კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

30 დეკემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

14 წლის ირაკლი აბაშიძეს ბრალი ძარცვაში ედება. ბრალდების მიხედვით, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა 200 ლარს შეადგენს. თუმცა, დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში რაკლი აბაშიძის დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ირაკლი აბაშიძე შეზუდული შესაძლებლობის პირია. განსასჯელის ადვოკატები საქმის სტრასბურგში გაგზავნას აპირებენ.

„ძარცვა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით“, - ასეთი ბრალდება ირაკლი აბაშიძეს დაზარალებულ გია დავითაძისა და მოწმეების (დაზარალებულის თანამშრომლები) საფუძველზე აქვს წაყენებული. გამოძიებას ნივთმტკიცებები ამოღებული არა აქვს.

14 წლის ირაკლი აბაშიძის წინააღმდეგ საქმის წინასწარი გამოძიება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის ზღვისპირა პარკის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. პოლიციაში ირაკლი აბაშიძე საქმეში დაზარალებულად ცნობილმა გია დავითაძემ მიიყვანა. დაზარალებულ დავითაძის ჩვენებაში წერია: „6 აგვისტოს ვიმყოფებოდი სამუშაოზე - სკუტერებს ვაქირავებ. არის სკუტერები, რომლებზედაც მძღოლად სხვას არ ვსვამთ. დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვიდა ოდნავ ნასვამი პიროვნება. ზღვის პირას დავტოვე ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი „ნოკია“, რომლის მოდელი არ მახსოვს. ის არის ბრონზესფერი, უშლეიფო, რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არ აქვს. ტელეფონში ჩართული მქონდა ნომერი 874 52 55 51. ასევე ტელეფონთან ერთად დავტოვე 10 ლარი და წამზომი. მე სკუტერით ზღვაში კლიენტთან ერთად გავედი 10 წუთით. უკან როცა ვბრუნდებოდი, ნაპირთან მისვლამდე 15 მეტრის მოშორებით, დავინახე, რომ ვიღაც პატარა ბიჭმა, დაახლოებით 13-14 წლისამ დაავლო ხელი ჩემს კუთვნილ ნივთებს და შებრუნდა გასაქცევად“.

ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა პლაჟზე დაზარალებულმა დავითაძემ მობილური ტელეფონი, ათლარიანი კუპიურა და წამზომი. გამოძიებისთვის „ბილაინის“ ოფისიდან მიწოდებული ინფორმაციი, დაზარალებულის ნომერზე ძარცვამდე ორი დღით ადრე - 4 აგვისტოდან არც ერთი შემავალი და გამავალი ზარი არ დაფიქსირებულა. ეს ბადებს ეჭვს, რომ ტელეფონი 6 აგვისტოს არ არის მოპარული.

განსასჯელ ირაკლი აბაშიძეს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნით, ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია: „აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ინტელექტის თანდაყოლილი განუვითარებლობით და ფსიქიკური დეფექტით. ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის დროს ი. აბაშიძეს არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მოკლებულია უნარს, მთელი  სისრულით აღიქვას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და მისცეს სწორი ჩვენება“. 

წინასწარი გამოძიების დასრულების მიუხედავად, ნივთმტკიცებები ამოღებული არაა. განსასჯელი მტკიცებულებების ადგილმდებარეობად ხან რას და ხან რას აცხადებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ აანალიზებს, რა მოხდა. იგი ქუჩაში იქნება თუ ციხეში, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი პიროვნება სასჯელს არ უნდა იხდიდეს, მით უფრო, კანონმდებლობით, შეზღუდული შერაცხადობის მქონე არასრულწლოვანი შეიძლება, გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან“, - აცხადებს გელა ღოღობერიძე, განსასჯელის ადვოკატი.

დამცველები აპროტესტებენ ბრალდების კვალიფიკაციასაც: „დაზარალებულმა შეაფასა მისი ტელეფონი 180 ლარად და 10 ლარად - წამზომი. საინტერესოა, რატომ არ არის ეს ტელეფონი 30 ან 60 ლარად, ან თუნდაც 300 ლარად შეფასებული? საქმეში საერთოდ არ არის რაიმე დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ ტელეფონი მართლაც 180 ლარი ღირს. ამ ფასად დაზარალებული ტელეფონს იმიტომ აფასებს, რომ ზიანი მნიშვნელოვანი იყოს და საქმეც დამძიმდეს“.

ირაკლი აბაშიძე 2008 წლის 25 ნოემბრიდან აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზეა. დიაგნოზის მიხედვით, მას „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობა, მსუბუქი ხარისხის ქცევითი აშლილობა“ აღენიშნება. ეს ცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით გელაშვილისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მან აბაშიძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. განსასჯელის დამცველებმა, გელა ღოღობერიძემ და ნანა ანდღულაძემ სასამართლო გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩირეს. თუმცა, გადაწყვეტილება ამ ინსტანციამაც უცვლელი დატოვა. ირაკლი აბაშიძე დღემდე ბათუმის #3 საპყრობილის პატიმარია.

ფსიქიკური აშლილობები აბაშიძეს ბავშვობიდან აღენიშნებოდა. როგორც დაკავებულის მამა, მურად აბაშიძე იხსენებს: „გონება დაქვეითებული აქვს, ვერ აცნობიერებს თავის ქცევას. მკურნალობა ესაჭიროებოდა, მაგრამ ჩვენ საშუალება არ გვაქვს და ვერ ვუმკურნალეთ“. აბაშიძის ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია.

ახალი ამბები