კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს

29 დეკემბერი, 2009

არჩევანი საქართველოსთვის: ქართული შოვინიზმი თუ აფხაზეთი?

უჩა ნანუაშვილი, კამპანია „ბოდიშის“ ინიციატორი,
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი

„კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, ერთი ასეთი კენჭის  როლს „ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს“.

ამ სიტყვებით იხსნება კამპანია „ბოდიშის“ ვებ-გვერდი www.apsni.org.  ამ თემაზე ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, ძირითადად მაინც ინტერნეტ–სივრცეში და საჯარო დისკუსიებში, რადგან წამყვანი მედია (მათ შორის  ზოგიერთი ე. წ. დამოუკიდებელი) სისტემატიურად ბლოკავდა ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელებას. მოწინააღმდეგენი კი არათუ კამპანიას, არამედ ამ თემაზე დისკუსიის იდეასაც კი გამოუჩნდნენ. და მაინც, რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს? მინდა, ეს თემა ცოტა გავშალო, რათა ერთად დავფიქრდეთ იმ შეცდომებზე, რამაც მოგვიყვანა იმ მდგომარეობამდე. ეს შეცდომები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვისიგრძეგანებია და კვლავინდებურად ვაგრძელებთ მითების სამყაროში ცხოვრებას. ქართველები - ქართული მითების, აფხაზებიც - ასევე საკუთარი მითების სამყაროში.

არარსებული დიალოგი

დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას, პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.

მრავალი წელია, ხელისუფლებაში თუ მის გარეთ არსებული დესტრუქციული ძალები შეგნებულად ატყუებენ ქართულ საზოგადოებას და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. მოლაპარაკებების პროცესი ხელოვნურადაა ჩაშლილი. ხალხს წლების განმავლობაში უნერგავდნენ და ახლაც უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს ხდება მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, არც დაწყებულა. წლების განმავლობაში მსგავს პოლიტიკას აწარმოებდა შევარდნაძე, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით 2005 წლიდან - სააკაშვილი. იგივე აზრს უტრირებას უკეთებდა თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა საქართველოში.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა, საზოგადოება კი, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა ბინძური თამაშების მსხვერპლი?

ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს? გარეგნულად, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?

ვის დაკვეთას ასრულებენ პოლიტიკოსები?

პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, ხალხის დაკვეთა შეასრულონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი – გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ყველა მხრიდან ნაკლებად გამოხატავს მოსახლეობის ინტერესებს, თუმცა, მათ მითვისებული აქვთ საკუთარი ხალხის და ქვეყნის სახელით საუბრის უფლება. ხალხის აზრი, როგორც ყოველთვის, იგნორირებულია. ხალხისთვის არავის უკითხავს უნდოდათ თუ არა ომის დაწყება აფხაზეთში 17 წლის წინ. იმ ბანდებს კი, რომლებიც აფხაზეთს, მანამდე კი რამდენჯერმე სამეგრელოს შეესივნენ, ერქვათ საქართველოს შენაერთები და მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოს სახელით. საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხდებოდა არაერთი ინციდენტის პროვოცირება.

საინფორმაციო ვაკუუმი და მედია კონფლიქტის გაღვივებაში

დღეს ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა გაცილებით მეტი ვიცით, რა ხდება შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე, ვიდრე ერთმანეთის შესახებ. უკვე წლებია, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ. მოსახლეობას მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება, უმეტეს შემთხვევაში – მხოლოდ დეზინფორმაცია. ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება დაუსრულებელი ტყუილების ტირაჟირება, მიმდინარეობს მტრის ხატის შექმნა და ამას დასასრული არ უჩანს. ხალხი კი, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო, სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციას იჯერებს. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ტელეეკრანზე გასული სიუჟეტების უმრავლესობა ან საერთოდ მოგონილია, ან მასში მხოლოდ ნაწილია სიმართლე. სასურველია, მოსახლეობა დაფიქრდეს, სანამ კონფლიქტური ზონიდან მოსმენილ ინფორმაციას დაიჯერებს. ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ინფორმაციის გადამოწმება შევძელით, თუმცა ეს საკმარისია დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლება წარმატებით ახდენს მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ინფორმაციით მანიპულირებას, არ ერიდება ფაქტების დამახინჯებას და დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ბუნებრივად აისახება კონფლიქტის ესკალაციაზე. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ე. წ. ჟურნალისტები, რომლებიც ზოგჯერ არაკვალიფიციურობის გამო ავრცელებენ არაობიექტურ ინფორმაციას, ზოგჯერ კი სრულიად მიზანმიმართულად აყალბებენ სინამდვილეს და ხალხს ხელისუფლების მიერ დაკვეთილი დეზინფორმაციით კვებავენ.

დღეს მთელი ქართულ-აფხაზური პოლიტიკა აწყობილია ურთიერთბრალდებებზე, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებით არჩევნების წინ პიარისთვის მიმართავს, ხშირად კი მნიშვნელოვანი მოვლენების გადაფარვის მიზნით. გავიხსენოთ 2008 წლის  საპარლამენტო არჩევნების დროს ხურჩის ინციდენტის ინსპირირება. საგულისხმოა, რომ ამაში საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის საავტორო უფლება. გასული წლის თებერვალში სომხეთის ხელისუფლებამ იგივე მეთოდი გამოიყენა არჩევნების ფალსიფიკაციის გადაფარვის მიზნით - ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებში ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა.

სახეზეა კონფრონტაცია, რის შედეგადაც, როგორც ყოველთვის, სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. მტრის ხატი კიდევ უფრო ძლიერდება, უბრალო, ჩვეულებრივ კრინიმალს, თუკი ის მოხდა კონფლიქტის ზონაში, ენიჭება მსგავსი კლასიფიკაცია – „აფხაზმა კრიმინალებმა“, „აფხაზმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ“, „ოსმა სეპარატისტებმა“ და ა. შ. ჩვენთვის ცნობილია ფაქტებიც, როცა ტელეკამერების წინ მოგონილი, გარკვეული ფრაზის გაჟღერების სანაცვლოდ რა ანაზღაურება მიიღეს რესპოდენტებმა. ანდა როგორ ხდება წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონის სოფლებში გადაღებული კადრების გასაღება გალის რაიონის სოფლების კადრებად.

ალბათ, დადგა დრო, ეჭვის თვალით შევხედოთ იმ ყველა ფაქტს და შეფასებას, რაც კი მოსმენილი გვაქვს ბოლო წლებში. გამოვიჩინოთ  ურთიერთპატივისცემა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს აქვთ უფლება, განვითარდნენ და იცხოვრონ მშვიდობიანად. ახსოვს ვინმეს ეს ხალხი? გვახსოვს ის ათეულათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ცხოვრობს ამ ატმოსფეროში?

ვინ არიან აფხაზები ქართველებისთვის?

საკითხავია, რამდენად იჩენს ქართული საზოგადოება საკმარის ყურადღებას და პატივისცემას აფხაზი ერის მიმართ? ვართ თუ არა ჩვენ გულწრფელნი, როდესაც ვამბობთ, ვიცხოვროთ აფხაზებთან ერთად, როცა ელემენტარულ ურთიერთგაგებაზე წასვლა გვიჭირს. თუ ჩვენთვის აფხაზი ჩრდილოეთიდან მოსული სტუმარია, რომელიც „ჩვენს წმინდა მიწაზე ცხოვრობს და მადლობელნი უნდა იყოს, რომ საერთოდ ცოცხალია და ჩვენს ჰაერს სუნთქავს“. და რომ აფხაზურ ენაზე ბიბლიის თარგმნა ბევრისთვის, თურმე, დაუშვებელია. და რომ აფხაზი ქართველია და სინამდვილეში არავითარი აფხაზი არ არსებობს. იქნებ, როგორმე გავარკვიოთ, ვინ გადაწვა ომის დროს სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი? ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გადასარჩენად. რამდენი ლარი დავხარჯეთ ამისთვის? რა გავაკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტია მილიარდ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მილიონია, კონფლიქტების მოგვარების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა კი მხოლოდ 610 000 ლარი (დაახლოებით იგივე იყო სხვა წლებში)? რას ვაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს აფხაზური და აფხაზური ენა განვითარდეს?

კონსტიტუციით, აფხაზური ენა სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ამ 18 წელიწადში რამდენი წიგნი დაიბეჭდა აფხაზურად თბილისში? იქნებ ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვაქვს აფხაზეთის რუსიფიკაციაში?

რატომ იყურებიან აფხაზები რუსეთისკენ?

კიდევ უფრო შორს აღარ წავალთ, მკითხველისთვის ისედაც გასაგებია, როგორ მუშაობდა საბჭოთა კავშირი და მოგვიანებით რუსეთის ფედერაცია კონფლიქტების გაღვივებისთვის. როგორ მუშაობს იგი დღეს და ვინ ეხმარება მისი სცენარების ამუშავებას ადგილობრივ დონეზე. ამაზე საზოგადოებას ნელ–ნელა უკვე გაცილებით სწორი წარმოდგენა უყალიბდება.

ჯერ კიდევ სრულად არ შეფასებულა საბჭოთა კგბ-ს როლი როგორც ამ პროცესებში, ისე ეროვნულ მოძრაობაში, შეიარაღებულ გადატრიალებაში. რატომ დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში ის ლიდერები, რომლებიც დიალოგს და პრობლემის მოგვარებას უწყობდნენ ხელს და ვითარდებოდნენ ის ძალები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებდნენ ისედაც რთულ და დაძაბულ მდგომარეობას? მრავალ კითხვაზე პასუხი კვლავ არ არის. უახლესი ისტორია კი საერთოდ არ შეფასებულა. ლუსტრაციის კანონზე მიმდინარე ყველა პროცესი საეჭვოდ გაიყინა, ალბათ – არცთუ ისე შემთხვევით.

იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად, რუსეთს სთხოვონ დახმარება – იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსეთის მხრიდან მე-19 საუკუნეში აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? როდესაც ვსაუბრობთ დეპორტირებული თურქი–მესხების უკან დაბრუნებაზე, აღარ გვახსოვს აფხაზი მუჰაჯირები? თუ საზოგადოება და ხელისუფლება ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მაშინ რატომ არ ვართ თანმიმდევრულები? საქართველოში ვინმეს ახსოვს აფხაზების გენოციდი, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება? თუ ეს მართლა სულერთია ჩვენთვის?

აფხაზი მუჰაჯირების და ქართველი დევნილების დაბრუნება აფხაზეთში

ქართველებს და აფხაზებს საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. დღეს ჩვენ აფხაზებს არ ვუტოვებთ სხვა გზას, გარდა რუსეთისა. მუჰაჯირების შთამომავლები კვლავ დევნილობაში არიან. ახსოვს ისინი ვინმეს ქართულ საზოგადოებაში? ქართველ პოლიტიკოსებს? რომელ პარტიას ან საზოგადოებრივ ჯგუფს ახსოვს? აღარაფერს ვამბობ თანამდებობის პირებზე ან სახელმწიფო ორგანოებზე. უნდათ მათი პრობლემები გაიგონ და თუნდაც საუბარი დავიწყოთ მათ დაბრუნებაზე? ვართ მზად ამისათვის? ვართ მზად თუნდაც ქართველი დევნილების დაბრუნებისთვის? გვინდა ეს ნამდვილად, თუ ესეც მხოლოდ პოლიტიკური თამაშების და პიარის კომპონენტებია, რომელიც მაშინ წამოიწევს წინ, როცა სადღაც ვიღაცას დასჭირდება? 90–იანი წლების ბოლოს ბევრი გალელი დაბრუნდა უკან აფხაზეთში. ეს ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად შეეშინდა ამ პროცესის, რადგან ხელიდან ეცლებოდა ამ პრობლემის მართვის ბერკეტები და დაბრუნების პროცესი კვლავ გაიყინა.  იქნებ დღესაც გვირჩევნია, დევნილები ასე გვყავდეს, არჩევნების წინ ხომ ასე ადვილია დაიმედებით და დაპირებებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება დევნილ ელექტორატში. ახსოვს ვინმეს, თუნდაც ბოდიში მოუხადოს დევნილებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი დაცვა?! პირიქით, სწორედ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა ათიათასობით ადამიანი. როდის მოუხდის ბოდიშს ქართული სახელმწიფო აფხაზებს და ქართველ დევნილებს?

მუშაობა ქართველი დევნილებისა და აფხაზი მუჰაჯირების დაბრუნებაზე აფხაზეთში პარალელურად უნდა დაიწყოს. აფხაზების პროცენტული რაოდენობა უნდა გაიზარდოს. დევნილები უნდა დაბრუნდნენ. სხვანაირად აფხაზეთი ევროპისკენ გახედვას ვერ შეძლებს. ესეც რეალობაა ოცდამეერთე საუკუნეში.

რამდენი აფხაზური სიტყვა ვიცით?

ახსოვს ვინმეს თბილისში, ვინ არიან აფხაზები, რამდენმა კაცმა იცის თუნდაც ერთი აფხაზური სიტყვა. სიტყვა „ჰათამზააით“ („ბოდიში“) ძალიან ბევრი ქართველისთვის ერთადერთი ნაცნობი სიტყვაა. გვინდა, მართლა  დავალაგოთ ურთიერთობები აფხაზებთან? ვხედავთ რამეში ჩვენს ბრალს, რაც მოხდა და რაც ხდება? თუ ამაში ყველაფერში სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები არიან დამნაშავე? გასაგებია, რუსეთი ვინც არის და რაც სურს. გვინდა, გავიგოთ, რა ინტერესები აქვთ აფხაზებს, რას ფიქრობენ, რა აწუხებთ და რა აღელვებთ? იქნებ რაღაცაში მართლები არიან? იქნებ შევხედოთ აფხაზების თვალით პროცესებს? მაგრამ არა! ასეთ პოლიტიკას ხომ ჩიხში შეჰყავს დიდი ფარსი, რასაც რუსული სცენარი ჰქვია. ამ ფარსის განხორციელებაში საქართველოს ყველა ხელისუფლება მონაწილეობდა ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ შეუგნებლად. ეს პოლიტიკა დიდი ხანია მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, მუშაობს ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ. მუშაობს მთავარი მოქმედი პირებით, ხილული და უხილავი „გმირებით“. ვინ იდგა ან ვინ დგას რეალურად ამ ადამიანების უკან? რომელი  დაწესებულება? მათი დიდი ნაწილი კომფორტულად გრძნობს თავს და არც საკუთარ ნამოქმედარზე ფიქრი აწუხებს.

27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე ქართველებისთვის, სოხუმის განთავისუფლების დღე აფხაზებისთვის

ვეკითხებით რომელიმე დედას, უნდა თუ არა კვლავ ძმათამკვლელ ომში გაგზავნოს შვილი? ომში, რომელსაც არ ეყოლება გამარჯვებული, და დამარცხებულნი ვიქნებით ყველა. ომი, რომელიც აფხაზებისთვის იქნება საბოლოო განადგურების ტოლფასი, ქართული სახელმწიფოსთვის კი საბოლოო კრახი. ვიცით თუ არა, რომ 1992-1993 წლების ომში აფხაზების დაახლოებით 5 პროცენტი დაიღუპა? და თუ იგივე კიდევ განმეორდა, ომში გაიმარჯვებს მხოლოდ სხვა, ვინც მოვა და დასახლდება აფხაზების და ქართველთა ნასახლარებზე. ბევრმა აფხაზურმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ომში და მათ სურათს  ნახავთ აფხაზეთში ყველა ოჯახში. ვინ არიან ეს ადამიანები საქართველოსთვის? ქართველებისთვის? მტერი? ორივე მხარეს საკუთარი გმირი და მტერი ჰყავს. რას იზამდა აფხაზების ადგილას ქართველების უმრავლესობა, მათ სახლში რომ შეიარაღებული ბანდები შევარდნილიყვნენ? აიღებდა იარაღს თუ არა? ვიყოთ გულწრფელნი და გავიგოთ ერთმანეთის. 27 სექტემბერი აფხაზებისთვის სოხუმის განთავისუფლების დღეა, ქართველებისთვის – სოხუმის დაცემის. ამ მენტალიტეტით იზრდებიან ბავშვები ორივე მხარეს. ჭრილობები კი ჯერ კიდევ ღიაა და მოუშუშებელი. საკითხავია, მართლა გვინდა გავუგოთ აფხაზებს? შეიძლება თუ არა ოდესმე ეს დღე აღინიშნოს ერთნაირად?

