08:02, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ია ანთაძე: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკვდრადშობილი დოკუმენტი არ იქნება“

08.12.2009
თაკო ხუციშვილი

პირველად ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეიქმნა. რაც მთავარია, ინიციატივა თავად ჟურნალისტებისგან წამოვიდა. მედიის თვითრეგულაციის ეს მექანიზმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ევროპის საბჭოსთან თვენახევრიანი თანამშრომლობის შედეგად დააფუძნა. პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტს მოიცავს. მისი ძირითადი მიზანი მედიაში  თვითრეგულაციის მექანიზმის შექმნაა, რომელიც ჟურნალისტებს ეთიკის ჩარჩოებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ქარტიაზე ხელი ამ ეტაპზე 136 ჟურნალისტმა მოაწერა. ამ ჟურნალისტების მუშაობას მონიტორინგს გაუწევს 9 ჟურნალისტისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ღია წესით ქარტიაზე ხელმომწერებმა აირჩიეს. საბჭო კვოტების პრინციპით დაკომპლექტდა. აქედან 3 წევრი თბილისის წარმომადგენელია, 3 - ბათუმის, ხოლო დანარჩენი 3 - სხვადასხვა რეგიონის.

საბჭოს წევრები არიან: ნინო ზურიაშვილი, ელისო ჩაფიძე,ლიკა ჩახუნაშვილი (თბილისი); ეთერ თურაძე, მაია მეცხვარიშვილი,ხათუნა გოგაშვილი, თედო ჯორბენაძე, ირაკლი აბსაძე და მერაბ მერკვილაძე. ამას გარდა ჟურნალისტებმა აირჩიეს სამწევრიანი სარევიზიო კომისია, რომელიც თავის მხრივ, საბჭოს მუშაობას გააკონტროლებს. სარევიზიო კომისიაში შედიან ჟურნალისტები: ია მამალაძე, რამაზ სამხარაძე და ია ბობოხიძე.

საბჭო თავის ანგარიშებს ყოველი თვის ბოლოს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის, როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საზოგადოების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას. ქარტიის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს ვერდიქტი იქნება ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტის დარღვევებს გააცნობს საზოგადოებას. ინიციატორთა განცხადებით, მას უფრო პრევენციული მნიშვნელობა აქვს ვიდრე სადამსჯელო.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, ქარტიის შექმნის ინიციატორი: „ქარტიაზე ხელმოწერით და საბჭოს არჩევით ჟურნალისტებს საშუალება მივეცით, გამოგვეცხადებინა ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამიერიდან ჩვენს მაგივრად ესაუბრებიან საზოგადოებას. ანუ საზოგადოების თითოეულ წევრს ექნება საშუალება, ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტის მიმართ საბჭოსთან დასვას შეკითხვა - დაარღვია თუ არა მან თავისი პუბლიკაციით ქარტიის რომელიმე მუხლი. საბჭო კი იმსჯელებს და გასცემს პასუხს“.

მთავარი მოთხოვნა, რასაც ქარტია ხელმომწრ ჟურნალისტებს უწესებს არის სიმართლის თქმა. „ჟურნალისტმა უნდა თქვას სიმართლე, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ფაქტები და ის ინფორმაცია, რომლის წყაროც თვითონ ჟურნალისტისთვის იქნება იდენტიფიცირებული. ძალიან ფრთხილად უნდა გააშუქოს ის საკითხები, რომლებიც ბავშვებს ეხება. ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციას. არ  უნდა შეიჭრას ადამიანის პირად ცხოვრებაში. არ უნდა იყოს პლაგიატი. არ უნდა აიღოს ქრთამი. განზრახ არ უნდა დაამახინჯოს და არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები - ეს არის ჩარჩო, რომელსაც აწესებს ქარტია“, - ამბობს ია ანთაძე.

რატომ იყო წარუმატებელი წინა მცდელობა

 აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიის პროფესიული სტანდარტის დაცვისა და საზოგადოების წინაშე მედიის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის პირველი მცდელობა არ არის. 2006 წელს მედიასაშუალებათა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით, მედიასაბჭო დაფუძნდა. თუმცა, მისი მუშაობა დიდად დატვირთული არ ყოფილა. მედიასაბჭომაც საკუთარ თავზე იკისრა მედიის პროფესიული სტანდარტის დაცვა და საზოგადოების წინაშე მედიის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა.

