კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ბორკილები, ანუ გენერალ კობალაძის გათავისუფლების ქვეტექსტები

12 იანვარი, 2010
მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გამოიტანა. სახელმწიფო გადატრიალებისა და სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით 2009 წლის მაისში სულ 41სამხედრო და სამოქალაქო პირი დააკავეს. მათგან 20, სასამართლო განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, ბრალის აღიარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმებებისა და გირაოს გადახდის საფუძველზე, გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ყოველგვარი გირაოსა და ჯარიმის გარეშე სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა გენერალი კობა კობალაძე. დავით სულხანიშვილს გირაო უკან დაუბრუნდა და სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენ 19 ბრალდებულზე კი მოსამართლის განაჩენი 2-დან 11 წლამდე სასაჯელით განისაზღვრა.

კობალაძისგან განსხვავებით, სასამართლო დარბაზში არ შეუხსნიათ ხელბორკილები ამბოხში ბრალდებულ კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძისათვის. მათ მიმართ მოსამართლე ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა. ოთანაძეს სასჯელი - 29, ხოლო ამირიძეს 28 წლით განუსაზღვრა.

მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის გამო კობალაძისთვის პროკურორი რობერტ გრიგალაშვილი 13-წლიან პატიმრობას ითხოვდა. იარაღის უკანონოდ შენახვისთვის კი დამატებით 1,5 წელს. მოსამართლემ მას სამხედრო ამბოხში მონაწილეობის ბრალი მოუხსნა, იარაღის უკანონოდ შენახვისთვის კი 8 თვე და 6 დღე, ანუ ზუსტად იმდენი დრო აკმარა, რაც გენერალს უკვე ჰქონდა ციხეში გატარებული.

კობა კობალაძე 2009 წლის 5 მაისს ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემის დროს დააკავეს. დაკავების საფუძვლად მაიორ გია ღვალაძის ჩვენება გამოიყენეს, რომლის თანახმადაც, კობალაძე მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში მასთან ერთად ამბოხის გეგმას განიხილავდა. ღვალაძის ჩვენება, ფაქტობრივად, ერთადერთი „მტკიცებულება“ იყო კობალაძის წინააღმდეგ. თუმცა, მის წინააღმდეგ მუშაობდა უფრო წონადი „მტკიცებულებები“ - საქართველოს შს მინისტრისა და პრეზიდენტის სიტყვები.

2009 წლის 5 მაისის საღამოს, მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს უპატაკა: „ზოგი უკვე დაკავებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებიც პირდაპირ შემჩნეულნი არიან რუსეთთან კავშირში, მათ შორის დაკავებულია გენერალი კობალაძე“. კობალაძის ხსენებაზე მერაბიშვილს სიტყვა სააკაშვილმა შეაწყვეტინა და თავად განაგრძო: „გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე“.

კობალაძის ადვოკატებმა მობილური კომპანიებიდან ამოღებული მასალებით დაადასტურეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ღვალაძის მიერ დასახელებულ დროს მცხეთაში არ ყოფილა. მაგრამ გაცილებით რთული იყო უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპირწონე „მტკიცებულებების“ წარმოდგენა. ამიტომაც იყო, რომ ამბოხში ბრალდებული გენერლის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მისი ადვოკატებისთვისაც მოულოდნელი იყო. მითუმეტეს „სიურპრიზი“ აღმოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და სასამართლოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მოსამართლის განაჩენის მოლოდინში საქალაქო სასამართლოს რკინის გალავნის მიღმა მეგაფონებით შეკრებილი და საპროტესტოდ გამზადებული ადამიანები (მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერები) რამდენიმე წუთით დაიბნენ კიდეც.

კობალაძის გათავისუფლების გადაწყვეტილებამ ოთანაძის, ამირიძისა და სხვათა განაჩენი გადაფარა. ამ შედეგით კი ყველაზე მეტად გამართლდა მუხროვანის საქმის პოლიტიკური მოტივი: ხელისუფლების პირველმა პირებმა მიზანს მიაღწიეს, საზოგადოება კი - სასამართლოს ობიექტურობაზე დადებითი კუთხით დაფიქრდა.

ამბოხის მოთავედ ცნობილი ოთანაძე-ამირიძის დუეტის სამაგალითოდ დასჯით (უმაღლეს მთავარსარდლის წინაშე მათზე მეტად, საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი ამბოხის „მესამე მოთავემ“ სპეცოპერაციის დროს დაღუპულმა გია კრიალაშვილმა) მნიშვნელოვანი და მკაცრი გაფრთხილება „თავისუფლად მოაზროვნე“ ქართველ სამხედროებს გაეგზავნათ.

კობა კობალაძის სასამართლო დარბაზიდან გათვისუფლებით კი ხელისუფლებამ ოპონენტებსა და სასამართლოს მიმართ ნდობადაკარგულ საზოგადოებას ილუსტრირებულად აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია და მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე იღებს - აბა, სხვაგავარად, როგორ გათავისუფლდებოდა კობალაძე?!

ორიგინალი: blogroll.ge/p/15396/

ახალი ამბები