კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოს ჩარევით პატიმარს სიცოცხლე შეუნარჩუნდა

17 ნოემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

 ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე წერდა პატიმრის შესახებ, რომელიც ჯანმრთელობის უმძიმესი  მდგომარეობით რუსთავის მე-6 საპყრობილეში თითქმის წელიწადზე მეტხანს იმყოფებოდა. C ჰეპატიტის, ქრონიკული კოლიტისა და  ფსიქოპატიის მიუხედავად, მას სათანადო დახმარება მხოლოდ ევროსასამართლოს ჩარევის შემდეგ აღმოუჩინეს. მძიმე ავადმყოფი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით გადაიყვანეს. 

მამუკა ნ.-ს ადვოკატის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებული პატიმრის მდგომარეობა რუსთავის მე-6 საპყრობილის ადმინისტრაციამ შემდეგნაირად გადაჭრა - იგი სამედიცინო დაწესებულების  ნაცვლად ქსნის კოლონიაში გადააგზავნა. პატიმრის პრობლემა მოგვიანებით ევროსასამართლომ გადაჭრა. ადვოკატმა სახელმწიფოთაშორის ინსტიტუტს სასწრაფო მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მიხვდა, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ნაკლებად აღელვებდათ - ციხის უფროსიდან დაწყებული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრით დამთავრებული.

თავის წერილში ადვოკატი ადრესატს სთხოვდა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, გამოეყენებინათ დროებითი ღონისძიება - პატიმრისთვის დაესვათ ზუსტი დიაგნოზი, გადაეყვანათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაეტარებინათ სწორი მკურნალობა, რათა იგი არ დაღუპულიყო.

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნა დაბეჯითებით შეასრულა. მამუკა ნ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარების გარდა, სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა.

„იმისათვის, რომ პატიმარი არ მომკვდარიყო და სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ მისთვის, ევროსასამართლოს მითითებები გახდა საჭირო. წლების მანძილზე დავდიოდი ინსტანციიდან ინსტანციაში პატიმრის სამედიცინო ბარათებიდან ამოკრებილი ინფორმაციით და დახმარებას ვითხოვდი. მოკვდებოდა ახალგაზრდა კაცი და არ მონდოდა ეს დამეშვა. რა თქმა უნდა, ევროსასამართლომ საკითხი გადაჭრა.  მან ევროსასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაავალა, გარკვეულ ვადაში მისთვის პატიმრის სამედიცინო დოკუმენტები მიეწოდებინა. დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო ინფორმაცია როგორც მსჯავრდებულის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისე მისთვის ციხეში (ან საავადმყოფოში) აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შესახებ“, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

მალე ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებისგან, სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად, პატიმრის სათანადო მკურნალობის პირობა მიიღო. მამუკა ნ. ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი, პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწასებულებაში გადაიყვანეს. მას C ჰეპატიტი და ფილტვების დაჩრდილვა აღმოაჩნდა.

„ორი კვირის შემდეგ პატიმარს განმეორებითი გამოკვლევა უნდა ჩატარებოდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ნაბიჯით წინ ვართ. პატიმარი უკვე მოხვდა ტუბერკულოზის მკურნალობის რვათვიან პროგრამაში, რაც მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მას ნაკერი აქვს გახსნილი და თავს არცთუ კარგად გრძნობს. მე მიმართვა გავუგზავნე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწასებულების ხელმძღვანელობას, მოეწოდებინათ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მომაწოდეს, თუმცა, იქ ისე გაურკვევლადაა ყველაფერი დაწერილი, რომ ამას მხოლოდ სამედიცინო განათლების მქონე პირი თუ გაიგებს. ანუ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს არის დამოკიდებულება ზოგადად პატიმრის ბედის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ. რაც, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელია. იმისთვის, რომ ამხელა ამბის შემდეგ მე დღეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგო, ისევ ევროსასამართლოს არ უნდა მივმართავდე. ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს ეს შუამავლობა?! ეს უბრალოდ, მეტისმეტია“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

რამდენიმე დღეში ადვოკატი ევროსასამართლოს კიდევ ერთხელ, ამჯერად ე.წ. მთავარი აპლიკაციით მიმართავს. რომელშიც საუბარი იქნება იმ არაადამიანურ პირობებზე, რომელშიც პატიმარს უხდებოდა ყოფნა.

„სწორედ აქ ირღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლი და საქმე გვაქვს წამებასა და არაადამინურ მოპყრობასთან. პატიმარმა ყველა ავადმყოფობა, რაც მას დღეს დაუდგინდა, სწორედ ციხეში, სწორედ არაადამიანური მოპყრობის შედეგად აიკიდა. ამისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და კერძოდ, შესაბამის ორგანოებს უნდა დაეკისროს, რათა მსგავსი ფაქტები კვლავ არ განმეორდეს“, - ამბობს ადვოკატი.

მან პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას. მამუკა ნ.-ს მოხდილი აქვს კანონით დადგენილი სამი-მეოთხედი. ამას ემატება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუიციდის მცდელობის ფაქტი და ა. შ.

ახალი ამბები