მედიასაბჭოში ჟურნალისტების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების -  თავისუფლების ინსტიტუტის, კავკასიური ინსტიტუტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შევიდნენ. ჟურნალისტთა ნაწილის აზრით, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა მედიასაბჭოს შემდგომი წარუმატებლობა. ამ გაერთიანებას საარბიტრაჟო სასამართლოს პრინციპით უნდა ემუშავა და მისი ძირითადი ფუნქცია მედიის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა უნდა ყოფილიყო.  ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობის ასეთმა მიდგომამ არ გაამართლა, რასაც დღეს თვითონ მედიასაბჭოს წევრებიც აღიარებენ.

ია ანთაძის განცხადებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით განსაზღვრული სტანდარტების მაკონტროლებელი საბჭო, სხვა მსგავსი საბჭოებისგან განსხვავებით, მხოლოდ ჟურნალისტებით არის დაკომპლექტებული. ეს აჩენს ნდობას ჟურნალისტებში და საბჭოს წარმატებით მუშაობასაც უზრუნველყოფს: „ჩვენს ქარტიაზე ხელის მოწერა და ჩამოთვლილი პრონციპების გაზიარება ინდივიდუალურია. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი პასუხს აგებს მხოლოდ თავისი სახელით და გვარით. გარდა ამისა, ჩვენს საბჭოში არიან მხოლოდ ჟურნალისტები და ამიტომ იგი ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს“.

ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ქარტია თავის ფუნქციას შეასრულებს, ვინაიდან მისი საბჭო უშიშარი და კეთილსინდისიერი ადამიანებითაა დაკომპლექტებული: „შემიძლია, ვთქვა, რომ ქარტია ნამდვილად გაამართლებს და ის არ იქნება მხოლოდ მკვდრადშობილი დოკუმენტი. საბჭოში ისეთი ადამიანები შედიან, ვინც უშიშარ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მრავლისმომცველი იქნება და სულ უფრო მეტი ჟურნალისტი მოისურვებს, შეუერთდეს ქარტიას“.

მედიასაბჭოს წევრი, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე არ უერთდება ჟურნალისტთა ქარტიას, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოების ინდიფერენტულობის გამო, ქარტიის პრინციპები ვერ გაამართლებს: „ქარტია გულისხმობს შემდეგი მექანიზმის ამოქმედებას - თუკი ადამიანი თავს იგრძნობს უფლებაშელახულად მედიის მოქმედების გამო, მას შეუძლია იჩივლოს იმ გაერთიანებაში, ვინც უერთდება ამ ქარტიას. თუმცა, საზოგადოება ძალიან ინდიფერენტულია მედიის მიერ ღირსების ხელყოფის გამო და როგორც წესი, არ იცის, რომ ასეთი მექანიზები მოქმედებს.
მე შეერთებული ვარ ჟურნალისტთა პროფესიულ სტანდარტს, გარკვეული ვალდებულებები მაკავშირებს იმ ტექსტთან და მიმაჩნია, რომ მედიის პროფესიული სტანდარტი  უფრო მეტის მომცველია და უკეთ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ეს ქარტია. ამ ქარტიის ხელმომწერებს კი ვუსურვებ, უფრო ქმედითად ერთგულნი ყოფილიყვნენ თავისი ხელმოწერებისა და ქარტიის გაცხადებული პრინციპებისა, ვიდრე ეს მოახერხეს მედიის პროფესიული სტანდარტის ხელმომწერებმა“.

ჟურნალისტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ქარტიის პრინციპებს შეუერთდნენ საბჭოს სახელზე განცხადება უნდა დაწერონ. თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, მაინც ქარტიის პრინციპების დაცვა იქნება.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2. დაუშვებნელია ჟურნალისტის იძულება პროფესიული საქმიანობისას მოექცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშველოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცა.

4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფრომაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

6. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას, უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინეტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომელიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკალმო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან.

10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამინის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადებრივი ინტერესი.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახიჯება; ნებიემიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC