კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგადასახადო ინსპექცია მეწარმეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს

11 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

 

მეწარმეები უფლებების დარღვევაზე ხშირად ჩივიან. ამ ტენდენციას სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ქუთაისში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვაზე - სად, რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებები? - რესპონდენტები პასუხობენ, რომ ბიზნესში და პენიტენციალურ დაწესებულებებში. დაკონკრეტებისთვის კი, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ საქართველოში ხშირია მეწარმეთა დაშინების, ასევე, უსაფუძვლო დაჯარიმებისა და დაშანტაჟების ფაქტები, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მესაკუთრის, გადამხდელის დაცვაა შესაძლებელი.

ცოტა ხნის წინ საგადასახადო ინსპექციამ ქუთაისში რამდენიმე ე.წ. ოქროს ბირჟა დააყადაღა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამით მეწარმეთა უფლებები შეილახა და ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს.

„ბოლო დროს, ზოგადად, ძალიან გახშირდა მეწარმეთა მომართვები, რაც ძირითადად გამოწვეულია საგადასახადოს მიერ მათზე განხორციელებული დაჯარიმებებით. მეწარმეები უფლებების შელახვაზე ჩივიან და ჩვენგან იურიდიულ დახმარებას ითხოვენ. ქუთაისში ბოლო დროს განხორციელებული დაჯარიმებების შემდეგ დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ნივთები. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადოს მხრიდან ადგილი აქვს არასწორ ქმედებას. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეს სწორად აქვს შევსებული ზედდებული და არ იკვეთება არანაირი დამალული საქონელი, არ უნდა ხდებოდეს იმგვარი საჯარიმო სანქციების გატარება, როგორც ეს ბოლოდროინდელი ფაქტის შემთხვევაში მოხდა. ეს ნიშნავს მეწარმეების საქმიანობაში უხეშ ჩარევას, უფრო მეტიც - მათ დაღუპვას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ბიუჯეტის შევსების კუთხით, სწორედ მეწარმის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატი თამარ ფაჩულია.

თავად მეწარმეები აცხადებენ, რომ მათ ხელშეწყობა და გაძლიერება  სჭირდებათ და არა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სადამსჯელო ღონისძიებები, როგორიცაა ქონების დაყადაღება და 1500-ლარიანი ჯარიმა. გარდა ამისა, ისინი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან სხვა ტიპის დარღვევებზეც საუბრობენ: „ისიც გვეყოფა, რომ მოდიან და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მაღაზიას გვილუქავენ, 1500-ლარიან ჯარიმას გვაკისრებენ და არავინ კითხულობს, ეს ფული საიდან უნდა მოვიტანოთ. ამას ის უბედურებაც ემატება, რომ უხეშად იქცევიან და მერე დამნაშავე მაინც ჩვენ გამოვდივართ. ეს ის ამბავია, დიდ კაცთან პატარას სამართალი რომ არ გასდის. სასამართლოში დავას, უბრალოდ, აზრიც არა აქვს... ამის შემდეგ ტელევიზიით გამოვლენ ჩვენი მთავრობის წევრები და იტყვიან, რომ მეწარმეს ყველანაირად გვერდით უდგანან“.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების უხეშობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც საუბრობენ. ადვოკატ თამარ ფაჩულიას თქმით, იყო შემთხვევა, როცა მეწარმემ საგადასახადო ინსპექტორისგან დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, რისი უფლებაც მას, კანონით აქვს: „არსებობს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ როცა საგადასახადო ინსპექტორი შემოწმების მიზნით აკითხავს მეწარმეს, იგი ვალდებულია, წარუდგინოს მას ბრძანება, ასევე, გააცნოს მისი ვინაობა, ინვენტარიზაციის ჩატარების წესი და ა.შ. აღნიშნულ შემთხვევაში, მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, ადგილი ჰქონდა საგადასახადო ინსპექტორის მხრიდან უხეშობას და ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ საგადასახადო ინსპექტორისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის მეწარმე იქით დაჯარიმდა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ სამართლებრივი დახმარებისთვის მათ დღეს გაცილებით მეტი მეწარმე მიმართავს, ვიდრე გასულ წლებში.

ახალი ამბები