კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

16 ნოემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის" დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, იზოლატორების დიდ ნაწილში მძიმე პირობებია. არ არის საპირფარეშო, საკნები არ თბება, არ არსებობს სასეირნო ეზო, დაკავებულები ვერ იცავენ პირად ჰიგიენას, მოუწესრიგებელია საკვების მიწოდების საკითხი, საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგები და ნარები. არის შემთხვევები, როცა დაკავებულებს ბეტონის იატაკზე სძინავთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა აქვთ შეფარდებული.

საქართველოში სულ 37 დროებითი მოთავსების იზოლატორი ფუნქციონირებს. აქედან 2 თბილისშია, დანარჩენი - საქართველოს რეგიონებში. დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს. ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, ყველაზე სავალალო მდგომარეობა სამცხე - ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონულ იზოლატორებშია. მაგალითად, ახალციხის, ახალქალაქისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში სანიტარული მდგომარეობა ყველაზე არადამაკმაყოფილებელია. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. ბევრ იზოლატორში მოშლილია ან საერთოდ არ არსებობს წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემა. ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის 6 საკანში განთავსებულია 14 რკინის საწოლი. დმი-ს არ გააჩნია ფანჯრები. 12 რკინის საწოლია განთავსებული სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის 3 საკანში, ხოლო ქუთაისის 8 საკანში საწოლებად 34 ფიცარნაგი გამოიყენება.

საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ“ განსაზღვრულია, რომ ყველა პატიმარმა უნდა ისარგებლოს სუფთა ჰაერზე დღეში ერთსაათიანი გასეირნებით. იმის გამო, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების აბსოლუტურ უმრავლესობას სასეირნო ეზო არა აქვს, დაკავებულები მთელი დღეების განმავლობაში საკნებში არიან გამოკეტილები.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ადგენს, რომ ჰაერისა და საკმარისი განათების უქონლობა დამამცირებელი მოპყრობის პირობებს ქმნის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის „ციხის ევროპული წესების“ მე-17 წესის თანახმად, სანიტარული სათავსოები უნდა იყოს ადეკვატურად მოწყობილი და განლაგებული, რათა ყველა პატიმარს შეეძლოს, ნორმალურად დაიკმაყოფილოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები საჭიროებისამებრ სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში. გაეროს „მინიმალური სტანდარტული წესების“ მე-10 წესის თანახმად, ყველა ადგილი, რითაც პატიმრები სარგებლობენ, განსაკუთრებით - ყველა საძინებელი ოთახი, სრულიად უნდა პასუხობდეს  სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით - ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს, განათებასა და ვენტილაციას. საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სავენტილაციო სისტემები პრაქტიკულად არ არსებობს. ბაღდათის, ჭიათურის, სამტრედიის, ლენტეხისა და ამბროლაურის  დროებითი მოთავსების იზოლატორებში საკნების ბუნებრივი ვენტილიაციაც ვერ ხერხდება. ბაღდათის დმი-ში  ფანჯრები ამოქოლილია, ჭიათურაში სარკმელები მთლიანად დალუქულია, ამბროლაურის და ლენტეხის დმი-ებს კი ფანჯრები არ აქვს.
ტყიბულის, სამტრედიის, ლენტეხისა და ამბროლაურის იზოლატორებს არ გააჩნია საგამოძიებო ოთახები, რის გამოც დაკავებულებთან როგორც საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ადვოკატებთან შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლების ოთახში ხდება. იზოლირებული ფართი საერთოდ არ გააჩნია ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორს. საკანი ცაგერის რაიონული პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში გისოსებით არის გამოყოფილი. საწოლად განთავსებულია ერთი ფიცარნაგი. იმ შემთხვევაში, თუ საკანში ერთზე მეტი დაკავებულია მოთავსებული, პატიმრებს იატაკზე სძინავთ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორების გარდა, საქართველოს რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებში არ ჰყავთ ექიმები, რის გამოც დაკავებულების დათვალიერება იზოლატორების თანამშრომლებს უწევთ.

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, 2009 წლის პირველ ნახევარში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში კვლავაც აღინიშნებოდა დაკავებული პირებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

„რიგ შემთხვევებში აღნიშნულ მოვლენებს თვითმხილველებიც ადასტურებენ. მაგალითად, ნუგზარ ოთანაძეს დმი–ში მოთავსების შემდეგ უნიღბო პირები რეზინის ხელკეტებით სცემდნენ, ხოლო ცემის დროს პერიოდულად გაჰყავდათ და თავს წყალში აყოფინებდნენ“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დროებითი მოთავსების იზოლატორები ამჟამად შსს-ს დაქვემდებარებაშია. იზოლატორებში დაკავებულ პირებს 48-72 საათის განმავლობაში ათავსებენ - ვიდრე  ბრალს წაუყენებენ და სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. დაკავებულთათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ბრალდებული პირები სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საპყრობილეში გადაჰყავთ. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირთა გარდა, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაშეფარდებულ პირებსაც ათავსებენ. 2009 წლის 18 აგვისტომდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო.  2009 წლის 18 აგვისტოდან კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ძალაში ახალი წესები შევიდა. პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა სამჯერ - 90 დღემდე გაიზარდა.

„ზემოთაღნიშნულ პირობებში 3 თვით ადმინისტრაციული პატიმრობა პირდაპირ უტოლდება დაკავებულების წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას“, - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, 2009 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე სულ შესახლებულ იქნა 9 358 პირი, მათგან სხეულის დაზიანებით - 2 748, პოლიციის მიმართ პრეტენზია გამოთქვა - 16 პირმა.

ახალი ამბები