელეკომპანიას თოქ-შოუს სტილში ორი გადაცემაც აქვს. ორივე პროექტს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, თუმცა გადაცემების თავისუფლების ხარისხი ამ შემთხვევაშიც დაბალია. ორივე გადაცემა ძირითადად ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებს აშუქებს. გადაცემის განხილვის თემები არ ხდება რეგიონში არსებული კორუფციის და ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებათ. „გარკვეულწილად, ალბათ, მაინც არსებობს რაღაც თემები, რაზედაც თავს ვიკავებთ ხოლმე. სათქმელს ვამბობთ, მაგრამ ისე მწვავედ არა, როგორც შეიძლებოდა გვეთქვა“, - აღნიშნავს ტელეკომპანია „გურჯაანის“ დირექტორი თამარ აბელაშვილი. დაზუსტებული ინფორმაციით, სტუდია „მონიტორმა“, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საგამოძიებო ფილმებს ამზადებს, ტელეკომპანია „გურჯაანს“ ეთერში გასაშვებად რამდენიმე ფილმი გადასცა, თუმცა ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიებების ჩვენებისგან თავი შეიკავა.

კახეთში კიდევ ორი ტელევიზია არსებობს. საგარეჯოს რაიონის ტელეკომპანია „თვალი“-ს 50 პროცენტი ფიზიკურ პირს, თამარ ქურდოვანიძეს ეკუთვნის. ქურდოვანიძე ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, გია ნაცვლიშვილის დედაა. ამავე დროს ქურდოვანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. საგარეჯოს ტელევიზია ამჟამად მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ტრანსლირებას ახდენს. საკუთარი გადაცემები მას რამდენიმე თვეა აღარ აქვს. რაც შეეხება თელავის ტელევიზიას, მართალია ტელეკომპანია „თანამგზავრი“ მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მაგრამ რეგიონში არსებული კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს დიდ ყურადღებას არც ის უთმობს.

კახეთისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა რეგიონებში ტელეკომპანიების მფლობელები ხელისუფლებასთან უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული. უფრო მეტიც, მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებლები, თანაბარი წილით, ძმები, ჯონდო და ბადრი ნანეტაშვილები არიან. პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ნანეტაშვილი ამჟამად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა; ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე, რომელიც ამავე დროს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტბიუროს წევრია. „თრიალეთის“ მსგავსად „რიონიც“ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. იმერეთში არის კიდევ ერთი ტელეკომპანია, „მეგატივი“, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის. სამეგრელოში მოქმედი ტელეკომპანია „ოდიშის“ ერთ-ერთი მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი ალექსანდრე ქობალიაა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ 40 პროცენტი ცოლ-ქმარ ტრისტან ცუცქირიძეს და მარინა კუპატაძეს ეკუთვნით. ტრისტან ცუცქირიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო მარინა კუპატაძე ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ახალციხეში რეგისტრირებულია ტელეკომპანია „სპექტრი“, რომლის დამფუძნებლებიც არიან: გიორგი მესხელი – საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ამირან მესხელის ძმა; ზურაბ ჩილინგარაშვილი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი; გევორქ საგოიანი – სამცხე ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი და ივანე მერაბიშვილი.

რეგიონულ ტელეკომპანიებს შორის ყველაზე დამოუკიდებელი ტელევიზია „25-ე არხი“, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაყიდვას ჯერ-ჯერობით ძლივს გადაურჩა. აჭარის შემოსავლების სამსახური ტელეკომპანიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაგროვებული დავალიანების გადახდას სთხოვს, სულ 277 547 ლარის ოდენობით. ეს დავალიანება იმ პერიოდში წარმოიშვა, როცა ტელეკომპანია მეპატრონეებს წართმეული ჰქონდათ და მას აბაშიძესთან დაახლოებული პირები მართავდნენ. სასამართლო გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ყადაღა ჰქონდა დადებული, რის გამოც ტელეკომპანია სრულად ვერ მაუწყებლობდა. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მხოლოდ მას შემდეგ მოხსნა, რაც ტელეკომპანიის გადარჩენის მოთხოვნით, მედიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხი განიხილოს. ტელეკომპანია მხოლოდ 70 ათას ლარს აღიარებს, რომელიც ტელეკომპანიის თანადამფუძნებლის, მერაბ მერკვილაძის თქმით, 2006-2009 წლებში დაგროვდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC