კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი სამხედრო მღელვარებისა და გადაჯგუფების წელი

11 იანვარი, 2010

კობა ლიკლიკაძე

არაერთი პირქუში პროგნოზის მიუხედავად, 2009 წელი საქართველომ უომრად გადაიტანა. თუმცა, ასეთ ვითარებას, ასევე ძნელია, ეწოდოს საიმედო მშვიდობა. სამხედრო ნაწილების გადაჯგუფება და მანევრები საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა - ითხრებოდა ბლინდაჟები თბილისისა და მცხეთის გარშემო. ივსებოდა იარაღის საწყობები. პარალელურად, კიდევ ერთხელ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი და ქვეყანამ კიდევ ერთი სამხედრო ამბოხად წოდებული მღელვარების გადატანაც მოასწრო.

2010 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ტრადიცია დაარღვია და ახალ წელს არც ერთ სამხედრო ნაწილში არ მისულა. სამაგიეროდ, ახალი წლის დადგომამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა და ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული სიტყვაც წარმოთქვა: „ქუდზე კაციც და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალიც, რათა საქართველომ შეაჩეროს ვერაგი, მონღოლების მემკვიდრე ურდო“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის დროს.

„უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი. თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს შეუძლია, ქვეყნის დასაცავად ნახევარი მილიონი მოქალაქე დარაზმოს.

„როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში - 100, 200, 300 ათასი კაცი და, თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს“.

მაგრამ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ 100, 200 თუ 500 ათასი ადამიანის შეიარაღება და მწყობრში ჩაყენება? გასულ წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 900 მილიონი ლარი იყო, 2010 წელს კი თავდაცვის სამინისტრო კიდევ 100 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს. ეს თანხა კი, შესაძლოა, ძლივს გასწვდეს 35 ათასკაციან ქართულ არმიას, რომლის რაოდენობა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, გასულ წელს 5 ათასი კაცით გაიზარდა. ამას ემატება ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო ქვედანაყოფის შენახვის ხარჯები. მართალია, იქ საქართველოს ამ დროისათვის სულ 170 ადამიანი ჰყავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ 3 დეკემბერს აღუთქვა ნატოს, რომ 2010 წლის ბოლოსთვის საქართველო ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში 900-ზე მეტ ჯარისკაცს გაგზავნის და არა, უბრალოდ, სადღაც ქაბულის „მწვანე ზონაში“, არამედ ყველაზე სახიფათო ჰილმენდის პროვინციაში.

„ცხადია, ეს არის სარისკო ნაბიჯი, მაგრამ გათვლა იმაზე კეთდება, რომ პატარა ოკუპირებული ქვეყნის ეს გაბედული ნაბიჯი შესაბამისად იქნება გაგებული მისი პარტნიორების მხრიდან“, - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ გასული წლის ბოლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.

„ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანასაც კი შერცხვეს იმ წვლილისა, რასაც ამ ქვედანაყოფით გავიღებთ. თუმცა ეს არ არის ვინმეს შესარცხვენად ჩადენილი ქმედება. ეს არის იმის გამოხატულება, - და იმედია, რომ გაგებული ვიქნებით შესაბამისადაც, - რომ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში, როცა კი ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილიც არ ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, საქართველოში ნატოს ჯარები შემოვლენ. ამიტომ მთელი განვლილი წლის განმავლობაში ხდებოდა სამხედრო ნაწილების მანევრები და გადაჯგუფება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვიდრე მთელმა სამხედრო პოტენციალმა თბილისში არ მოიყარა თავი. მცხეთისა და თბილისის გარშემო შენდებოდა თავდაცვითი ნაგებობები, რომელსაც ხუმრობით, მაჟინოს ხაზის ანალოგიით, „ახალაიას ხაზი“ უწოდეს.

28 აგვისტოს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე სადავოდქცეულ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ექსპერტების ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ახალაიას დანიშვნით არმია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფილიალად და მიხეილ სააკაშვილის პირად გვარდიად გადაიქცა. თუმცა, თავად ბაჩო ახალაიამ რადიო „თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მსგავს არასერიოზულ თემებზე კომენტარებს არ აკეთებს და მისი მთელი საზრუნავი არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაა: „არმია არის ბრძოლისუნარიანი - ეს თავისთავად, მარტივად ასე შეიძლება ითქვას, მაგრამ ის, რომ ბევრ რაღაცას კიდევ სჭირდება დახვეწა და განვითარება, ეს არის ფაქტი. ახლა აქ ბრძოლისუნარიანობაზე კონკრეტულად ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. მთავარია, რომ არმია არის მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი, ქმედუნარიანი და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო უნდა დაიხვეწოს და მით უფრო უნდა განვითარდეს“.

