12:27, Sunday, 26.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია ეწირება

17.11.2009
თამუნა უჩიძე, ბორჯომი, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის არც თუ მცირე ნაწილს გაჩეხვა ემუქრება! დაცულ ტერიტორიაზე 500-კილოვატიანი სიმძლავრის ელექტროგადამცემმა ხაზმა უნდა გაიაროს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ქვეყნის ენერგომომარაგების ქსელის გაფართოებას გეგმავს. ამ საქმიანობის ფარგლებში გადაწყვეტილია სამხრეთ საქართველოში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დასრულებაც, რომელიც დააკავშირებს გარდაბანსა და ზესტაფონს, ასევე - ახალციხის გავლით მივა თურქეთის საზღვრამდე, სადაც თურქეთის ენერგოსისტემაში ჩაერთვება. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს 4, 55 მილიარდი დოლარით დახმარება აღუთქვეს. ამ თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლადაა განკუთვნილი.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ 1992 წელს შეწყდა. ამჟამად 500-კილოვატიანი ხაზი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გარდა, სხვა დაცულ ტერიტორიებსაც გაივლის. კერძოდ – ქცია-ტაბაწყურისა და გარდაბნის აღკვეთილებს.

პროექტით შემოთავაზებულია ბორჯომის ხეობის გადაკვეთის სამი ალტერნატიული მარშრუტი. პირველი ალტერნატივის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი ეროვნულ პარკს კვეთს 11,5-კილომეტრიან ტყით დაფარულ მონაკვეთში, მეორე შემთხვევაში – ტყით დაუფარავ 4,7-კილომეტრიან მონაკვეთში, ხოლო მესამე ალტერნატივის შემთხვევაში გვერდს უვლის ეროვნულ პარკს, თუმცა გაივლის  ტყით დაფარულ ყველაზე დიდ ტერიტორიას, რომელიც უახლოეს პერიოდში პარკს უნდა შეუერთდეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ეროვნულ პარკზე ზემოქმედება ყველაზე ნაკლებია მეორე ალტერნატივის შემთხვევაში. მისი განმარტებით, ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და გარემოზე ზემოქმედების შესწავლისათვის დაქირავებული კონსულტანტიც მეორე ალტერნატივას ემხრობიან: „ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს, გავლენა მოახდინოს გარემოსდაცვის სამინისტროზე და გამოიყენოს ყველაზე იაფი - პირველი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს პარკზე ყველაზე მეტ ზემოქმედებას“.  

ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს: „ნებისმიერ ადგილზე სახლის მშენებლობაც კი გარემოზე ზემოქმედებას იწვევს. მსოფლიოში ეროვნულ პარკებზე ელექტროგადამცემი ხაზების გატარების უამრავი პრეცენდენტი არსებობს“.

ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, მშენებლობის პროცესში ადგილი ექნება ფლორისა და ფაუნის სახეობების შეწუხებას, მოიმატებს ტყის ხანძრების საშიშროება და ლანდშაფტი ვიზუალურად დაბინძურდება, რის გამოც პარკი ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება: „ამდენად, პროექტი იქონიებს ხანგრძლივ სოციალურ და უარყოფით გავლენას“. 

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული, სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ლაშა ჭკადუა აცხადებს: „ნამდვილად არ ვიცი, რა რაოდენობის ტყე შეიძლება გაიჩეხოს. თუმცა ღრამ ვარ დარწმუნებული, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, რეგიონისთვისაც. უამრავი ადამიანი დასაქმდება. ამხელა პროექტია და გარემოზე ზემოქმედებაც ზუსტად იქნება შესწავლილი“.

„პროექტში გათვალისწინებულია აღდგენითი სამუშაოები, ანუ იმდენივე ხე დაირგვება, რამდენიც გაიჩეხება“, ამბობს ალექსანდრე ხეთაგური.

საპირისპიროს ამტკიცებს ირაკლი მაჭარაშვილი: „დოკუმენტში არაფერია ნახსენები გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“. მისივე განმარტებით, დიდი დაქანების ფერდობებზე ტყის პირწმინდად ჭრა არა მხოლოდ ტყის ეკოსისტემისთვის გახდება სავალალო, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც შეუქმნის საფრთხეს.

ბორჯომელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში, ერთი თვის განმავლობაში ცეცხლის ალში გახვეული წაღვერის ტყე და კვამლით დაფარული ქალაქი. „ჩვენ კიდევ დენი და ხანძრის გაჩენის საფრთხე გვინდა?! რაც რუსეთმა დაგვაკლო, ჩვენი მთავრობა აგვინაზღაურებს! ხანძარი რომ გაჩნდეს, მათი აღდგენილი ტყე უშველის საქმეს?!“ - კითხულობს ბორჯომის მკვიდრი ნუნუ წიქარიშვილი.  

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი, თომა დეკანოიძე პროექტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ეკა ბენდელიანის თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, პროექტმა ეროვნულ პარკზე არ გაიაროს და „ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ“.

ენერგეტიკის მინისტრი მაინც კატეგორიულია და აცხადებს, რომ ხაზი ეროვნულ პარკზე გაივლის - „ოღონდ ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგება“. 

გარემოსდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დასაშვები ხდება ტყის ჭრა 35-გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე. ასევე უქმდება შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც, ჭრა შესაძლებელი იყო მხოლოდ წინასწარი სპეციალური გამოკვლევის შემდეგ, მხოლოდ საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით და სავალდებულო იყო ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. 

ჭკადუა კანონში ცვლილებას მიესალმება: „ხშირად კანონი არ გვაძლევდა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, თბილისი-ახალქალქის მაგისტრალის მშენებლობა. გზაზე წითელ წიგნში შეტანილი სამი ხე იყო და მათი მოჭრის უფლება არ გვქონდა“.

სხვაგვარად აფასებს კანონპროექტს ირაკლი მაჭარაშვილი: „ცვლილება კანონში  ამ პროექტისთვის შეაქვთ. ხელისუფლება აპირებს დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების გამოყენებით, კიდევ უფრო დააზიანოს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ეროვნული პარკი“. 

ბორჯომ-ხარაგაულის პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. მისი ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის ერთ პროცენტზე მეტს მოიცავს. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. 

რა ზემოქმედებას იქონიებს დაცულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტი, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ხოლო კანონში შესული ცვლილების შემდეგ,  რამდენი ამგვარი „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტი“ განხორცილედება ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, უფრო შორეული მომავლის საქმეა.

წყარო: www.regions.ge
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC