კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა 23 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს

12 იანვარი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა - ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა ქალაქ წნორში მცხოვრები 23 წლის გურამ გურამის ძე ბაგალიშვილი სასტიკად ცემეს. ბაგალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ჩარტყმით თავი სამ ადგილას გაუტეხეს. დაზარალებულს ასევე აღენიშნება დაჟეჟილობები მარჯვენა თვალბუდისა და თხემის არეში. არსებობს ყველა მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, ცემას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. თუმცა, ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.  

ინციდენტი 1 იანვარს, ღამით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მოხდა. თვითმხილველთა ახსნა-განმარტებებით, გურამ ბაგალიშვილი შეყვარებული გოგონას, ნუცა ტურაშვილის ოჯახში მეკვლედ იყო მისული. დაახლოებით 03:30 საათზე ბაგალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გარეთ გამოვიდა. ისინი გურამის მანქანაში ჩასხდნენ, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან „ოპელის“ მარკის მანქანა დაიძრა და მათი მიმართულებით წამოვიდა. ტურაშვილების სახლთან „ოპელი“ შეჩერდა. ბაგალიშვილმა მათ დაუსიგნალა და მიესალმა, რის შემდეგაც მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. მათ ასევე მანქანიდან გადმოსულ გურამ ბაგალიშვილს დედა შეაგინეს და მუშტებით და წიხლებით ცემა დაუწყეს. ისინი გურამის წაქცევას ცდილობდნენ. როცა ვერ წააქციეს, ლევან ხარატიშვილმა იარაღი ამოიღო და გურამს რამდენჯერმე თავში ჩაარტყა, რის შემდეგაც ბაგალიშვილმა გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ბაგალიშვილის ცემას თავდამსხმელები წიხლებით და იარაღით მანამ აგრძელებდნენ, სანამ მომხდარის თვითმხილველმა ნუცა ტურაშვილმა დახმარებისათვის ოჯახის წევრებს არ უხმო. გონებადაკარგული ბაგალიშვილი სახლში შეიყვანეს, თუმცა თავდამსხმელები კვლავ აგრძელებდნენ უცენზურო სიტყვებით გინებას, არ ემორჩილებოდნენ ტურაშვილების ოჯახის წევრთა მოთხოვნას და არ ტოვებდნენ შემთხვევის ადგილს. მოგვიანებით გურამ ბაგალიშვილი გონზე მოვიდა. მან სახლამდე მისვლა შეძლო, რის შემდეგაც მამამისმა წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაზარალებულის მამის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ის თითქმის 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, პოლიციას მომხდარზე რეაგირება მოეხდინა. „სიღნაღის პოლიციაშიც დავრეკე, წნორის ქვეგანყოფილებაშიც, საპატრულო პოლიციაშიც, მაგრამ დროულად ყურადღება არავინ მოგვაქცია“, - აღნიშნავს დაზარალებულის მამა გურამ ბაგალიშვილი. მისივე თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს - ოთარ თოფჩიშვილს ასევე უყვარდა ნუცა ტურაშვილი და შესაძლოა, ინციდენტი შურისძიების გამო მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იარაღის გამოყენებით). გამოძიებას სიღნაღის რაიონული პროკურატურა აწარმოებს. პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.  ისინი მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სიღნაღის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ონანაშვილი და სიღნაღის რაიონული პროკურორი დავით კოჭლამაზაშვილი კომენტარს არ აკეთებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ეს მოქალაქეების სასტიკად ცემის პირველი ფაქტი არ არის. ცოტა ხნის წინ, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილი ისე ცემა, რომ მას 12 კბილი და ყბის ძვალი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. კუტიბაშვილის არაერთი საჩივრის მიუხედავად, დიღმელაშვილი დააწინაურეს და რაიონული სამმართველოდან სამუშაოდ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
 
პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სამართალდამცავ ორგანოებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მიმართვაზე რეაგირება ჯერჯერობით არ მომხდარა

ახალი ამბები