კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მედია არასრულწლოვანთა უფლებებს ხშირად არღვევს

20 ნოემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

19 ნოემბერს ბავშვთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე და ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლის იუბილე აღინიშნება. როგორ აშუქებს ქართული მედია ბავშვთა საკითხებს, ამ მიმართულებით ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით და მეთოდოლოგიური დახმარებით, სპეციალური კვლევა ჩაატარა. რამდენიმეთვიანი კვლევის არცთუ სახარბიელო შედეგები 2009 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა. თუმცა, ქართულ მედიაში არსებული სავალალო ვითარება დღემდე არ შეცვლილა. ჟურნალისტები ბავშვთა საკითხების გაშუქებისას დადგენილ სტანდარტებს კვლავ არ იცავენ. საერთო ეროვნულ მედიასაშუალებებში ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება სჭარბობს.

კვლევა ქართული მედიის მიმოხილვას მოიცავს. კვლევის ავტორმა მონიტორინგი განახორციელა საერთო ეროვნულ და რეგიონულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ისეთ მასალებზე, როგორიცაა: კანონმდებლობა და ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში; ეთიკური ჟურნალისტიკის პრობლემები; ბავშვები და დამნაშავეობა; არასრულწლოვანთა ვინაობა; ბავშვები და განათლება; სტერეოტიპები და დისკრიმინაცია.

„დეკლარაციულად ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ მან უნდა დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია. თუმცა, იშვიათად გავა დღე, რომ რომელიმე სატელევიზიო არხმა ეჭვმიტანილი პირი არ გამოაცხადოს დამნაშავედ ან მკვლელად. ბავშვთა საკითხების გაშუქების ტიპურ ნიმუშად იქცა, 2007 წელს, 14 წლის მოზარდის გიორგი ზერეკიძის ისტორია: ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა სასამართლო პროცესამდე გამოაცხადა იგი დამნაშავედ, მოძალადედ, რომელსაც ლამის ყველა ამქვეყნიური ცოდვა აჰკიდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი მისგან გმირის და სამართლიანობისთვის მებრძოლის სახის დახატვა სცადა. ორი უკიდურესობა დაუპირისპირდა ერთმანეთს და ამ დროს მედიას არ უფიქრია თავად ამ არასრულწლოვანის ბედზე. აქ მთავარი იყო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები“, - აღნიშნავს ზვიად ქორიძე.

სტატისტიკური მონაცემებით, 2007 წლის აპრილ - მაისის თვეში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო პროგრამებმა („კურიერი“, „P.S.“) არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე 32 რეპორტაჟი მოამზადა. „მათ შორის იყო რეპორტაჟი დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების სექსუალურ თამაშობებზე, რომელიც მოწოდებული იყო, როგორც რეპორტაჟი დანაშაულის შესახებ. რეპორტაჟების რაოდენობამ და სიხშირემ შექმნა საზოგადოებრივი განწყობა, რომ მოზარდი თაობა გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობის სურვილით და, შესაძლოა, მათი მსხვერპლი გახდეს არა მხოლოდ მათივე თანატოლი, არამედ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე. ასეთი კამპანიური მიდგომა საფრთხის შემცველია“, - მიაჩნია კვლევის ავტორს.

ზვიად ქორიძე იმოწმებს BBC-ს ღირებულებებისა და სტანდარტების სახელმძღვანელო წიგნს, რომელიც ჟურნალისტებს და პროდუსერებს, დანაშაულის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას გამოყენებული კრიტერიუმების ლეგიტიმურობის დადგენის წესს სთავაზობს: „თავი შეიკავეთ არარსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. მაგალითად, ნუ მოამზადებთ რეპორტაჟს რაიმე გარკვეულ დანაშაულზე მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთივე სახის დანაშაული გაშუქდა ბოლო პერიოდში. თავი აარიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომლებიც გარკვეულ კავშირს ამყარებს ამ ორ დანაშაულს შორის (ორი დღის წინ მომხდარი... დღეს და ა.შ.)“.

