კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსრულებელი სიძულვილი

4 დეკემბერი, 2009

ალეკო ცქიტიშვილი

2 დეკემბერს ყველას გვქონდა იმედი, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების ერთთვიანი ეპოპეა ჰეპი-ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ოსი სეპარატისტების გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ ბედნიერ დასასრულს კიდევ 10 დღე უნდა ველოდოთ. თუმცა, დასასრულზე მაინც პირობითად შეიძლება ვილაპარაკოთ, რადგან მოზარდების გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სიძულვილიც გაქრა და მომავალში სხვას აღარავის გაიტაცებენ.

ბოლო დღეებში ისიც გაირკვა, რომ საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებს მართლაც ჰყავთ საზოგადოებისთვის უცნობ ვითარებაში, უცნობი მოტივებით დაკავებული ეთნიკურად ოსი პატიმრები, რომელთა გაცვლასაც მოზარდებში სეპარატისტები დაჟინებით მოითხოვდნენ. საბოლოოდაც, კოკოითის რეჟიმის მიერ ორი მოზარდის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების „კეთილი ნების ჟესტმა“ განაპირობა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა ცხინვალში პირადად ჩაიყვანა ქართული ციხეებიდან გათავისუფლებული ადამიანები - იბრაგიმ ლალიევი (დაბადებული 1974 წელს), ლავრენტი კაზიევი (დაბადებული 1974 წელს), იაკობ ტეხოვი (დაბადებული 1941 წელს), პავლიკ ტეხოვი (დაბადებული 1958 წელს) და ვლადიმერ ელოევი (დაბადებული 1978 წელს). სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდა ცხინვალის რეჟიმი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მათ არსებობას ქართულ ციხეებში ბოლო დრომდე უარყოფდნენ.

როგორც სააგენტო „პირველს“ შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა,  გათავისუფლებული პირები გასული წლის ომის შემდეგ სხვადასხვა დანაშაულებისთვის იყვნენ დაკავებულები: „მათი გათავისუფლება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების მორიგი ჟესტია, ანუ საუბარია არა ტყვეთა გაცვლაზე, არამედ ქართული მხარის კეთილი ნების ჟესტზე“.

ამ „კეთილი ნების ჟესტის“ პასუხად, ცხინვალის სეპარატისტების სასამართლომ ოთხიდან მხოლოდ ორი მოზარდი გაათავისუფლა (ერთწლიანი პირობითი სასჯელით) - 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო საბაძე. ხოლო  მათზე უფროს ახალგაზრდებს - 16 წლის ვიქტორ ბუჩუკურსა და 17 წლის ლევან ხმიადაშვილს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. გათავისუფლებული მოზარდები საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკომისარმა თომას ჰამარბერგმა გადმოიყვანა. მას დე ფაქტო ხელისუფლებმ პირობა მისცა, რომ 10 დღეში ცხინვალში დარჩენილი ორი ახალგაზრდაც თავისუფალი იქნება.

თომას ჰამარბერგმა ამ მოლაპარაკებებში დიდი როლი შეასრულა. ამისათვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას მადლობა პრეს-სპიკერის პირით შეუთვალა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ორი ბავშვის გათავისუფლება არის საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგი, რისთვისაც იგი მადლობას უხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ჰანსიორგ ჰაბერს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს.

ძნელია თქმა, რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი, როცა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეულმა სახემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილმა ჰამარბერგი „რუსეთთან გარკვეული სახის ურთიერთობასა“ და უმოქმედებაში დაადანაშაულა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 20 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინაშვილმა განაცხადა, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამერბერგი კი  უმოქმედოა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. მისივე თქმით, როცა საქმე რუსეთს ეხება, ჰამარბერგი განსაკუთრებით დუნეა ხოლმე და რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს.

„ამ უმოქმედობით სერიოზული ზიანი ადგება ევროსაბჭოს. კითხვები იბადება ამ ადამიანის ობიექტურობასთან დაკავშირებით. იგი ერიდება მკვეთრ განცხადებებს, როცა საქმე ეხება რუსეთს. არავის გაუკვირდეს, როცა ამ ადამაინის რუსეთთან გარკვეული ურთიერთობების შესახებ ეჭვები გაჩნდება“, – განაცხადა მინაშვილმა.

პლენარულ სხდომაზევე მინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მართალია, საკითხი მეტად საფრთხილოა, მაგრამ  გატაცებული მოზარდების თემა ნებისმიერი საერთაშორისო როგანიზაციისთვის გარკვეულ ტესტს წარმოადგენს. ბაქრაძემ დასძინა, რომ ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს არ უპირისპირდებიან, მაგრამ აშკარაა, თუ მათ სურთ, მაქსიმალური ნდობა ჰქონდეთ, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.

გამოდის, საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოსთან ნდობის პრობლემა აქვს. ევრო არადა, ჰამარბერგის მიერ ცხინვალში 5 ოსი მოქალაქის ჩაყვანის შემდეგ, თვითონ ევროსაბჭოს უფრო გაუჩნდება უნდობლობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ფაქტობრივად, რუსეთის აგენტის იარლიყი მიაწებეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სადღაც დილეგში მართლაც ყოფილან ჩამწყვდეული ადამიანები, რომელთა გათავისუფლებაზეც არა მარტო ტირძნისელი მოზარდების ბედი იყო დამოკიდებული, არამედ ზოგადად ომის შედეგად დაგროვებული სიძულვილის განეიტრალება.

საზოგადოებისთვის უცნობია: რატომ ჰყავდა დაკავებული ეს ადამიანები საქართველოს პოლიციას? რა დანაშაულში ედებოდათ ბრალი? რა ვითარებაში დააკავეს? ისარგებლეს თუ არა ადვოკატის მომსახურებით? სასამართლო ჩატარდა თუ ამდენ ხანს გაუსამართლებლად ისხდნენ ციხეში? კიდევ ვინ არიან დაპატიმრებულები და რა ვითარებაში?
 
 ამ კითხვებზე შსს არ პასუხობს და ოსი მოქალაქეების დაკავების ფაქტსაც საერთოდ უარყოფდა, ვიდრე საქმეში ევროსაბჭო არ ჩაერია და არ გაირკვა, რომ სადღაც დილეგში პატიმრები ნამდვილად არსებობენ.
 
 ბუნდოვანია ტირძნისელი მოზარდების დაკავების დეტალებიც. დაკავების მოტივზე მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები სათევაზოდ მიდიოდნენ და თან დინამიტები ჰქონდათ. აფეთქებით თევაზობა რომ საქართველოს კანონითაც ისჯება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ თუკი მათ მართლაც ჰქონდათ დინამიტები, გამოდის, სეპარატისტებს დაკავების საბაბი ჰქონდათ.

სიმართლე ითქვას, სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებეული ინფორმაციების ნდობა ძალიან ძნელია. ხშირად ამ ინფორმაციებს კონიუნქტურის კვალი ეტყობა - ნაწილი ზედმეტად ოფიციალურია და სახელისუფლებო სტრუქტურების პოზიციას გამოხატავს, ნაწილი ზედმეტად კრიტიკულია და ოპოზიციური კონიუნქტურის დაღი აზის. ობიექტური, მიუკერძოებელი ჟურნალისტური გამოძიება ჯერჯერობით არც ერთ მედიასაშუალებას არ ჩაუტარებია. რეიტინგულმა სატელევიზიო არხებმა 5 ოსი მოქალაქის გადაცემასაც კი შეძლებისდაგვარად აუარეს გვერდი. არადა, ოსი პატიმრების თემა არანაკლები რეზონანსით უნდა ყოფილიყო დემოკრატიული საზოგადოების განხილვის საგანი.

როგორც მოვლენები გვიჩვენებს, საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტების შემდგომი ურთიერთობა მძევლების პერმანენტულ დაკავება-გაცვლაზე და სიძულვილზე იქნება აგებული და წლების განმავლობაში გაბატონებულ ბოროტებას წერტილი კიდევ კარგა ხანს არ დაესმება. 

ახალი ამბები