კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანყი გურიაში

11 დეკემბერი, 2009

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

10 დეკემბერს ოზურგეთის აგრარული ბაზრის 200-მდე მოვაჭრემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურზე მატარებლის მაგისტრალი გადაკეტა. აქციის გამო ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს გასვლა სამი საათით დააგვიანდა.

მეწარმეების აღშფოთება დილით აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას მოჰყვა.  მოვაჭრეებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ბაზარს ჭიშკრები ჩამოხსნილი ჰქონდა, დაცვის სამსახური კი თავის მოვალეობას არ ასრულებდა. მათი თქმით, ამის გამო ბაზარში დატოვებული საქონლის დიდი ნაწილი მოპარულია.

აგრარული ბაზრიდან 200-მდე აღშფოთებულმა მოვაჭრემ რკინიგზის სადგურში გადაინაცვლა და სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტა. ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ ნაცვლად აქციაზე სამხარეო პროკურატურის წარმომადგენლები და ოზურგეთის რაიონის პოლიციის ლამის მთელი შემადგენლობა გამოცხადდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  გამგებელი, ავთანდილ მექვაბიშვილი აქციაზე პროკურორის თხოვნით გამოცხადდა. პროკურორმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რკინიგზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და უკეთესი იქნებოდა, პრობლემა პრეზიდენტის რწმუნებულთან განეხილათ. აქციის მონაწილეები წინადადებას დათანხმდნენ და აქცია შეწყვიტეს.

გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულთან, ვალერი ჩიტაიშვილთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა მას განუცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას და სურთ, აგრარულ ბაზარს ფუნქციები შეუნარჩუნდეს. მოვაჭრეების ამ მოთხოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ითვალისწინებენ და კატეგორიულად აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსულ აგრარული ბაზრის ტერიტორიზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობა აღარ იქნება. ამ პოზიციაზეა პრეზიდენტის რწმუნებულიც.

პრეზიდენტის რწმუნებულთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი დევნა დაიწყო და აქციის მონაწილე 5 მამაკაცი დააკავა. დასაწყისისთვის მათ ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულთა ოჯახის წევრებისთვის უცნობია, წაუყენებენ თუ არა მათ ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესამსახურის უფროსი, მაია გიორგაძე მომხდარზე კომენატრს არ აკეთებს.

11 დეკემბერს დილით პოლიციამ აგრარული ბაზრიდან 10 მოვაჭრე ქალბატონი მათი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანა და იძულებით წარადგინა პოლიციაში. თუმცა, მოვაჭრეებმა მოახერხეს და შეტყობინება გაუგზავნეს, როგორც ადგილობრივ მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგებელს პოლიციის შენობასთან ასეთი სურათი დახვდა: პოლიცია ცდილობდა, მოვაჭრეები ძალით შეეყვანა შენობაში დაკითხვაზე, რაზეც ქალბატონები არ თანხმდებოდნენ. მათ პოლიციამ არ განუმარტა, რა საქმეზე და რა სტატუსით უნდა დაკითხულიყვნენ.  

დილით პოლიციამ მაინც მოახერხა ორი ქალბატონის დაკითხვა, რომელთაგან ერთ-ერთი გვიანობამდე არ გამოსულა პოლიციის შენობიდან. განთავისუფლებულმა მოვაჭრემ კი გვითხრა, რომ დაკითხვაზე 10 საათზე შეიყვანეს, გამომძიებელ ასათიანს არ განუმარტავს რა საქმეზე და რა სტატუსით მოხდა მისი დაკიტხვა. „არ ვიცი, მოწმედ დამკითხეს თუ ეჭვმიტანილად. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“, - განაცხადა პოლიციიდან გამოსულმა მოვაჭრემ.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის გარშემო აურზაური დიდი ხანია, არ წყდება. საზოგადოებისთვის უცნობია, რას უპირებს მას ადგილობრივი ადმინისტრაცია. ობიექტი არც საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და არც მისი მომავალი ფუნქციის შესახებ არის რაიმე ცნობილი. გამგეობასა და პრეზიდენტის სამხარეო ადმინისტრაციაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აგრარული ბაზარი ამ ადგილას აღარ იქნება. ამაზე ბაზრის მოვაჭრეებს მწვავე რეაქცია აქვთ. მათი ნაწილი ადგილობრივ ჩინოვნიკთა ასეთ გაურკვეველ პოზიციას ოზურგეთში პირველი ლედის ერთ-ერთ სტუმრობას უკავშირებს. სანდრა რულოვსს, თურმე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოსწონებია და თავისი სუბიექტური აზრი გამოუხატავს - აქ ასეთი ბაზარი არ უნდა იყოსო.

ამ დღეებში ოზურგეთში გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ახალი ოფისი გახსნა იგეგმება, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც უნდა დაესწროს. წინა დღეებში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ტრადიციული პომპეზური პრეზენტაციის ჩაშლით იმუქრებოდნენ. რამდენად განახორციელებენ ამ მუქარას, მიმდინარე დაპატიმრებების შემდეგ, ძნელი სათქმელია.

ახალი ამბები