მილიტარისტული ისტერია

ტელევიზიები ბოლო წლები წალეკა ომის პროპაგანდამ, ომისადმი მოწოდებამ. იხარჯება ათასობით ლარი პროპაგანდისტულ კლიპებში, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ აფხაზების გარეშე, თითქოს ცარიელ სოხუმში ჩასვლაზე დასასწრებად ერთმანეთს ეცილებიან „პატრიოტი“ მომღერლები (რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის გარეშე ხომ სიმღერაც არ იქნება?!). 50000–ლარიანი უგემოვნო მილიტარისტული ისტერია ფსოუს წყალზე. გვახსოვს ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ფაშისტური პროპაგანდა ტელეკომპანია „საქართველოს“ ეთერით - 2008 წლის ზაფხულში ჰიტლერის ციტატებით გაჯერებული გადაცემები („ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით. ჰიტლერი, 1932“)... და ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდებოდა.

რაც დავიჭირეთ ხელში ამ მილიტარისტული პოლიტიკით, ეს ყველასთვის ცხადია და აღარ გავაგრძელებ. სამწუხაროდ, შეცდომებზე სწავლა არ გვინდა. კვლავ იგივე წყალში შევდივართ. ხელისუფლება იგივე პოლიტიკას აგრძელებს. საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც იგივე განწყობები აქვს. მას უნდა იგივე, ოღონდ უკვე სხვა ლიდერის, სხვა პოლიტიკური გუნდის მეშვეობით.

ვის უნდა ომი?

ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რა არის ომი და ვერ გეტყვის, ვის უნდა ვეომოთ და რატომ. რატომ უნდა დავუჯეროთ და ავყვეთ პროვოკაციაზე სხვა ძალას, რომელიც ქართველებსაც და აფხაზებსაც ადრეც გვამარაგებდა იარაღით, რათა ჩვენ ერთმანეთი დაგვეხოცა. და ახლაც უხვად გვამარაგებენ იარაღით დღესაც. მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავხოცოთ. დამატებით მილიარდობით მოგებაც განაღდებულია იარაღის ვაჭრობით, რის ცდუნებასაც ვერც რუსი და ვერც ქართველი ხელისუფალნი ვერ უძლებენ.

ჩვენ შეგვაჩვიეს ტელეეკრანებიდან სიცრუის მოსმენას ერთმანეთის შესახებ, ჩვენ შეგვაჩვიეს, რომ უნდა ვცხოვრობდეთ მუდმივი დაძაბულობის, შიშის და ტერორის ქვეშ. ჩვენ შეგვაჩვიეს ტერორისტულ აქტებს და სპექტაკლებს კონფლიქტის ზონაში. ჩვენ შეგვაჩვიეს მდგომარეობას, რომელიც არც ომია და არც მშვიდობა.

რას ნიშნავს დავიბრუნებთ აფხაზეთს? დავიბრუნოთ ტერიტორია თუ ხალხი?

და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი – „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? ღირს თუ არა საერთოდ სისხლისა და სიკვდილის ქვეყანაში დაბრუნება? რა უნდა ქართულ საზოგადოებას? რევანში თუ ნორმალური ურთიერთობა აფხაზ ხალხთან?

სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალში არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ელიტების ომი. საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მხარს უჭერდა მას. ომის საწინააღმდეგო გამოსვლებს არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია თვით სამოქალაქო საზოგადოებაშიც კი. სამწუხაროა ისიც, რომ 2008 წლის ივლისში ქართულ არასამთავრობოთა დიდმა ნაწილმა ომის საწინაააღმდეგო განცხადებაზე ხელის მოწერას თავი აარიდა.

და დროა, კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა: რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში – ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.

„არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.

ბოდიში

ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსულის შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები, არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა,  რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში. რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა ვერ აღვკვეთეთ ომის დაწყება წლების წინ. და ვერ დავიცავით ვერც ქართველი და ვერც აფხაზი ხალხი.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი  ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.

რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების გამონახვა? ნუთუ ასე ძნელია საერთო ენის გამონახვა? როგორ ვცხოვრობდით აქამდე ამდენი საუკუნეები? ზოგს ამის დანახვაც უკვე უჭირს, რომ აღიაროს საუკუნეების თანაცხოვრების ფაქტი.

