კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა ადვოკატ გოგონას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

16 დეკემბერი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის ადვოკატს მარიანა იველაშვილს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. იველაშვილს გორის პროკურატურა თაღლითობაში სდებს ბრალს. მარიანა იველაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად საქართველოს პრეზიდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და უფლებათადამცველებს მიმართავს.

22 წლის მარიანა იველაშვილი შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა 2008 წლის 3 ნოემბერს დააკავეს. დაკავების მიზეზი გორში მცხოვრები ორი მოქალაქის - ოლია ვალიევას და გულისა ნონიკაშვილის ჩვენებები გახლდათ. ოლია ვალიევი აცხადებს, რომ ადვოკატმა მარიანა იველაშვილმა მას მოტყუებით გამოსძალა 309 ლარი, რომლის გადახდის შემდეგაც არ გაუწია საადვოკატო მომსახურება. ხოლო გულისა ნონიკაშვილი ირწმუნება, რომ ადვოკატმა მისი 100 ლარი მიისაკუთრა.

ოლია ვალიევამ ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში იურიდიული დახმარების მიზნით მარიანა იველაშვილს მიმართა. ვალიევას სურდა, ნასამართლევი შვილისთვის ნასამართლეობა მოეხსნა. იგი თვლიდა, რომ მის შვილს - პეტრე ვალიევს სამხედრო სამსახურისთვის ხელს ნასამართლეობა შეუშლიდა. სწორედ ამიტომ, როგორც ოლია ვალიევამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, შვილის დაუკითხავად მიმართა ადვოკატს.

სასამართლო პროცესი 16 ივნისს ჩაინიშნა და ვალიევებს უწყება სახლში მიუვიდა. პეტრე ვალიევმა, ვიზეც ნასამართელობის მოხსნას ითხოვდა ოლია ვალიევა, საერთოდ არ იცოდა, რომ მას დედამ ადვოკატი დაუქირავა.

„სახლში უწყება როცა მოვიდა, მაშინ გავიგე, სასამართლოში რომ მიბარებდნენ. დედაჩემს გაოცებული ვკითხე, რაში იყო საქმე, რაზეც მან მიპასუხა, რომ სასამართლოში ნასამართლეობის მოსახსნელად უნდა წავსულიყავით. დილით წავედით სასამართლოში. ამ დროს დედაჩემი შედიოდა და გამოდიოდა სასამართლოს ფოიეში. პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა - ადვოკატი სად არისო. დედაჩემმა უთხრა - არ მოვიდაო. მე მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ გავიგე, რომ ჩემთვის ადვოკატი აუყვანია დედაჩემს“ - განაცხადა პეტრე ვალიევმა პროცესზე.

2008 წლის 17 ივლისის ცნობით პეტრე ვალიევის საქმეში დამცავი ორდერი არ იდო. ამდენად, მარიანა იველაშვილს უკვირს, რატომ დაუსვა მოსამართლემ ოლია ვალიევას კითხვა ადვოკატის შესახებ. წესით, მოსამართლეს ეს კითხვა არ უნდა გასჩენოდა. სწორედ ამიტომ, მარიანა იველაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, პეტრე ვალიევმა ამ ნაწილში სასამართლოს არასწორი ჩვენება მისცა.

,,საინტერესოა, ოლია ვალიევას პოზიცია იმ დროს, როცა ამბობს, სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ მოვიდაო. მას თავისუფლად შეეძლო მოეთხოვა პროცესის გადადება, რაც არ გააკეთა. იმის ნაცვლად, რომ შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა, მე მიჩივლა პოლიციაში დაუყოვნებლივ. მიმაჩნია, რომ ეს ქალბატონები პროვოკაციის მიზნით მოვიდნენ ჩემთან. ოლია ვალიევას შვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დედამ მას ისე აუყვანა ადვოკატი და საერთოდ ისე შეიტანა მის გარეშე საჩივარი, მას წარმოდგენა არ ჰქონდა. რატომ უმალავდა ამ ყველაფერს ოლია ვალიევა თავის შვილს? რა ინტერესი ჰქონდა ისეთი, რომ არ უნდოდა მის შვილს ყოველივე ამის შესახებ შეეტყო? პროცესებზეც არ უნდოდა მისი შვილი გამოჩენილიყო. ხან ამბობდა - საზღვარგარეთ არის ჩემი შვილი, ხან ამბობდა - ქუთაისშია წასული და კოორდინატები არ ვიციო. საბოლოოდ, როგორც იყო, მიაგნეს მის შვილს და მოიყვანეს პროცესზე, სადაც თქვა, რომ  დედამ მის დაუკითხავად აუყვანა თურმე ადვოკატი“, - ამბობს მარიანა იველაშვილი.

დაკავებულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ოლია ვალიევისგან არანაირი თანხა აუღია. მათ  საკუთარი სურვილით დავეხმარეო.

მარიანა იველაშვილს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა. გორში მცხოვრები გულისა ნონიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ მარიანა იველაშვილმა მისი 100 ლარი მიისაკუთრა.

