კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ახალ გაერთიანებას მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ

15 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მანანა კობახიძე: „ქვეყანაში ადვოკატს როცა აკავებენ და იჭერენ, ეს უნდა გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი, რასაც დღეს ადვოკატთა ასოციაცია, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს“
 ადვოკატთა ახალ გაერთიანებას - „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ. 12 დეკემბერს  ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობის გარშემო არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ადვოკატთა გაერთიანების მთავარი მიზანი ამ პროფესიის გაძლიერება იქნება. „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ დამფუძნებლები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადვოკატები: დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ირაკლი ყანდაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვები.

ქუთაისში შეკრებილმა ადვოკატებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმოქმედობასა და შელახულ სახელზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სწორედ ადვოკატთა ასოციაციის უუნარობა გახდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების მიზეზი.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წლებია, არსებობს, მაგრამ ის ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ, მოქნილ ორგანიზმად. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მარტო იმიტომ შეიქმნა, რომ კანონით აუცილებელია მასში გაწევრიანება, რათა საადვოკატო საქმიანობა აწარმოო. ჩვენ, ყველას კანონი გვავალდებულებს ამ ასოციაციის წევრები ვიყოთ, მაგრამ დღეს იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ საწევროს ვიხდით. სხვა მხრივ, მის ფუნქციონირების აზრს, პრაქტიკულად, ვერ ვიგებთ. ჩვენი სურვილია, ადვოკატებს ჰქონდეთ თავისი პროფესიული, ძლიერი გაერთიანება, რომელიც, პირველ რიგში, ადვოკატთა ინტერესებს დაიცავს“, - ამბობს ადვოკატი მანანა კობახიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც 4000 წევრს ითვლის, ბევრ არამოქმედ ადვოკატს აერთიანებს. შესაბამისად, ვერ ხერხდება მოქმედი, პროფესიონალი ადვოკატების ინტერესთა გათვალისწინება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აფერხებს მათ საქმიანობას.

„როგორც მოქმედ ადვოკატს, აღნიშნული ასოციაციისგან არასდროს არანაირი მხარდაჭერა არ მიგრძვნია. პირიქით, არის საკითხები, სადაც ხელისშეშლა ბევრად მეტია. არსებობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დადგენილი დაცვის ორდერი, რითაც ხორციელდება პატიმრის სამართლებრივი დაცვა. ეს არის შტამპიანი ფურცელი და არ არის სავალდებულო მასზე ბეჭედი იყოს დასმული. მთავარია, იყოს იმ ადვოკატის ხელმოწერა, რომელიც ამ ორდერს გასცემს. როგორც ჩანს, პენიტენციალურ დაწესებულებებს აღნიშნული ორდერის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, რაც მე, როგორც ადვოკატს, სერიოზულ პრობლემებს მიქმნის. მაგალითად, რატომ ვერ უნდა ვახერხებდე ამ ორდერით შესვლას ხონის მე-7 დაწესებულებაში, ან გლდანის საპყრობილეში, თუკი ეს პრობლემა არაა დანარჩენ ობიექტებზე?! ეს არის უხეში ჩარევა ადვოკატთა ასოციაციის კომპეტენციაში, რაზეც, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ვერ ახდენს სათანადო რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ დაწერ განცხადებას ასოციაციის სახელზე, შეიძლება, ორი თვის შემდეგ ვინმემ რეაგირება მოახდინოს. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ეს არის უფუნქციო წარმონაქმნი და სხვა არაფერი“, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ ჩამოთვლილი ბრალდებები  ადვოკატებმა მაგალითებით გაამტკიცეს. გოჩა კილასონიას თქმით, ადვოკატ დალი სულაქველიძის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ მისმა კოლეგებმა 135-კაციანი ხელმოწერები შეაგროვეს რითაც შეწყალების კომისიისათვის უნდა მიემართა: „ეს სია შეწყალების კომისიამდე იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მივიდა, რომ იგი ასოციაციაშივე გაქრა. აი, ასეთი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ, ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციისგან. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი შემიძლია დავასახელო“.

ადვოკატებმა ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს პრობლემაზეც. აღინიშნა, რომ ადვოკატთა ღირსეული და მაღალკვალიფიციური საქმიანობა სამართლიან სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანი სასამართლოს პრობლემაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი, სამწუხაროდ, ისიც არის, რომ ადვოკატის როლი და ფუნქცია დაკნინებულია. საქართველოს სჭირდება ძლიერი ადვოკატი, რომლის გარეშეც სასამართლო პროცესი, უბრალოდ, ვერ შედგება. მეტიც, როცა ქვეყანაში ადვოკატს აკავებენ და იჭერენ, ეს უნდა გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი, რასაც დღეს ადვოკატთა ასოციაცია, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს. ჩვენი გაერთიანება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა, ყველა მსგავს დარღვევაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს. გარდა ამისა, ვაპირებთ მოქმედებას საკანონმდებლო ცვლილებების დონეზეც, რაც ვფიქრობ, აუცილებელი და გარდაუვალია“, - ამბობს „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა კობახიძე.

ადვოკატთა ახალ გაერთიანებაში უკვე 500-ზე მეტი ადვოკატია. 20 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში დაგეგმილ არჩევნებზე „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავისი გუნდით მისვლას გეგმავს. ორგანიზაციაში გაერთიანებულ ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ისინი გავლენას მოახდენენ ასოციაციის შემდგომ განვითარებაზე.

ახალი ამბები