ომი ქართულ ცნობიერებაში

ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

ხშირად ყველაზე რთული პრობლემა ყველაზე ადვილი მეთოდით, ელემენტარული ჭეშმარიტების შეცნობით მიიღწევა. ადამიანს უკან უბრუნდება ის, რასაც აგზავნის, აგრესია იწვევს აგრესიას, სიძულვილი – სიძულვილს. ძალადობა – ძალადობას. რამდენი უარყოფითი ინფორმაცია, უარყოფითი იმპულსი და მუხტი წავიდა აფხაზეთის და აფხაზების მიმართულებით უკანასკნელ წლებში? და პირიქით... ეს მუხტი გროვდება. და აისახება ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე. დადებითს გააგზავნი, ასევე მიიღებ დადებითს, სიყვარულის წილ მიიღებ სიყვარულს. აგრესიისა და სიძულვილის ნაცვლად კი მიიღებ იგივეს. ეს ის ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რომლის გაგება ასე უჭირს ჩვენს საზოგადოებას. გვინდა, მართლა რამე შევცვალოთ ამ დინამიკაში? გვინდა დადებითი მესიჯის გაგზავნა აფხაზი ხალხის მიმართ?

სხვის თვალში ბეწვს ვამჩნევთ და საკუთარში დირეს ვერ ვხედავთ.

ბოდიშის კამპანიის მიმართვაში იყო მოწოდება ლოცვისადმი. ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო. სიყვარული და ლოცვა ცვლის ბევრ რამეს, და ის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა პატივი სცენ ერთმანეთს, არაა მხოლოდ ოცნება. ესაა ერთადერთი გზა, დავაღწიოთ თავი შექმნილ მდგომარეობას, საიდანაც გამოსვლა თითქოს ყველას გვინდა, მაგრამ საკუთარი სიამაყის, საკუთარ თავში შოვინიზმის ნიშნების შენიშვნა არ გვინდა.

ქართული შოვინიზმი

რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და მთლიანად ქართული სახელმწიფო, უარი თქვას ქართულ შოვინიზმზე, ისტორიის შელამაზებასა და საკუთარი შეცდომების აღიარებაზე – ამაზე ბევრადაა დამოკიდებული მთლიანად ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მომავალი.

რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი აფხაზებსაც. ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც ვაშინგტონი ვერ გადაწყვეტს იმ საკითხებს, რაც ორი ხალხის გადასაწყვეტია. რამდენად გვინდა ეს? რამდენ ხანს გავაგრძელებთ ასე? ქართველებმა ან უნდა უარი ვთქვათ ქართულ შოვინიზმზე, ან აფხაზეთზე საერთოდ. დამოუკიდებლობის აღიარების ეიფორია მალე გადის  და რეალობას უნდა დაბრუნება. უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა აფხაზეთში პირველ რიგში აფხაზების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ათი წლის მერე გაცილებით კარგად გამოჩნდება. თუმცა, აფხაზეთში ფიქრობენ, რომ მათთვის ნომერ პირველი საფრთხე სააკაშვილის ხელისუფლებაა და რუსეთს დღეს ალტერნატივა არა აქვს.

აფხაზური აფხაზეთი

ქართულმა საზოგადოებამ უნდა ყველანაირად შეუწყოს ხელი აფხაზური ენის განვითარებას და აფხაზეთში აფხაზური ენის გადაქცევას სახელმწიფო ენად. როგორც კი აფხაზეთი იქნება აფხაზური, ის უკვე გასულია რუსული ორბიტიდან.

არ არსებობს ქართულ-აფხაზური ხედვა

ფაქტია, რომ არ არსებობს მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებობს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი, ალტერნატივა. საკითხავია, რამდენად აქვს ქართულ საზოგადოებას ეს გათვითცნობიერებული? რამდენად ვუყურებთ  საკითხს შორეული პერსპექტივის თვალსაზრისით და პრაგმატული მიდგომით? დღეს ჩვენი საზოგადოება ემოციებზეა დაფუძნებული და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გამოსავალს ვერ ხედავს. საზოგადოებას არ აქვს ნათელი წარმოდგენა ომის მიზეზებზე და შედეგებზე, ყველაფერს მხოლოდ ვიწრო, ცალმხრივი პოზიციიდან უყურებს და უჭირს საკუთარი შეცდომებისა და პრობლემების აღიარება. დღეს საზოგადოება ყველგან ეძებს კითხვებზე პასუხს, გარდა საკუთარი თავისა. ყველაში ხედავს დამნაშავეს, მაგრამ არა საკუთარ თავში, ხელისუფლება - რუსეთს და ოპოზიციას, ოპოზიცია - ხელისუფლებას, ხალხი - ყველას ადანაშაულებს: რუსეთს, ამერიკას, ევროპას, აფხაზებს, ოსებს.

პირველ რიგში პრობლემა ჩვენშია. კი, რა თქმა უნდა, სხვებიც გვეხმარებიან, და გვეხმარებიან ძალიან ძლიერად, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვართ პრობლემა. საკუთარ სახელს არ ვარქმევთ იმას, რაც არის. დროა, ქართულ შოვინიზმს დავარქვათ ქართული შოვინიზმი.

ფაქტია, რომ მთელი ეს წლები არ შექმნილა ფართომასშტაბიანი კონცეფცია, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების აზრი იქნებოდა გამოხატული. ჩვენთვის ძნელია, აღვიქვათ საკუთარი წვლილი კონფლიქტში და ომში. და მზად ვართ, ყოველთვის სხვა დავადანაშაულოთ. ამ წლების მანძილზე აფხაზი ხალხის მიმართულებით მხოლოდ აგრესია, ძალადობა, ომის პროპაგანდა, დაშინების მცდელობა და აბუჩად აგდება იგზავნებოდა... და ვიღებდით იგივეს.

