კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახლა გორის ტერაქტში მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვს

8 დეკემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

„პოპულარული თემა - სამხრეთ ოსეთის ციხეში ქართველი ბავშვებია, - ამოწურულია!“ - განაცხადა პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლმა ბორის ჩოჩიევმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ ისაუბრებს არასრულწლოვანი ბავშვების თემით, რადგან ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი ვიქტორ ბუჩუკური (17 წლის) და ლევან ხმიადაშვილი (16 წლის) სრულწლოვანები არიან. ხოლო 4 ნოემბერს ტრიძნისიდან გატაცებული მოზარდებიდან აწ უკვე გათავისუფლებული გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე 14 წლის იყვნენ.

ტირძნისელი მოზარდების ბედი 12 დეკემბრამდე გადაწყდება. როგორც ევროკომისარმა თომას ჰამარბერგმა განაცხადა, ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად, ბუჩუკურს და ხმიადაშვილს 10 დღეში გაათავისუფლებენ. ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ მათ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ჩანს, ამ 10 დღეში უნდა მოხდეს იმ პირობების განხილვაც, რაც ევროკომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალიდან წამოიღო. ბორის ჩოჩიევმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შარშანდელი პირობა აქვს შესასრულებელი: „ჯერ კიდევ გასულ წელს დავაყენეთ საკითხი იმ სამი ოსი ადამიანის გათავისუფლებაზე, რომელთაც გორის ტერაქტში უსამართლოდ დასდეს ბრალი. ასევე საუბარი იყო მარეკ დუდაევზე. თუმცა, მაშინ გვითხრეს, რომ ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტთან და ილია მეორესთან შეათანხმებდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და საქართველოს პრეზიდენტმა არც ერთხელ არ შეიწყალა ჩვენს მიერ მოთხოვილი პატიმრები“.

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ასევე წუხს, რომ ქართული მხარის ნებისმიერ დაჩივლებაზე ევროსტრუქტურები დროულად ახერხებენ რეაგირებას.

„ჩვენმა ადამიანის უფლებათა დამცველმა დავით სანაკოევმა ჯერ კიდევ 6 თვის წინ გაუგზავნა ევროსტრუქტურებს ვიდეო მასალა, სადაც აღნიშნულია, როგორ დააკავეს ხელჩუას გზაზე სამი ოსი მოქალაქე. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა, ევროსაბჭოს წარმომადგენელი ქართველი პარლამენტარის მიერ გამოთქმული შენიშვნის შემდეგ სწრაფად ჩამოვიდა საქართველოში“, - შენიშნა ბორის ჩოჩიევმა.

2 დეკემბერს გათავისუფლებული 5 ოსი ეროვნების მოქალაქეებიდან ერთ-ერთი მათგანი, პავლე ტეხოვი იხსენებს, რომ მან თბილისის ციხეში 11 ოსი ეროვნების მოქალაქე ნახა. „მე ვნახე ისინი მაშინ როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოგვინახულეს“, - განუცხადა გაზეთ „სამხრეთ ოსეთს“ პავლე ტეხოვმა.

როგორც ცნობილია, 2008 წლის 12 ოქტომბერს 35 წლის იბრაგიმ ლალიევი, 35 წლის ლავრენტი კაზიევი, 68 წლის იაკობ ტეხოვი და  41 წლის პავლე ტეხოვი ქორქულა-ხელჩუას და ხელჩუა-დისევის გზაზე დააკავეს, ხოლო 36 წლის ვლადიმერ ფედოევი 2009 წლის 31 აპრილს ორჭოსანთან დააკავეს.

ბორის ჩოჩიევი ამბობს, რომ თომას ჰამარბერგს მან 35-კაციანი სია გადასცა, რომელიც ქართულ მხარესთან წასაღებად მომზადდა.

,,ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე 80-მდე ქართველი ეროვნების მოქალაქე გვყავდა დაკავებული და გავათავისუფლეთ. ამის საპასუხოდ ქართული მხარისგან აგრესიას და საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვიღებთ“, - ამბობს ბორის ჩოჩიევი.

როგორც ჩანს, ამბოხებული მთავრობა, ძირითადად, დაინტერესებულია გორის ტერაქტში მსჯავრდებულების - ვალიევის, ზასიევისა და ყოჩიევის, ასევე მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მარეკ დუდაევის გათავისუფლებით.

ამ თემებზე ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გორის ტერაქტის მონაწილეებს სამუდამო პატიმრობა,  მარეკ დუდაევს კი 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქამდე საქართველოს ხელისუფლება ამ ადამიანებს კრიმინალებს უწოდებდა. ოფიციალური თბილისი არასდროს აპირებდა მათ გამოყენებას ვაჭრობაში. თუმცა, ამ ათდღიან ვადაში რა გადაწყდება, უცნობია.

ოსური მხარე ვერ ინელებს კიდევ სამი ადამიანის გაუჩინარების ამბავს. ეს დაკარგული ახალგაზრდები არიან: 17 წლის ალან ხაჩიროვი, 20 წლის ალან ხუგაევი და 26 წლის სოლთან ფილიევი. „ისინიც 2008 წლის 13 ოქტომბერს ხელჩუას გზაზე დააკავეს ქართველებმა“, - ამტკიცებენ ცხინვალში. დაკარგულების ახლობლებმა თომას ჰამარბერგს გადასცეს ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები გაურკვეველი ტიპის ადამიანებმა გააჩერეს და დაკითხვას უწყობდნენ.

ახალი ამბები