კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, პრემიერ-მინისტრი იტყუება

17 დეკემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი,
ანა შეშაბერიძე

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის ლაბორატორიულად 647 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 მძიმე შემთხვევაა. საშიში ვირუსით 5 ადამიანის გარდაცვალებამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებისა და პირბადეების საკმარისი მარაგი არსებობს. ჩვენთან საუბრისას ამას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა. თუმცა, ჩვენ ამ ინფორმაციაში ეჭვი შევიტანეთ და ქალაქის აფთიაქებში სპეციალური გამოკითხვა ჩავატარეთ. ექსპერიმენტმა სრულიად განსხვავებული სურათი გვიჩვენა. როგორც ირკვევა, პირბედეების სერიოზული დეფიციტია და პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, იტყუება.

15-16 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა უბანში ჩვენს მიერ გამოკითხული 24 აფთიაქიდან პირბადეები მხოლოდ სამ აფთიაქში აღმოვაჩინეთ. ესენია - აფთიაქი „ჯიპისი“ (აღმაშენებლის 116), მისი პარტნიორი აფთიაქი „წითელი A“ (გლდანის მე-5 მკ/რ-ნი) და აფთიაქი „ნიუ ფარმა“ (გლდანის მე-3 მკ/რ-ნი). ფასი 27-დან 40 თეთრამდე მერყეობს.

პირბადეების დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემურია „ავერსისა“ და „პეესპეს“ აფთიაქებში, რომლებიც ქალაქში, როგორც წესი, გვერდიგვერდ არის გახსნილი. ჩვენ სრულად წარმოგიდგენთ იმ აფთიაქების სიას, სადაც პირბადეები არ ჰქონდათ.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი: ყაზბეგის გამზირი #5; ყაზბეგის გამზირი #8; მეტროსადგური „სამედიცინო ინსტიტუტი“, ხიზანიშვილის ქ #6, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატთან“, გლდანის მე-7 მიკრორაიონი, გუდამაყრის ქუჩა #4; გაგარინის მოედანი.

ყაზბეგის გამზირი #5-ის „ავერსის“ფარმაცევტმა ზურაბ კიკვაძემ გვითხრა: „უკრაინაში არსებული ვითარება რომ აჩვენეს ტელევიზიით და თქვეს, რომ იქ პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, შემიძლია ვთქვა, მეორე დღეს ჩვენთან არსებული პირბადეები მთლიანად გაიყიდა. ამჟამად კვლავ დეფიციტია. პირბადეები ბაზაშიც არ არის და ყოველდღე ველოდებით“.

„ავერსის“ ცხელ ხაზზეც დაგვიდასტურეს, რომ ქსელში პირბადეების დეფიციტია.

სერიოზული დეფიციტია „პეესპეშიც“, კერძოდ, პირბადეები შემდეგ აფთიაქებში არ ჰქონდათ: ყაზბეგის გამზირი #8; ხიზანიშვილის ქ. #6; აღმაშენებლის გამზირი 97; გლდანის მე-7 მიკრორაიონი; გაგარინის მოედანი.

პირბადეები ასევე არ ჰქონდათ: „სახალხო აფთიაქი“ მეტრო „პოლიტექნიკურთან“;
გლდანის მე-3 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „მასივში“ არსებული აფთიაქი; გლდანის მე-5 მიკრორაიონში, აფთიაქში 36/6; „ჯიპისი“, ყაზბეგის #10; მეტროსაგური „ახმეტელთან“ სუპერმარკეტი „მარიამი“ - კერძო აფთიაქი.

„ბოლო 2 თვეა, პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენთან დიდი ხანია დეფიციტია“, - გვითხრა აფთიაქ „გეას“ (ყაზბეგის გამზირზე # 13) ფარმაცევტმა, ქეთი მაისურაძემ.

თბილისში პირბადეების დეფიციტი რომ შეიმჩნევა, ფაქტია. მოთხოვნაც არათუ მცირდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება. პირბადეები ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ.

ქალაქში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მივაწოდეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, შოთა ცანავას და ამ პრობლემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

„მე კერძო აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ცენტრებში მედიკამენტების და პირბადეების საკმარისი რაოდენობაა“, - გვიპასუხა შოთა ცანავამ და დასძინა, რომ შესაბამისად, მოსახლეობამ პირბადეები არა კერძო აფთიაქებში, არამედ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიკითხოს.

ჩვენ რამდენიმე პოლიკლინიკაში დავრეკეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პირბადეები მხოლოდ თანამშრომლებისთვის აქვთ და მოქალაქეებზე კი არ გაიცემა. „მიაკითხეთ აფთიაქებს“, - გვირჩიეს პოლიკლინიკებიდან.

www.Humanrights.ge აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას ამ თემაზე. ახალ ინფორმაციებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ახალი ამბები