,,სახლთან დაკავშირებით ჩემს შვილებთან დავა მქონდა. სარჩელი შევიტანე სასამართლოში. იქ მითხრეს, სარჩელი იურიდიულ ენაზე უნდა იყოს დაწერილიო. გარდა ამისა, განცხადებას ბაჟის ქვითარიც უნდა ერთოსო, დამარიგეს. არ ვიცოდი, სად იყო საბაჟო, თორემ მე თვითონ შევიტანდი თანხას. გზად მარი იველაშვილის ადვოკატურაში შევიარე, რომელმაც დამიდასტურა, რომ ბაჟის გარეშე სარჩელს არ განიხილავდნენ. გამოვბრუნდი, საპენსიო კრედიტი ავიღე - 100 ლარი და მივუტანე მარის. თან ვუთხარი, ოღონდ საქმე გამიკეთე და პატივისცემა ჩემზე იყოს-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე და სასამართლოდან მომივიდა ცნობა, რომ ჩემს სარჩელს არ განიხილავდნენ, რადგან ბაჟი არ იყო გადახდილი. მივაკითხე მარის და მოვთხოვე, თუ საქმეს არ გამიკეთებ, გიჩივლებ-მეთქი, მან კი მიპასუხა, ეს თანხა მომსახურებისთვის გამოგართვი და სადაც გინდა, იქ მიჩივლეო“, - ამბობს გულისა ნონიკაშვილი. 

გულისა ნონიკაშვილის ჩვენებით, მას ადვოკატის დაქრავებისთვის ფული არ ჰქონდა, ხოლო 100 ლარი ბაჟის გადასახდელად შეაგროვა: „მე რომ მცოდნოდა, მარიანა იველაშვილი მომსახურებაში ფულს გამომართმევდა, მაშინ წავიდოდი სტალინის ქუჩაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და იქ დავაწერინებდი სარჩელს უფასოდ“.

მარიანა იველაშვილი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და ყველა შესაბამის ორგანოს, რათა გაითვალისწინონ მისი - უდანაშაულო ადამიანის მდგომარეობა.

,,მას შემდეგ რაც ოლია ვალიევას გავუწიე უფასო იურიდიული დახმარება,  რამდენიმე დღის შემდეგ ოფისის კართან დამხვდა იგივე ქალბატონი, რომელმაც კიდევ ერთი დაზარალებული ქალბატონი მომიყვანა დასახმარებლად. ეს გახლდათ გულისა ნონიკაშვილი. ნონიკაშვილმა მითხრა, რომ მის შვილებს სახლიდან გამოუგდიათ და უნდოდა მათთვის ეჩივლა. გულისა ნონიკაშვილს ავუხსენი, რომ სასამართლოში ბაჟი იყო გადასახდელი, რაზეც მიპასუხა, რომ შენ სარჩელი დაწერე, დანარჩენს მე მოვუვლიო. ამის შემდეგ წავიდნენ ეს ქალბატონები და თვალით არ მინახავს“, - ამბობს მარი იველაშვილი.

რაც შეეხება გულისა ნონიკაშვილის ჩვენებას, ამის შესახებ მარიანა იველაშვილი განმარტავს: ,,მე ვერაფრით გამოვართმევდი გულისა ნონიკაშვილს ბაჟის გადასახდელ თანხას, რადგან ბანკში ბაჟის გადახდა ხდება კონკრეტული პიროვნების მიერ პირადობის ან პასპორტის მეშვეობით. ასე რომ, დაუშვებელი იყო, მე მომეტყუებინა ნონიკაშვილი, თითქოს მის მაგივრად შევიტანდი ბაჟის თანხას. ესეც მორიგი სიცრუეა“.

გორის შს სამმართველოს გამომძიებელმა დურგლიშვილმა საინტერესო წერილი გაუგზავნა გორის საგადასახადო ინსპექციას. ,,გთხოვთ, გვაცნობოთ, გავლილი აქვს თუ არა რეგისტრაცია მარიანა იველაშვილს, როგორც ადვოკატს“, - ეკითხება წინასწარი გამოძიების დროს გამომძიებელი დურგლიშვილი საგადასახადო ინსპექციას 2008 წლის 15 ივლისს. საგადასახადო ინსპექციიდან გამომძიებელს მისდის პასუხი, რომ ,,საგადასახადო ინსპექციაში მარიანა იველაშვილი არ არის დარეგისტრირებული როგორც ადვოკატი“.

,,საინტერესოა, ვინ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში როგორც მძღ ოლი, მაღაზიის გამყიდველი ან კიდევ მზარეული. მე საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტირებული ვარ, როგორც გადამხდელი, დაფიქსირებულია ჩემი პირადი ნომერი, მაქვს ბეჭედი და ყველა შესაბამისი საბუთი“, - ამბობს მარი იველაშვილი.

საქმე ამაჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოშია. რაიონულმა სასამართლომ მარიანა იველაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მარი იველაშვილის ძმა საქართველოდან გადახვეწილია, რადგან მასაც აფრთხილებდნენ მოსალოდნელ დაკავებასთან და დევნასთან დაკავშირებით. იველაშვილები საქართველოს პრეზიდენტს და ყველა შესაბამის უწყებას დახმარებას სთხოვენ, თუნდაც ეს იყოს სამართლის პოვნის კუთხით, ან და თუნდაც - შეწყალების კუთხით.

ახალი ამბები