კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატებზე ნადირობის სეზონი

10 დეკემბერი, 2009

ალექსი ბეჟანიშვილი

ადვოკატების დაპატიმრებამ ტენდენციის სახე მიიღო. ნათია სირაძისა და ქართლოს ღარიბაშვილის შემდეგ პოლიციამ ადვოკატი ბესარიონ ჭოლოკავა დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭოლოკავა ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჭოლოკავას ბრალად ედება საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ, მოქალაქეებისთვის თაღლითურად თანხების გამოძალვა.

ადვოკატებზე ნადირობა 3 დეკემბერს ნათია სირაძის დაკავებით დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით ნათია სირაძემ დაიყოლია მოწმე ჯიმშერ ჯაბუა და სასამართლოში ცრუ ჩვენება მიაცემინა მისი დაცვის ქვეშ მყოფის - ყაჩაღობისთვის განსასჯელი კვიკვინიას სასარგებლოდ.

ნათია სირაძეს წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სსკ 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ადვოკატს 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეორე დღეს, 4 დეკემბერს საპატრულო პოლიციამ ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი დააკავა. ღარიბაშვილი ავტომანქანით გადაადგილებისას თბილისში თამარ მეფის გამზირზე გააჩერეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს და ბრალი წაუყენეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც საპატრულო პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ქართლოს ღარიბაშვილის ადვოკატები მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ადვოკატს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ღარიბაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ქეთი ბექაური მის დაკავებას პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს და საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

განსაკუთრებით ხმაურიანი მაინც ნათია სირაძის დაკავება აღმოჩნდა. მეორე დღეს „კონსერვატიულმა პარტიამ“ ამ ფაქტს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა.  პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, რომ სირაძე მუხროვანის ამბოხების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, კობა ოთანაძის ადვოკატია. ოთანაძე და გენერალი კობა კობალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებენ. ნათია სირაძე კი ამ საქმეში საკვანძო როლს ასრულებდა, როგორც პრინციპული და კვალიფიციური ადვოკატი. თავისი პრინციპულობის გამო იგი პროკურატურის მთავარ პრობლემად იქცა.

კუკავას აზრით, სწორედ ამ ფაქტორების გამო გამოიყენეს სირაძის დაკავების მიზეზად ორი წლის წინანდელ საქმეში მოწმეზე ზეწოლა. მისივე თქმით, ამ დაპატიმრებით ხელისუფლება მუხროვანის ამბოხების პროცესში ჩართული სხვა ადვოკატების დაშინებასაც ცდილობს.
 
„პოლიტპატიმრების ადვოკატობა უკვე ძალიან რთული და სახიფათო ხდება. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, რამდენიმე დიპლომატიური მისია საქართველოში და ვთხოვეთ, ამ საქმეზე მკაცრი მეთვალყურეობა დააწესოს. ასევე მივმართეთ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელსაც. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ნათია სირაძე ჩართული იყოს პოლიტპატიმრების ნუსხაში“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ნათია სირაძეს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ზაზა ხატიაშვილი იცავს. მისი ინიციატივით, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატებს უნდა დაეწყოთ საპროტესტო შიმშილობა დღემონაცვლეობით და კოლეგის გათავისუფლება მოეთხოვათ. თუმცა, ხატიაშვილის ინიციატივას სხვა ადვოკატებმა მხარი არ აუბეს და ამჟამად ასოციაციაში შიმშილობის აქცია არ მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, პირადი თავდებობით, შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, ნათია სირაძეს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატების სერიული დაკავება დაემთხვა კრიზისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რომელიც ბოლო ხანს თავის ფუნქციებს შეფერხებით ასრულებს. ასოციაცია 20 დეკემბერს არჩევნებს ელოდება, რომლის ძალითაც ადვოკატებმა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისიები უნდა აირჩიონ. ამჟამად, ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობას ადვოკატი გოჩა სვანიძე ასრულებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მას კომენტარი სთხოვა ადვოკატთა დაპატიმრებების თაობაზე.

გოჩა სვანიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: „ბესარიონ ჭოლოკავას დაკავების თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია. პირადად მე ეს უცნაური დაპატიმრებები ძალიან მაეჭვებს. განსაკუთრებით მაეჭვებს ის მუხლები, რითაც ადვოკატებს ედავებიან. დავიჯერო, მარტო ადვოკატები არიან დამნაშავეები და თუნდაც, იმავე პროკურატურაში ყველაფერი წესრიგშია?! ჩემი აზრით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებელია, ადვოკატებმა სასწრაფოდ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც ამ დაპატიმრებების კანონიერებას შეისწავლის და დადებს კომპეტენტურ დასკვნას. ამ წინადადებით მე აუცილებლად მივმართავ კოლეგებს.

სამწუხაროდ, ამჟამად ადვოკატთა ასოციაციაში ეთიკის კომისია არ ფუნქციონირებს, რადგან მის მუშობას ვადა გაუვიდა. ველოდებით 20 დეკემბრის არჩევნებს, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისიები უნდა ავირჩიოთ. შესაძლოა, სწორედ ჩვენი შიდაპრობლემებით სარგებლობს პროკურატურა. ადვოკატები გადასული ვართ 20 დეკემბერს ჩასატარებელი კრების რეჟიმში. უამრავი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი, რომ არჩევნები მოწესრიგებულად ჩატარდეს“.

როგორც ჩანს, ქართული ადვოკატურის ისტორიაში საკმაოდ რთული პერიოდია. ცოტა ხნის წინ ადვოკატთა ერთმა ნაწილმა დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანება დააფუძნა. ამ გაერთიანებაში გაწევრიანებული ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სათანადოდ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, რის გამოც მათ დამოუკიდებელი გაერთიანება შექმნა გადაწყვიტეს. თუმცა, ადვოკატობა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესიაა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებას (ადვოკატის მოწმობას) მხოლოდ ადვოკატთა ასოციაცია გასცემს. ასოციაციის ფარგლებს გარეთ შექმნილი ნებისმიერი პროფესიული გაერთიანება ადვოკატებისთვის დაახლოებით არასამთავრობო ორგანიზაციის ან პროფკავშირის ფუნქციების მატარებელი იქნება.

ახალი ამბები