ბევრი ნიშნის მოგებით გვეკითხებოდა – ხომ მოუხადეთ ბოდიში აფხაზებს, რა მიიღეთ? არაფერი! მხოლოდ დაცინვა და აგრესია როგორც ქართველებისგან, ისე აფხაზებისგანო.

ბოდიშის მიზანი არ ყოფილა იგივე ნაბიჯის გადადგმის მოწოდება აფხაზებისგან. ბოდიში ძირითადად ქართველებისთვის დაიგეგმა, რომ ჩვენ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ვისწავლოთ რამე ამ შეცდომებზე; რომ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როცა რამე ხდება ქვეყანაში. და არა აქვს მნიშვნელობა, საპასუხოდ მოიხდის თუ არ ვინმე ბოდიშს, ახლა ან საერთოდ ოდესმე. ეს მხოლოდ ინდივიდუალური, ინტიმური აქტია – მთავარია, ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ, რომ მხოლოდ გულში აღარ არის ის სიტყვები, საჯაროდ შევძელით ამ სიტყვების თქმა და მორალურად შეგვიძლია, ვიყოთ თავისუფლები ამ ტვირთისგან, რაც ამ ომმა მოიტანა.

მეორე აზრი, რომელიც ხშირად გამოითქმებოდა – ბოდიშს იხდის ის, ვისაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ომში. შეიძლება, მართლაც ასეა. იმასაც გეტყვით, რომ ომის დროს ვცდილობდით აფხაზეთში საომრად წასული ბიჭები შეგვეჩერებინა და აეროპორტისკენ მიმავალთ გადაეფიქრებინათ საომრად წასვლა. რამდენიმედღიანი პატიმრობაც გამოვცადეთ პოლიციაში ომისა და ზოგადად იმ პოლიტიკური მოვლენების წინააღმდეგ გამოსვლის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. და სამწუხაროდ მაშინაც ვიყავით უკიდურეს უმცირესობაში.

ორი წლის წინ ბოდიში ტაბუდადებული თემა იყო. ამ თემაზე საუბარი საჯაროდ არც პოპულარული იყო და არც უსაფრთხო. აქცია შედგა, იმიტომ, რომ მასზე უკვე ბევრი საუბრობს. და ყველა ფიქრობს. ფაქტობრივად, ეს იყო პროვოკაცია, კარგი გაგებით. ამ პროვოკაციამ თავისი მისია შეასრულა. ბოდიშმა ბევრ რამეს ახადა ფარდა, მათ შორის იმას, თუ რამდენადაა ქართული საზოგადოება ნამდვილად მშვიდობიანად განწყობილი აფხაზებისადმი და რამდენად დიდია მილიტარისტული სულისკვეთება, რამდენად შორსაა ხელისუფლება და საზოგადოება მშვიდობის ხედვისგან.

სხვა საქართველო

რადიკალური ნაბიჯები ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება საზოგადოებაში. ხშირად შეიძლება, მოღალატედ გამოგაცხადონ, მაგრამ საზოგადოება სწორედ მსგავსი გულწრფელი და ღია, მშვიდობიანი ინიციატივებით იღებს შერიგების შანსს. ყველა იყურება წარსულში, ვინც კი ბოდიშის კამპანიას კი არა, თვით იდეას, ამ სიტყვის ხმარებასაც კი ეწინააღმდეგებოდა. ბოდიში თავისთავად არაა პანაცეა. ეს იყო მესიჯი, რომ არსებობს სხვა საქართველო. არსებობენ სხვა ადამიანებიც ამ ქვეყანაში, რომლებსაც სხვანაირი საქართველო წარმოუდგენიათ – სხვა მიზნებით და სხვა მენტალიტეტით.

დღეს ყველა საუბრობს კონფლიქტის მოგვარებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანებს დავიწყებული აქვთ უბრალო ჭეშმარიტება – სიყვარულისა და მიტევების გარეშე არც ერთი საქმე არ მოგვარდება. დღეს ვერც ერთი ამ იდეის მოწინააღმდეგე ვერ გეტყვით ვერანაირ არგუმენტს იდეის წინააღმდეგ. მხოლოდ კომპლექსები და სიამაყე, რომ ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს საბოდიშო; ბოდიში სისუსტედ, სიმხდალედ ითვლება. კვლავ იმართება უსარგებლო დებატები, ვინ დასახლდა პირველად აფხაზეთში – ქართველი თუ აფხაზი, ვინ გაისროლა პირველად, როგორ გაბედეს ამდენი და ა.შ. მაგრამ რატომ მოხდა ეს, ამაზე ყველას უჭირს პასუხის გაცემა.

ბოლო ხანს ამბობენ, რომ ეს მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ომი იყო, მაგრამ რომ არ იყოს ხვალ რუსეთი, შევძლებთ კი ჩვენ და აფხაზები ერთად ცხოვრებას? იქნებ მართლა ვცდებით რაღაცაში? რამდენადაა მართალი ჩვენი ისტორიოგრაფია, მარიკა ლორთქიფანიძისა და სხვათა თეორიები რომ მე–16 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზები და სინამდვილეში „ნამდვილი აფხაზები“ ქართველები არიან, და აფსუები სხვები, რომლებმაც ამდენი ცუდი რამ ჩაიდინეს. დავუშვათ ერთი წუთით, რომ ეს ყველაფერი მართალია. რა მერე? გადავასახლოთ აფხაზები უკან – ჩრდილოეთ კავკასიაში? საზოგადოება იმდენადაა გამსჭვალული მსგავსი აზროვნებით, რომ უჭირს ადეკვატურად ასახოს ყველაფერი და ჰქონდეს სწორი რეაქცია. საზოგადოებას თავს უჭედავენ სხვადასხვა აზრებით, არჩევინებენ ჯერ ერთ პრეზიდენტს 90 პროცენტით, შემდეგ მეორეს იმავე პროცენტით, მერე მესამეს. და მერე ყოველთვის ვაცხადებთ, რომ შევცდით წინა პრეზიდენტის არჩევაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი შესანიშნავადაა მართული გარედან – ხან უხილავი და ხანაც ხილული ძაფებით და აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს ამის გაგება. და ყველა პრეზიდენტი გვპირდება გაერთიანებულ საქართველოს. მაგრამ ყველას მსგავსი მიზნები და პოლიტიკა ჰქონდა და აქვს აფხაზეთთან დამოკიდებულებაში. საქართველოს სამივე პრეზიდენტი ერთნაირ პოლიტიკას ახორციელებდა. მათ პოლიტიკაში აფხაზები იყვნენ დავიწყებულნი და გარიყულნი. ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.
 
კამპანიის მიმდინარეობის მანძილზე მრავალი ზარი, მუქარა და ბინძური ცილისწამება გამოვცადეთ საკუთარ თავზე. არავის უკითხავს, რატომ დავიწყეთ კამპანია. ზოგმა პირდაპირ მოღალატეებად და აგენტებად გამოგვაცხადა; მავანმა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მართულად; ზოგმა კი, მაგალითად – პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში თავის გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: „რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულელეებს წერენ?“

ქართული მედიის უდიდესი ნაწილი არათუ კამპანიის, სიტყვა „ბოდიშის“ ბლოკირებას დღემდე განაგრძობს. მხოლოდ რამდენიმე მცირეტირაჟიანი გაზეთი, რადიო და ინტერნეტ–გამოცემა გახდა ხელმისაწვდომი. ხელისუფლებაც და ოპოზიციის უდიდესი ნაწილიც ასევე სალანძღავად იყენებს ამ სიტყვას. ერთი რამ ცხადია – კამპანიამ გააშიშვლა ქართული საზოგადოება, მისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, მოჩვენებითი დემოკრატიულობისა და ტოლერანტობის მიღმა საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერია შოვინისტური განწყობა.

რა ფილოსოფია დევს „ბოდიშის“ კამპანიის უკან?

კონფლიქტები ფიზიკური ძალადობის და ომის დამთავრების შემდეგ ადამიანთა გულებში კიდევ დიდხანს გრძელდება. სიძულვილი და რისხვა აკონტროლებენ ადამიანების ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში. ეს ემოციები ადამიანებს პარალიზებას უკეთებენ და სიძულვილის მძევლებად აქცევენ. რისხვა და სიძულვილი როცა იპყრობს ადამიანს, შეუძლებელია, მან საღად შეაფასოს მოვლენები და წინ გაიხედოს. „ბოდიშის კამპანია“ შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი ნეგატიური წრის გარღვევისთვის. იგი ქმნის ცნობიერებას, რომელიც ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას. კამპანია მიისწრაფის იქითკენ, რომ ემოციებმა და სიძულვილმა აღარ მართონ ადამიანები. ესაა გზა, გაიხედო წინ, დატოვო წარსულში ყველა ბოროტება და იფიქრო მომავალზე. ეს არაა ბრალდება, რომელიმე მხარესადმი. ესაა პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ ადამიანებმა მიიღონ ერთმანეთი  და აპატიონ. „მოწინააღმდეგე“ მხარის  ადამიანების ჰუმანური მხარის ჩვენებით ხალხს შეუძლია, გადალახოს წინააღმდეგობები.

არ არსებობს მომავალი პატიების გარეშე.  კამპანია სწავლობს წარსულ შეცდომებზე. ესაა პასუხისმგებლობის აღება კონფლიქტში საკუთარ როლზე. კონფლიქტში, რომელშიც ორივე ხალხმა უმძიმესი დანაკარგი ნახა. ამის გაცნობიერებით ხალხი ერთად შეიძლება მივიდეს. ეს ნაბიჯი აუცილებლად ერთ-ერთი მხარის მიერ იდგმება და მას აუცილებლად მოჰყვება შედეგი, იგი ერთგვარ კატალიზატორად იქცევა სოციალური ცვლილებებისათვის. ბოდიში - ესაა ერთმანეთის გულებისკენ მიმავალი გზა.

სიძულვილის ჯაჭვის გარღვევა

რას მივაღწიეთ და რას ვგეგმავთ?

ბევრი გვეკითხებოდა – აგერ, უკვე ორი წელია, კამპანია დაიწყეთ და რა შედეგი მიიღეთო? სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. ცხადია, მსგავს კამპანიას შედეგები 5, 10 და 20 წლის შემდეგ ექნება. მთავარია,  შეჩერდეს ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც დღეს არსებობს ორ ხალხს შორის. მთავარია, გაირღვეს ის სიძულვილის ჯაჭვი, რომელიც ხალხებს შორის არსებობს. ნეგატიური დამოკიდებულებები ნელ–ნელა პოზიტიურში უნდა გადავიდეს.

