კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავეწიოთ და გავასწროთ დროს - 23 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილი ავტობანი სინამდვილეში 2010 წელს ამუშავდება

8 დეკემბერი, 2009

ეკა ლომიძე, „კვირის პალიტრა“

3 დეკემბერს თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, - „ინფინიტის“ მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. საბედნიეროდ, ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარია ახალაშენებული ავტობანის სწორედ იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც 23 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნეს.

იმ დღეს ითქვა, რომ ამიერიდან თბილისი-გორის მონაკვეთზე ავტობანი ცალმხრივად იმუშავებს და ვიწრო გზაზე ორმხრივი მოძრაობა და სახიფათო მონაკვეთები წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ზემოაღნიშნული ავარიის დღეს გაირკვა, რომ ავტობანი თბილისიდან გორამდე სრული დატვირთვით მხოლოდ საზეიმოდ გაიხსნა, ექსპლოატაციაში გასაშვებად ის მზად არ იყო და ამიტომაც ისევ დაიკეტა. ამას ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ 23 ნოემბერს გახსნილი ავტობანი სრული დატვირთვით მხოლოდ 2010 წელს ამუშავდება. მანამდე კი ცალკეული მონაკვეთი დროდადრო, სამუშაოების დასრულების მიზნით დაიკეტება. ცხადია, დეპარტამენტში არავინ იტყვის - რა გვექნა, გზა ჯერ კი არ იყო გასახსნელად მზად, მაგრამ გვაჩქარებდნენო.

ერთ ფაქტს რამდენიმე თვის წინ პირადად შევესწარი: იგოეთთან, გრაკლიანის მთის ფერდობის გაჭრისას, უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის სანახავად მისულმა ჟურნალისტებმა ის-ის იყო ექსპედიციის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ, რომ მისი ტელეფონი აწკრიალდა. ვიღაც ყვირილით მოითხოვდა ერთ კვირაში არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებას. არქეოლოგის მუდარას - ცოტა ხანი გვაცალეთ, შეუძლებელია ასე მოკლე ხანში ყველაფრის მოსწრებაო, ისევ ყვირილი მოჰყვა - მე ჩემი გეგმა მაქვს და როგორც გინდათ, ისე ჩაეტიეთ ჩემს დროშიო. ცხადია, იმ სატელეფონო ზარის ავტორი 23  ნოემბრისთვის ზრუნავდა.

როგორ შეიძლება დაასრულო საქმე იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საჭიროა? ასე სწრაფად, გეგმურად და თანაც უხარისხოდ დასრულებული საქმეების ჩამოთვლაში დიდ დროს დავკარგავთ. მაგალითისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაც კმარა. თურქ ინვესტორსა და მშენებლებსაც ახრჩობდა საქართველოს ხელისუფლება - აბა, ჩქარა, 23 ნოემბრამდე ან 21 დეკემბრამდე (პრეზიდენტის დაბადების დღე) საქმეს მორჩითო. მორჩნენ და ქარის ამოვარდნისთანავე ჰაერში აფრიალდა წვიმით გაჟღენთილი სახურავი. სხვათა შორის, 23 ნოემბერს, ძველ თბილისში, „თათრის მოედანზე“ ასევე საზეიმოდ გახსნილ „ევროპულ მიწისქვეშა გადასასვლელში“ (ასე უწოდეს პრეზედენტმა და მერმა) ფილაქანზე წყალი მოედინება და მოსიარულეებს სრულიად არაევროპულ განწყობილებას უქმნის.

რას მივიღებთ აჩქარებით აშენებული ავტობანისგან? ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ გზები ხარისხიანად შენდება და 25 წლის განმავლობაში ბეტონით ნაგებ ავტობანს კაპიტალური შეკეთება არ დასჭირდება. ისე კი, გზა რომ კარგ მდგომარეობაში გქონდეს, ყოველდღე სჭირდება ხელის შევლებაო. აგერ, გზაც და დროც ყველაფერს გამოაჩენს, დღეს კი ფაქტია, რომ ილუზიურ ყოფაში ვცხოვრობთ - ავტობანი იხსნება, მაგრამ არ იხსნება; ზოგიერთ რაიონში შადრევნები იხსნება, მაგრამ მეორე დღესვე წყალი აღარ მოდის; საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტები იხსნება და შემდეგ აღმოჩნდება, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს...

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: „პიარაქციებზე ორიენტირებული ხელისუფლება ვირტუალური კეთილდღეობის სურათის ხატვას ძალიან ჩქარობს. ეს ხალხი დროს ეჯიბრება. უნდათ, გაასწრონ. ამიტომაც ხშირად ფართხაფურთხით გაკეთებული საქმე უხარისხო აღმოჩნდება ხოლმე. თან, არა მხოლოდ უხარისხო... ირკვევა, რომ ეს იყო ტელედადგმა და სინამდვილეში, ობიექტი არ არის ჩაბარებული. ხელისუფლება ერთდღიან ამოცანებს ისახავს. არ ფიქრობს, რა იქნება ხვალ.  მთავარია, დღეს შეაყარონ საზოგადოებას ნაცარი თვალებში. ხვალ რა იქნება, ამაზე ხვალ იფიქრებენ. ხელისუფლება ამ უხარისხო საქმეებით აშენებს ხუხულას -  სისტემას, რომელსაც თავისივე მშენებელი მძევლად ჰყავს. დღეს ხელისუფლებას რომც მოუნდეს რაიმეს შეცვლა, ვერ შეცვლის, რადგან თავისი საქმეების მძევალია - იმ ხუხულასი, პატარა დეტალის შეცვლითაც რომ ჩამოინგრევა.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ უხარისხოდ აშენებულ სახლში, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მოძრაობამ დაანგრიოს. ასეთ სისტემაშია დღეს ჩვენი ხელისუფლება. იმისათვის, რომ გაძლოს, ეძებს ფუნქციას, ამიტომაც არის აგრესიული, მუდმივად მტრის ხატზე ლაპარაკობს, ებრძვის ავტორიტეტებს.  სწორედ ამაზე მეტყველებს ზღვარგადასული ლაპარაკიც საქართველოს პატრიარქზე. გადაფარვის მეთოდით მოქმედებენ. უნდათ, ადამიანს დაავიწყონ შიმშილი, სიცივე, გაჭირვება, უსამართლობა... რითი იწყება სატელევიზიო პროპაგანდის ყველა სიუჟეტი? ღორის გრიპი ან მენინგოკოკცემია, - ეს უნდა იყოს მთავარი თემა, ამან უნდა მიჩქმალოს ყველაფერი, ამაზე მუშაობენ პიარტექნოლოგები. მაგრამ ამას გრძელვადიანი შედეგი აქვს? არა! ეს მხოლო ტვინის ერთდღიან გამორეცხვას ისახავს მიზნად“.

P.S. ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის ცნობით, ავტობანი თბილისიდან გორამდე, ობიექტური მიზეზების გამო, დროდადრო, ცალკეულ მონაკვეთში დაკარგავს ცალმხრივი მოძრაობის ფუნქციას. მშენებლები ამბობენ, რომ ეს გზა თბილისიდან გორის მიმართულებით აუცილებლად ჩაგიყვანთ გორში, მაგრამ როდის - ვერ აზუსტებენ...

წყარო: www.ambebi.ge

ახალი ამბები