არმიის ბრძოლისუნარიანობის შეფასების თეორიული კრიტერიუმები მისი დაკომპლექტების დონეა. სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ თანახმად, ქართულმა არმიამ განვლილ წელს შეძლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიყენებული საბრძოლო და ტექნიკური დანაკლისის აღდგენა. თუმცა, ბრძოლისუნარიანობის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი არმიის მიერ ჩატარებული წარმატებული საბრძოლო ოპერაციაა. გასულ წელს კი ქართულ არმიას თავის აქტივში არ ჰქონია არც წარმატებული ოპერაცია, არც ოპერაციის მცდელობა, თუ არ ჩავთვლით მუხროვანის ინციდენტს, როდესაც სამხედრო ამბოხად წოდებული მღელვარების ლოკალიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ჯარის გამოყენების ბრძანება გასცა.

2009 წლის 5 მაისის დილას ქართულმა ტელეარხებმა მოსახლეობას მორიგი სამხედრო ამბოხის შესახებ აცნობეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, შოთა უტიაშვილი ლაპარაკობდა მეამბოხეების რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან კავშირზე.

„ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში“.

მუხროვანში საქმე შეტაკებამდე არ მისულა. „მეამბოხეები“ სამხედრო ნაწილს არ გასცილებიან და იქვე ჩაბარდნენ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს. 41 სამხედრო და სამოქალაქო პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 თვეზე მეტია, გრძელდება, თუმცა ბრალდებაში აღარ ფიგურირებს კავშირი რუსეთთან. ბრალდებულთა უმრავლესობა უარყოფს ამბოხს და თავს დამნაშავედ მხოლოდ დაუმორჩილებლობაში ცნობს.

„როცა სასამართლოზე დაკითხულ მოწმეებს - მათ, ვინც იმ დროს მუხროვანში მსახურობდა - ეკითხებოდით, რატომ აცხადებდა მეთაური დაუმორჩილებლობასო, მათი პასუხი იყო, რომ მე აღლუმის ჩატარებას ვაპროტესტებდი, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმებოდა“, - განაცხადა მუხროვანში დისლოცირებული სატანკო ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გორგიაშვილმა 28 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
 
სხვათა შორის, ეს ის გორგიაშვილია, რომლის ტანკისტებმა, არტილერისტებთან ერთად, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის არმიის ნაწილებს ცხინვალში. გორგიაშვილის გარდა, განსასჯელის სკამზე იმყოფება „რეინჯერთა“ ბატალიონის ყოფილი მეთაური, მაიორი ლევან ამირიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში თავის ქვედანაყოფთან ერთად რამდენიმე კვირა დარჩა მტრის ზურგში. განსასჯელთა შორის არიან ასევე მე-3 და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურები კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი - ასევე ნაბრძოლი და გამოცდილი მეთაურები. მაგრამ როგორ იქცნენ საქართველოსათვის ნაბრძოლი ოფიცრები და ჯარისკაცები მეამბოხეებად და რამ მიიყვანა ისინი დაუმორჩილებლობამდე?

საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებისა და ქართული მედიის დიდ ნაწილს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აინტერესებს, ისევე როგორც არავის აინტერესებს, რატომ მოხდა გასულ წელს მთელი ქართული საბრძოლო პოტენციალის თავმოყრა თბილისში, რატომ დაითხოვეს ზუსტად ახალი წლის წინა დღით არმიიდან 150-მდე უფროსი ოფიცერი, როდესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, არმია განიცდის პროფესიონალი და გამოცდილი ოფიცრების ნაკლებობას. საქმე ის გახლავთ, რომ უსაფრთხოების პრობლემატურ თემებზე შეკითხვებს საქართველოში ან აღარ სვამენ, ან მათზე არ არსებობს პასუხები. ინფორმაციული კარჩაკეტილობის გასამართლებელი არგუმენტიც უფრო მეტია: საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში პასუხისმგებელ სამხედრო პირებს ზედმეტი გულახდილობისთვის არ სცალიათ - მით უფრო, რომ ქართულ არმიას ვეფხვის წელიწადში დიდი გამოცდა ელოდება.

25 დეკემბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „პოზიცია“ საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წელი არის ვეფხვის წელი და „ჩვენი ვეფხვი არის გამზადებული ნახტომისთვის... მომავალ წელს თუ იმის შემდეგ, ჩვენ ამას ვნახავთ... როგორი ნადირობაც არ უნდა იყოს გამოცხადებული ამ ვეფხვზე, ვეფხვი აღმოჩნდება მონადირეზე ჭკვიანი. ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ მონადირეს“.

იმ მონადირეს, რომელზეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშკარა მინიშნებით ლაპარაკობდა, ვეფხვმა, ანუ საქართველომ - შეიძლება მხოლოდ ჭკუითა და მოთმინებით აჯობოს. ასე რომ. ახალი წლის დღეებში, მოდი, დავლიოთ იმისა, რომ ვეფხვს არ უმტყუნოს გეშმა და აღარასოდეს ჩავარდეს მონადირის დაგებულ ხაფანგში.

რადიო „თავისუფლება“

ორიგინალი: http://www.tavisupleba.org/content/article/1920847.html

ახალი ამბები