კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი კოპალეიშვილი: „ ზამთრის პერიოდში ყველა დევნილს გარანტირებული სითბო ექნება“

6 ნოემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

ზამთრის დადგომა საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის დამატებით პრობლემებს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ზამთრის მოახლოება მოხმარებული ენერგიის რაოდენობის და გათბობის ხარჯების გაზრდას, ზოგადად, ახალი საყოფაცხოვრებო პრობლემების წარმოქმნას უკავშირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დევნილებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს ექმნებათ. სახარბიელო მდგომარეობაში არც პენსიონერები არიან, რომელთა პენსია საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ასევე მცირეკომლიანი სოფლების მაცხოვრებლებს. მოკლედ ზამთრის დადგომას საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მოაქვს პრობლემები. ჩვენ დავინტერესდით აქვს თუ არა სახელმწიფოს, რაიმე განსაკუთრებული პროგრამები შემუშავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მყოფი ადამიანები

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით დღეის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 537,523 ოჯახია რეგისტრირებული. 2006 წლიდან სააგენტომ მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა დაიწყო. დახმარება ერთსულიან ოჯახზე 30 ლარს შეადგენს,  ხოლო ყოველ დამატებულ წევრზე 24 ლარი ემატება.  სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის გივი ჩივიაშვილის განცხადებით, ამ დახმარებაში ხვდებიან ის ოჯახები, რომლებიც სააგენტოს თხოვნით მიმართავენ.

გივი ჩივიაშვილი: „პირველი ეტაპია ოჯახების მომართვა, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ ფორმის განაცხადს ავსებენ.  განაცხადი ბაზაში განთავსდება, ამის შემდეგ სოციალური აგენტების საშუალებით ხდება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. ივსება ოჯახის დეკლარაცია, რომელიც სტატისტიკური მეთოდით დადაგენილ სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს. მასში შედის ოჯახის შემოსავალი, ოჯახის წევრთა ფიზიკური მდგომარეობა, საცხოვრებლის მდგომარეობა, ოჯახის ხარჯები, საკუთრებაში არსებული გარკვეული ქონება. ეს ყველაფერი  კი ერთობლივად სარეიტინგო ქულის დადგენაში მონაწილეობს“.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები ძირითადად ორი ტიპის დახმარებით სარგებლობენ. ეს არის ფულადი დახმარება და სამედიცინო დაზღვევა. დღეს დადგენილი ზღვარით ფულადი დახმარება და სამედიცინო დაზღვევა ეძლევათ იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ 57 001-ზე  ნაკლები ქულა, ხოლო მხოლოდ  სამედიცინო დახმარების ვაუჩერით ის  ოჯახები სარგებლობენ, რომლებმაც 70 000 ქულაზე ნაკლები დააგროვეს.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ფიქრობს, რომ სოციალური მომსახურების ამ პროგრამას თავისი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ცდომილების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს:

„განსხვავება იმ ადამიანებს შორის რომელიც მოხვდა და რომელიც ვერ მოხვდა აღნიშნულ პროგრამაში უმნიშვნელოა. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი რაღაც ავეჯის, ფარდის ან ტელევიზორის ქონის გამო ვერ ხვდება პროგრამაში. ან ბაბუის დანატოვარი სახლი აქვს სოფელში. მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ მას შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნია. ამიტომ  ქრისტიან-დემოკრატების მთავარი მოთხოვნა  იყო ის, რომ აქცენტი არა ქონებაზე, არამედ შემოსავალზე გაკეთებულიყო“.

გივი ჩივიაშვილი კი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მოსახლეობაში გავრცელებული არასწორი მოსაზრებაა: „ცალკე განყენებულად არც ტელევიზორი და არც მაცივარი არაფერს წარმოადგენს. ეს უბრალოდ ნივთებია, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციაში აისახება. თორემ ტელევიზორი რამე ქულას წევდეს არასწორია, მას, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება“.

ზამთრის პერიოდში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარების სოციალური პროგრამა ჩვეულებრივ გაგრძელდება. თუმცა მათ დასახმარებლად რაიმე სპეციალური პროგრამა არ იგეგემება. სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ თუ დამატებით ერთჯერადი პროექტი განხორციელდება სააგენტო თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს.

ქრისტიან-დემოკრატებს სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვთ. მაგდა ანიკაშვილის აზრით, მილიარდ 150 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებისთვისაა გამოყოფილი, არამიზნობრივად ნაწილდება.

მაგდა ანიკაშვილი: „სიღარიბის დაძლევის პროგრამა რაღაც ეტაპზე მართლაც აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ერთდროულად აღმოჩნდა სიღარიბეში. მაგრამ ყოვლად გაუმართლებელია მილიონ ადამიანს ყოველთვიურად აძლიო ფული, რომელიც არაფერში არ ჰყოფნის და ის გახადო აბსოლუტურად არააქტიური. ეს რეალურად არ არის საქმის კეთება. ამის პარალელურად თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა,   ეს უბრალოდ გადაყრილი ფული იქნება“.

დევნილები

სოციალურად დაუცველი პირების გარდა, ზამთარი პრობლემად აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებისთვისაც რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ დევნილებს  გასულ წელს ზამთრის გადასალახავად საცხოვრებლები 2 თვეში აუშენა. ამით პრობლემა მაინც არ გადაჭრილა.

მაგდა ანიკაშვილი: „შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე შიდა ქართლის სოფლებში - წეროვანში, ხურვალეთში, მეტეხში, მოხისში დევნილებისთვის ზამთრის გადატანა იქნება ურთულესი. იმის გამო, რომ ეს სახლები ძალიან სწრაფად აშენდა, ყველა საჭირო პირობა არ იყო დაცული. დაიხარჯა საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? მე თვითონ ნანახი მაქვს ბევრი სახლის კედლები დაბზარულია, ზოგან წვიმა ჩადის, არა არის მოწყობილი ნაგავსაყრელები. ასეთ პირობებში ზამთარში ყოფნა შეუძლებელი იქნება.

ამას გარდა საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ბავშვთა კვების თვალსაზრისით. ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ხდებოდა მათი კვების უზრუნველყოფა. მაგრამ ეს პროგრამა დამთავრა და ჩვილი ბავშვები პრაქტიკულად საკვების გარეშე დარჩნენ“.

ანიკაშვილი ფიქრობს, რომ ზამთრის პერიოდში პრობლემას ჯანდაცვის საკითხიც შექმნის: „სამედიცინო პუნქტი არ არის ყველა ჩასახლებაში. იყო ესეთი გადაწყვეტილება, რომ დევნილები ახლომდებარე სოფლის ამბულატორიას მიამაგრეს, მაგრამ მაგალითად სოფელი მოხისი ძალიან შორსაა დასახლებული ცენტრიდან და ამბულატორიაში მისვლა უბრალოდ შეუძლებელი იქნება“.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით, ზამთრის პერიოდში ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება. „დღესდღეობით ყველა დევნილი დაბინავებულია. ისინი იღებენ დევნილთა შემწეობის თანხებს და სამედიცინო დაზღვევას. დევნილთა შემწეობა კომპაქტურ ჩასახლებებში ერთ სულზე 22 ლარს, ხოლო კერძო ჩასახლებებში 28 ლარს შეადგენს. ის დევნილები, რომლების სიღარიბის დაძლევის პროგრამაში არიან ჩართული სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერს იღებენ. ყველა დევნილს ეძლევა საკვები და ისინი საკვებს ზამთრის პერიოდშიც მიიღებენ. მათ კომუნალურ ხარჯებს სახელმწიფო უნაზღაურებდა, ეს პროგრამა გაგრძელდება, მაგრამ დაწესდება გარკვეული კვოტები, მაგალითად 100 კილოვატი ერთ სულზე. სადაც შეშის ღუმელი აქვთ იქ შეშა დაურიგდებათ. ყველას ექნება გარანტირებული სითბო“.

ვალერი კოპალეიშვილი არც პრობლემების არსებობას გამორიცხავს. „რა თქმა უნდა, არის პრობლემები. ზოგიერთ სახლს შესაძლებელია დეფექტი ჰქონოდა და ეს არცაა გასაკვირი ვინაიდან ეს სახლები მოკლე დროში აშენდა, ძირითადად სახლები კარგ მდგომარეობაშია. თუმცა არსებობს გარკველი სახელშეკრულებო გარანტიები. თუ მშენებელმა რაღაც ტექნოლოგიურად დაარღვია - ვალდებულია გამოასწოროს. მე ვიცი რომელ ჩასახლებებშია ეს პრობლემები. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას და შემდეგ რემონტების დამკვეთს ვაწვდით. ასევე არ დამთავრებულა შემოღობვები. დევნილებს არ აქვთ სათავსოები, არსებობს დასაქმების პრობლემაც, მაგრამ თანდათანობით ყველაფერს მოვაგვარებთ“.

კოპალეიშვილის განცხადებით სახელმწიფო არც „ძველ“ დევნილებს ივიწყებს. 2009 წლის იანვრიდან სამინისტრომ მათი დახმარების თვისობრივად ახალი სისტემის შეთავაზების საკითხზე მუშაობა დაიწყო.

ვალერი კოპალეიშვილის განცხადებით ამ გეგმის თანახმად მოხდება „დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა“.

ახალი ამბები