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა დანაშაულზე მასალებს საერთო-ეროვნული გაზეთებიც ინტენსივობით აქვეყნებენ.

„გაზეთი „ვერსია“: „როგორ გააუპატიურა 18 წლის გიორგი ჯანაშიამ 7 წლის ბიჭი“. ჟურნალისტი სტატიაში არსად არ განმარტავს, რომ ეს გვარი შეცვლილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის გვარი უცვლელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ეს ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია. სტატიაში არ ჩანს არც ერთი ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტი არ გასაუბრებია დაზარალებულის - 7 წლის ზუკას მშობლებს, არც თავად ზუკას (მშობელთა თანხმობით), არც სხვა თვითმხილველს, ბავშვებს და არც მეზობლებს. კონკრეტული პერსონები არ ჩანან. სამაგიეროდ, სტატია გაჯერებულია განზოგადებული ფრაზებით: „როგორც „ვერსიამ“ გაარკვია...“, „იქ მაცხოვრებლები აცხადებენ...“, „ეჭვგარეშეა, რომ კარტის თამაშისას ეს ინციდენტი მოხდა...“, „სხვათა შორის, როგორც მეზობლები აცხადებენ...“ ერთგან ჟურნალისტი წერს: „ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულმა მოძალადემ დანაშაული აღიარა, თუმცა საკუთარ ჩვენებაში თავს იცავს და ამბობს, თითქოს 7 წლის ბავშვმა მოფერება თვითონ სთხოვა...“ ამ მონაკვეთიდან ისიც ირკვევა, რომ ჟურნალისტს საქმის მასალებიც არ უნახავს და გადმოცემით („ერთ-ერთი ვერსიით“) იგებს ამბებს. ასევე გადმოცემას ეყრდნობა შემდეგი ცნობა: „რაც შეეხება მეზობლებს, მათი ინფორმაციით, დაკავებულს ბავშვებზე მსგავსი ძალადობა სამეგრელოშიც ჰქონია ჩადენილი“.

როდესაც საქმე ასეთ სერიოზულ დანაშაულს შეეხება, ჟურნალისტს რაც შეიძლება მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს და ეჭვმიტანილი ქვესათაურშივე არ მოიხსენიოს პედოფილად“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორი, ყურადღებას ქართული მედიის მიერ, 15 წლის რატი მილორავას საქმის გაშუქებაზეც ამახვილებს. „2008 წლის ივნისის ბოლოდან ქართულ მედიაში გაჩნდა თემა: პოლიციამ საქმე აღძრა 15 წლის რატი მილორავას წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად უყენებდა, ერთი ვერსიით, კანფეტ „ტოფიტას“ მითვისებას, ხოლო, მეორე ვერსიით, სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას. ორივე ვერსიის შემთხვევაში, ფაქტი 2008 წლის 1 მარტს მოხდა. ძიება 20 მაისს დაიწყო, ხოლო 26 ივნისს 15 წლის მოზარდი დაკითხვაზე გამოიძახეს. ეს ფაქტი, შესაძლოა, ასე ხმაურიანი არ ყოფილიყო, მას თავიდანვე პოლიტიკური შეფერილობა რომ არ მისცემოდა: რატი მილორავა პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ვაჟია.

ზვიად ქორიძე: „არც ერთ გაზეთში ჟურნალისტებს ფაქტი არ გამოუძიებიათ. ისინი ფაქტსაც და კომენტარსაც ერთი რესპონდენტისგან – თავად ეკა ბესელიასგან იღებდნენ. ყველა რეპორტაჟი დანაშაულის შესახებ, გაზეთში გავა იგი, ტელევიზიით თუ რადიოთი, უნდა ასახავდეს სრულ სურათს: ჟურნალისტს არ უნდა გამორჩეს არსებითი დეტალი, უნდა ეძებოს დანაშაულის ჩადენის მიზეზები და მასთან  დაკავშირებული ტენდენციები; უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას - ყოველთვის, ჟურნალისტები ინფორმაციის უპირობო წყაროდ იყენებენ პოლიციის ოპერატიულ ინფორმაციას ან სასამართლო სხდომის ოქმს. მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობა, როდესაც საქმე არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება, ოდნავ პრიმიტიულია. უფრო მეტი ინფორმაციის წყაროა მოსაძებნი; არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გაშუქება დაცლილი უნდა იყოს სკანდალურობისგან. განხილული (და მოგროვილი) სტატიების უმრავლესობას სენსაციურობით შეფერილი სათაურები აქვს“.

კვლევაში ათობით საგაზეთო სტატია და სატელევიზო სიუჟეტია განხილული. ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტსკრიპტუმში“ გასული რეპორტაჟია, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებას ეხება.

„სიუჟეტის ავტორს, ანა ასათიანს მოუწია განმარტება, რომ გოგონას სახელი და გვარი – ლიდა მოსეშვილი გამოგონილია და არ ასახავს სინამდვილეს. სიუჟეტში მისი სახეც არ ჩანს, თუმცა სახეზე იდენტიფიცირების ძალიან ბევრი ელემენტია: თავად სოფელი, ეზო, კარ-მიდამო, მეზობლები, განსაკუთრებით თვითმხილველი, რომლის გვარ-სახელსაც ჟურნალისტი დაუფარავად ასახელებს. თვითმხილველი დეტალურად აღწერს სქესობრივი აქტის მიმდინარეობას, რასაც ფანჯრიდან ადევნებდა თვალს და შემდგომ სიუჟეტში უპირისპირდება კიდეც ლიდას: „სად იყო, შვილო, მანდ ძალადობა?!“ ასევე აგდებული დამოკიდებულება აქვთ მომხდარი ფაქტის მიმართ სხვა თანასოფლელებს: „გაუპატიურება არა ისა... 2 წელია, მაგ გოგოზე ეგ საუბარი მიდის...“

„ასეთი დამოკიდებულების უაპელაციო ჩვენებით და სოფლის ცალსახა განწყობით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ან გაუპატიურების ფაქტი საერთოდ არ ყოფილა და გოგონა იგონებს, ან ეჭვი უნდა შევიტანოთ გოგონას ყოფაქცევაში. ერთადერთი ადამიანი, ვინც გაუპატიურებული გოგონას და მისი ოჯახის ღირსებას იცავს, ერთი აღელვებული მამაკაცია, რომელიც სიუჟეტის პირველსავე კადრში გინებ-გინებით მიიწევს ვინმე დათოს საცემად. ეს დათო, სიუჟეტის მიხედვით, არის მოძალადე დათო მ-ძე.

სიუჟეტში არც ფარული გამოძიების მეთოდები იყო გამოყენებული და არც ოფიციალური წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია. თავისთავად ჩნდება კითხვა: რისთვის გაკეთდა სიუჟეტი? რა არის ის საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც, შესაძლოა, პროგრამა დაინტერესებულიყო არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ფაქტით? ძალადობის მსხვერპლის, მით უმეტეს - არასრულწლოვანის, რაიმე ფორმით იდენტიფიცირება ყოვლად დაუშვებელია“, - აღნიშნავს ზვიად ქორიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაც კვლევის საგანი გახდა, „ქუჩის ბავშვებთან“ დაკავშირებული სტატიებია. „ქუჩის ბავშვების ცხოვრების ასახვა ქართულ მედიაში მოდურია. ერთი მხრივ, ამ თემაზე მომზადებულ სტატიებსა თუ ტელერეპორტაჟებს ყველა დიდი ინტერესით ეცნობა. ჟურნალისტებს მათი ისტორიების ჩვენება საკმაოდ დრამატულადაც გამოსდით და თუკი რამე გადაამეტეს ან უმიზეზოდ გაამძაფრეს, პასუხის მომკითხავიც არავინ იქნება. კორექტულ და ეთიკურ დამოკიდებულებას ამ ბავშვების მიმართ მედიაში ნაკლებად ან საერთოდ არ იჩენენ“, - აცხადებს კვლევის ავტორი.

ზვიად ქორიძე გამოსავალს პროფესიული ეთიკის ისეთი კოდექსის შექმნაში ხედავს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე რედაქტორებისა და პროდუსერებისათვის.

ახალი ამბები