15:30, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში კიდევ 12 ქართველი, მათ შორის 17 წლის გიორგი არჩვაძეა

18.12.2009
ოსი სეპარატისტების ლიდერის, ედუარდ კოკოითის მიერ ცხინვალში მიწვეული ქართველი უფლებადამცველები ცხინვალში დაკავებულ და გასამართლებულ მოქალაქეებს, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების ახლობლებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რა განწყობებია ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებაში, რა პოზიცია აქვს სეპარატისტული რეჟიმის მმართველს ქართველი ტყვეების გათავისუფლების საკითხზე და რას ითხოვენ უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მშობლები? - ამ თემებზე და ვიზიტის სხვა დეტალებზე ქართული დელეგაციის წევრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.

- რა იყო თქვენი ცხინვალში ვიზიტის მთავარი მიზანი და ვის შეხვდით იქ?

- ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ცხინვალში ჩასვლის ხელშეწყობა ვთხოვეთ და იქ დაკავებული ქართველი მოზარდების გათავისუფლების საკითხის მოსაგვარებლად ჩავედით. ვიზიტის ფარგლებში ედუარდ კოკოითს, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მშობლებს შევხვდით. თუმცა კოკოითთან შეხვედრა ნამდვილად არ იყო წინასწარ დაგეგმილი. ეს ჩვენთვისაც ძალზე მოულოდნელი იყო. ცხინვალში ჩასვლა ტირძნისელი მოზარდების მშობლებსაც შევთავაზეთ. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი არ წამოვიდნენ.

- რაზე ესაუბრეთ კონკრეტულად კოკოითს და რას ფიქრობს იგი ქართველი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, კოკოითმა გვითხრა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის და სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ცუდი განცხადებები აღიზიანებს. სიმართლე გითხრათ, ეს განცხადებები მეც არ მომწონს. თუმცა, არ შეიძლება ამ ყველაფერში ბავშვების გარევა. კატეგორიული საუბარი კოკოითთან არ ყოფილა. მას კატეგორიულად არ უთქვამს, რომ მოზარდებს არ გაათავისუფლებს. მან განგვიმარტა, რომ ცხინვალის საზოგადოების, კონკრეტულად კი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მშობლებისგან მძიმე საზოგადოებრივ ზეწოლას განიცდის, რომ მოზარდები არ გაათავისუფლოს. კოკოითმა ისიც აღნიშნა, რომ ბავშვების ჯინი არ ჭირს და მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენება შეუძლია. თუმცა, დასძინა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა არა ცალმხრივი, არამედ ურთიერთშეთანხმებული უნდა იყოს. მას არ სურს ჩვენი ინტერესების დაკმაყოფილების ხარჯზე თავისი საზოგადოების ინტერესების შელახვა და ვფიქრობ, ქართულ მხარეს მეტი დაფიქრება სჭირდება ამ ყველაფერზე.

- როგორც აღნიშნეთ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსების მშობლებსაც შეხვდით... რატომ არიან ისინი მოზარდების გათავისუფლების წინააღმდეგი?

- მათთან საკმაოდ მძიმე საუბრები გვქონდა. მშობლები თავიანთი შვილების გათავისუფლებას ითხოვენ. ჩვენ ავუხსენით, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ისინი დაკარგულები არიან, მაგრამ ამ საკითხზე ყურადღების გაზრდაა საჭირო. საერთოდ, ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენა ძნელია. თუმცა, თუ ქართველ ტყვეებს გაათავისუფლებენ, ოსების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი უფრო გაადვილდება და მათ საკითხის ირგვლივ კითხვებზე პასუხებს უფრო აქტიურად მოვთხოვთ. ისე, ოსები მზად არიან ტყვეთა გაცვლაზე პრინციპით „ყველა-ყველაზე“, თუმცა ჩვენები ამის წინააღმდეგ მიდიან. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მეტი დაფიქრებაა საჭირო, რადგან აქ ადამიანების ბედზეა საუბარი და არა პოლიტიკაზე.

- როგორია ტყვეობაში მყოფი ტირძნისელი მოზარდების - ვიქტორ ბუჩუკურის და ლევან ხმიადაშვილის მდგომარეობა?

- ბავშვები სუფთად გამოიყურებიან. როგორც გვითხრეს, იზოლატორში ნორმალური პირობები აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია. მოზარდებთან გულახდილი საუბარი გვქონდა და სწორედ მათგან გავიგეთ, რომ ტყვეობაში კიდევ 12 ქართველი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი - 17 წლის გიორგი არჩვაძეა. სამწუხაროდ, დანარჩენ 12-ს არ შევხვედრივართ. თუმცა ამ საკითხს მივუბრუნდებით. ახლა ყველაზე მთავარი ტირძნისელების გათავისუფლებაა. ამას გარდა, ჩვენ შევხვდით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, რომელთა აზრით, საჭიროა სპეციალური კომისიის შექმნა თავად კოკოითის ეგიდით, რომელიც კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იმუშავებს.

- დღეს თბილისს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი ეწვია, რომელიც კვლავ ცხინვალში ჩავიდა და გააგრძელებს მოლაპარაკებებს ტირძნისელების გასათავისუფლებლად. რა მოლოდინები გაქვთ, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მშობლების პოზიციასაც გავითვალსწინებთ, რომელსაც მათი ლიდერიც იზიარებს?

- ვერანაირი ჰამარბერგი ჩვენ ვერ გვიშველის, თუ მეტი ყურადღებით არ მოვეკიდებით ამ საკითხს. თუ ზემოხსენებული კომისია ჰამარბერგის ეგიდით შეიქმნება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუმცა ყველა ვარიანტში ჩვენი მხრიდან დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ისე კი მოლოდინები, რა თქმა უნდა არის, ჰამარბერგი ცხინვალში ჩადის და ალბათ, 2-3 დღეში ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC