კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალს“ ააფეთქებენ და მის ადგილას პარლამენტის ახალ შენობას ააშენებენ

16 დეკემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური სკულპტურის ადგილს მალე საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაიკავებს. წინა საუკუნეში შექმნილი კონსტრუქცია ისტორიას მხოლოდ ფოტოებისა და მოგონებების სახით შემორჩება. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას - საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდეს, ცნოობილი მოქანდაკის სკულპტურა ეწირება.

„გამარჯვების მემორიალს“ რამდენიმე დღეა, ანგრევენ. უკვე აიღეს მემორიალის წინ აღმართული ცხენოსანი „მზეჭაბუკის“ ქანდაკება, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, სპორტის სასახლესთან უპირებენ გადატანას.  მემორიალის მთავარი ნაწილი კი განადგურდება. როგორც ამბობენ, მის დანგრევას მხოლოდ აფეთქების გზით თუ შეძლებენ.

მემორიალი ქუთაისში 1980-იანი წლებში დაიდგა და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას მიეძღვნა.

„გუშინდელი დღესავით მახსოვს დიდების მემორიალის გახსნა. მაშინ მთელი საქართველო ქუთაისში შეიკრიბა და დიდი ზეიმი ჩატარდა. ყურადღების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის შემქმნელი მერაბ ბერძენიშვილი იყო. ცერემონიის დროს თეთრი მტრედი მოფრინდა და მოქანდაკეს მარჯვენა მხარზე დააჯდა. თითქოს ეს იყო სამადლობელი ქუთაისის და მთელი საქართველოს სახელით ამ უდიდესი ხელოვანის მიმართ. ეს ძეგლი გახლდათ ბრძოლისა და სიყვარულის სიმბოლო. დღეს კი, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ამ ძეგლის განადგურება გადაწყვიტეს. გადაწყვეტილება მტკიცეა და ვგრძნობ, რომ წინააღმდეგობის გაწევას, უბრალოდ, აზრიც არა აქვს“, - ასეთ განწყობაზე აყენებს ძეგლის დემონტაჟი ქუთაისელ თენგიზ გორგაძეს.

თუმცა, როგორც ჩანს, რიგით ქუთაისელთა განწყობა ხელისუფლებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.  მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის სამზადისი თითქმის ერთი თვეა, დაიწყო და ახლა ქალაქის განაპირა უბანში ტერიტორიის გასუფთავება მიმდინარეობს. გეგმა ასეთია - სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და ერთი წლის თავზე პარლამენტარები უკვე ქუთაისში შეიკრიბებიან რიგი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხელისუფლების ინიციატივას ქუთაისში ბევრი არ იწონებს. იდეა, რომელსაც ავტორი და მისი გუნდი სამომავლოდ ქალაქის გაცოცხლებასა და ფუნქციურად დატვირთვას უკავშირებს, ქუთაისელთა ნაწილს მაინცდამაინც არ მოსწონს. ამბობენ, რომ სჯობს, იმ თანხით, რაც აღნიშნულ საქმეს დასჭირდება, ფაბრიკა-ქარხნები აამუშავონ და ხალხი დაასაქმონ. გარდა ამისა, მოქალაქეები შეწუხებულნი არიან, რომ პარლამენტის მშენებლობას ქუთაისის ისტორია ეწირება და ეს, თავისთავად, არასწორი გადაწყვეტილებაა.

„მთელი რიგი პრობლემების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რა თქმა უნდა, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ვგულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენი ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას და ა. შ. ეკონომიკური კრიზისიც რომ არაფერ შუაში იყოს, იდეის დონეზეც კი, ეს პარლამენტის დისკრედიტაციად მიმაჩნია. ზუსტად იგივე მოსაზრება მაქვს კონტროლის პალატასთან დაკავშირებითაც. როცა მსგავსი დაწესებულებების 90%-ზე მეტი დედაქალაქშია, რა უნდა პარლამენტს, ან კონტროლის პალატას ქუთაისში? ეს არის მათი დაკნინების მცდელობა და სხვა არაფერი. მთელ მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც პარლამენტი დედაქალაქის მიღმა მდებარეობდეს“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ნოდარ ჯიქია.

მისივე თქმით, თუ გადავხედავთ ჩვენი პარლამენტის ძირითად შემადგენლობას, ვნახავთ, რომ გვყავს ნახევარი მაჟორიტარები და ნახევარი პარტიული სიის დეპუტატები. ანუ, პარლამენტის აპარატიდან გარკვეული თანხის გამოყოფა უნდა მოხდეს, რათა ისინი ბინებით იყვნენ უზრუნველყოფილი. ეს კი ზედმეტი ხარჯია, რომელიც რეალურად ჯერ გათვლილიც არ არის და საბოლოო ჯამში რამდენი იქნება, კაცმა არ იცის. გარდა ამისა, პლენალური სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს. ე.ი. გამოდის, რომ იქ კიდევ ცალკე აპარატის ხარჯებია გასათვალისწინებელი: „მოკლედ, ეს იქნება სამარშრუტო ტაქსით მოარული აპარატი, რომელიც დღეს ქუთაისში გამართავს სხდომებს და ხვალ თბილისში. ანუ, ეს ყველაფერი უკავშირდება გაბერილ, კოლოსალურ თანხებს  და ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის სხვა არაფერია, თუ არა ზედმეტი ხარჯი“.

მიუხედავად საზოგადოების განწყობისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ე.წ. დიდების მემორიალის ტერიტორია „სიძველეებისგან“ სრულიად გაწმენდილი უნდა იყოს.

ქუთაისელებს უკვირთ, იმხელა ტერიტორიაზე რაღა მაინცდამაინც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლს მიადგნენ და რატომ არის ასე აუცილებელი ქალაქის ისტორიის უგულებელყოფა?

ახალი ამბები