კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტიდან ლექტორები გაათავისუფლეს

6 ნოემბერი, 2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 3 ლექტორი გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი ელდინო ჯანგულაშვილი აცხადებს, რომ ის უნივერსიტეტში ფულის საკეთებლად არ ყოფილა მისული და ხელმძღვანელების უკანონო დავალებებს არ ასრულებდა. მისივე თქმით, ამის გამო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი გოცირიძესთან და მის ძმასთან, პაატა გოცირიძესთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს, დაპირისპირება ჰქონდა.

ელდინო ჯანგულაშვილი, ზიზი ლორია და მედიკო მეტრეველი უსამსახუროდ კონკურსის შედეგად დარჩნენ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 10 სექტემბერს ჩატარდა.

„უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადი 2009 წლის 31 აგვისტოს შევიტანე. საკონკურსო განაცხადს თან ყველა საჭირო დოკუმენტი დავურთე. დებულების თანახმად, განცხადების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში სამსახური ამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს წარდგენილი დოკუმენტები სავალდებულო მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია მაძიებელ პედაგოგს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, რაც ჩემთვის არ უცნობებიათ. კონკურსის დროს კი განმიცხადეს, რომ თანამდებობის დასაკავებლად საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაცია არ გამაჩნდა. ქართული ლიტერატურის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო განაცხადი სულ 4 კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი. კონკურსი მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა. კერძოდ, დებულების მე-2 მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრიბციპებს უნდა შეესაბამებოდეს. იმ კონკურსანტებთან გასაუბრება, რომელთა თანამდებობებზე დასაქმებაც წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ფარულად ხდებოდა, რექტორის კაბინეტში“, - აღნიშნავს ზიზი ლორია.

კონკურსის დარღვევებზე საუბრობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდინო ჯანგულაშვილიც. „ვიცოდით, რომ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ვის დაგვტოვებდნენ უმუშევრებს, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა მაინც მივიღეთ. რექტორი გიორგი გოცირიძე და სხვა ხელმძღვანელები ვერ გვიტანენ, რადგან უნივერსიტეტში ფულის საკეთებლად არ ვყოფილვართ. უნივერსიტეტში არსებული კორუფციის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არაერთხელ ვაცნობე, რასაც რექტორი ვერ მპატიობს. არ შემიძლია ის სტუდენტები შევაფასო, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არ დადიან და წლის ბოლოს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელების დავალებით, შეფასებას ითხოვენ“, - ამბობს ელდინო ჯანგულაშვილი. იგი, უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად ადგილობრივ უფლებადაცვით ორგანიზაციაში საქმიანობდა.

სამსახურის გარეშე დარჩენილი პედაგოგები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელის, რექტორის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც უმუშევრები დარჩნენ. დახმარების თხოვნით ისინი სახალხო დამცველს და სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავენ.

პედაგოგების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს უნივერსიტეტის იურისტი პაატა გოცირიძე. მისი განმარტებით, ლორიამ, ჯანგულაშვილმა და მეტრეველმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

ახალი ამბები