ჩვენს გარშემო ადამიანებს ვუნეგავთ აზრს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა უნდა სცენ ერთმანეთს პატივი. კამპანია მხოლოდ პირადი შემოწირულობებით ფინანსდება, რადგან რეალურად შერიგებისთვის თანხას არავინ გამოყოფს. ზოგიერთი დონორი და საელჩო  დაინტერესებული იყო ამ იდეის მხარდაჭერით, მაგრამ როგორც კი ხელისუფლების პოზიციას ისმენდა, მაშინვე უარს ამბობდა მხარდაჭერაზე.

საზოგადოებამ უნდა შეძლოს ის, რაც ვერ შეძლეს წამყვანმა პოლიტიკოსებმა. საზოგადოებაში უნდა დაიბადოს ჯანსაღი მიდგომა, რომ ყველას შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ და აქცენტს ვაკეთებთ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. საბოლოო ჯამში ამ კამპანიით ახალი პრინციპში არაფერი არ თქმულა. ორი ათასი წლის წინ იესო ქრისტე მოვიდა და მოგვცა მაგალითი, რომ მონანიების, შეცდომების აღიარების გარეშე არ იქნება მომავალი. ღმერთი მზადაა, მოგვცეს სიყვარულისა და სიკეთის მაგალითი და ეს ყველაფერიც, ალბათ, ღმერთმა დაუშვა ჩვენი შეცოდებების და ცოდვების გამო, რათა დავეფიქრებინეთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე – რამდენად ვართ მართლები, როცა გვგონია, რომ ჩვენ არაფერი შეგვიცოდავს, რომ მხოლოდ სხვაა დამნაშავე და ჩვენ არაფერს ვაღიარებთ.

შევხედოთ ყველაფერს სხვა თვალით. ემოციები გადადის. ტკივილი გადადის. ცხოვრება გრძელდება. გვინდა თუ არ გვინდა, ვერც აფხაზები და ვერც ქართველები ვერსად ვერ წავალთ. ჩვენ აქ ცხოვრება გვიწერია. ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მოგვიწევს წარსულის გადაფასება და ჭეშმარიტი ისტორიის დაწერა. მოგვიწევს ქართული და აფხაზური მითების გვერდზე გადადება.

ჩვენ გამოვალთ იმ ჩიხიდან, სადაც დიდი ხანია, გავიჭედეთ. სათანადო პატივს მივაგებთ აფხაზ ხალხს, უკეთ გამოვიყენებთ დიალოგში სამეგრელოს.

პარალელურად, უნდა შეგროვდეს და გადამოწმდეს ომის მსხვერპლთა შესახებ მონაცემები. ომის მსხვერპლთ უნდა გადაეხადოს შესაბამისი კომპენსაცია. ის ადამიანები კი, ვინც სამხედრო და ომის დანაშაულში არიან ბრალდებულნი, უნდა გასამართლდნენ ყველა მხრიდან. დაუსჯელობამ აღარ უნდა იმეფოს რეგიონში.

ნდობა ორ ხალხს შორის უნდა აღსდგეს. ხალხებს შორის უნდა არსებობდეს ყოველდღიური ურთიერთობა. უნდა შეიქმნას საერთო ველი, საინფორმაციო, ეკონომიკური და სხვა. პოლიტიკურ საკითხებს ჩვენ ვერ ვწყვეტთ, მაგრამ შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ, რომ ეს არანორმალური ურთიერთობა დასრულდეს. ამაში ჩვენი აზრი ნათელია. ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, გულწრფელობას, სიყვარულს, მიტევებასა და იმ თვისებებს, რაც ასე ფასობდა საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში. ეს არის ხალხის გასაკეთებელი. ალბათ, მოვა დრო და გვეყოლებიან ხელისუფალნი, ვინც პოლიტიკურ საკითხებზეც შეთანხმდებიან. აფხაზი ხალხის გადარჩენის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს ევროკავშირი. ვერც ოფიციალური მოსკოვი და ვერც ოფიციალური თბილისი დღეს ამ მიმართულებით ვერანაირ პოზიტიურ როლს ვერ ასრულებენ. პირიქით!

რეალურად ვინ იბრძვის დღეს ამისთვის? ძალიან ცოტა ადამიანი. პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ რეალური ხედვა კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ვიყენებთ კი ყველა რესურსს საომარი მოქმედებების მზადების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად? თუ პირიქით, როგორც 2008 წლის აგვისტოში ყველა ვისუსებით და ველოდებით მთავარსარდლის განცხადებას ცხინვალის რეგიონის კრიმინალებისგან გაწმენდის შესახებ? ვისუსებით ყველა – პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც, ერიც და ბერიც? და როცა ასეთი განცხადება ვერ მოვისმინეთ, მერე ნელ–ნელა დავიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა – „აი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით, გავიმარჯვებდით“ და ა.შ. დავფიქრებულვართ იმაზე, რას ვუწყობთ მსგავსი დუმილით ხელს? 

დუმილი თუ მშვიდობა?

ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ომი მხოლოდ გარეგნულად შეიძლება, ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური, თუნდაც გაეროს მიერ ცნობილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.
ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.

ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!

ახალი ამბები