კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი გაიჭედა

12 იანვარი, 2010
 ალექსი ბეჟანიშვილი

მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა გაუჭირდა. 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატურებს იმავე  საღამოს, ან მაქსიმუმ 12 იანვარს დილით შეარჩევდა და ცესკოს ოპოზიციურ წევრებს განსახილველად წარუდგენდა. თუმცა, 12 იანვარს დილით კანდიდატურები ჯერ კიდევ არ იყო შერჩეული. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ზურაბ დეკანოიძემ დამატებით განმარტა, რომ პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღის ბოლომდე წარუდგენდა.

„პრეზიდენტმა ჯერ კანონი დაარღვია და ამის მერე პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად ვადის გადაწევა სთხოვა. მართალია, თავდაპირველად ეს ვადა ორკვირიანი იყო, მაგრამ 11 იანვარს სააკაშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ოპოზიციას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთის ასარჩევად მხოლოდ 4 დღე მიეცემა. პრობლემა კი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციას ასარჩევი ბევრი არაფერი ექნება“, - ასე აფასებს გაზეთი „რეზონანსი“ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები ჯერ კიდევ 8 იანვარს უნდა დაესახელებინა. კანონის ახალი რედაქციით კი, მის მიერ ცესკოში წარდგენილი კანდიდატებისგან თავმჯდომარეს ცესკოს ოპოზიციური წევრები ირჩევენ.

როგორც „რეზონანსთან“ საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა - პრეზიდენტი არ ელოდებოდა, რომ არასამთავრობო სექტორი მას ისეთ კანდიდატს შესთავაზებდა, როგორიც ეკა სირაძეა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი პირად საუბრებში უკვე იმასაც ამბობენ, რომ მთელი ეს პროცესი, დაწყებული პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევითა და დამთავრებული ვადების გადადების მოთხოვნით, სათანადო კანდიდატურის ვერპოვნას უკავშირდება. როგორც ამბობენ, ეკა სირაძე, რომელიც არასამთავრობოების დიდი ნაწილის მიერ არის წარდგენილი, ხელისუფლებაში არ მოსწონთ და ვერც ისეთ კანდიდატურას პოულობენ, რომელიც მათთვის გამოსადეგი იქნება.

ეკა სირაძე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელია და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კვალიფიციური კანდიდატურაა. სწორედ კვალიფიკაციაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოთხოვნა ცესკოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში.

სასტუმრო „დავითში“ ოპოზიციურ პარტიებთან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შეხვედრაზე, ეკა სირაძემ განაცხადა: „არ მინდა, ვიყო აღქმული, როგორც მხარე. იმის მიუხედავად, გავხდები თუ არა ცესკოს თავმჯდომარე, მე მაინც ვიმუშავებ არჩევნებზე და ვიქნები სამართლიანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღმიქვას, როგორც მიუკერძოებელი და არა როგორც რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. მე არავითარ შემთხვევაში არ გავატარებ რომელიმე პარტიის პოლიტიკას, რადგან ცესკოს თავმჯდომარე საჯარო მოხელეა და პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს“.

12 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა, რომელმაც უნდა განიხილოს პრეზიდენტის ინიციატივა ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩევის ვადის ორი კვირით გადადების თაობაზე. ექსპერტთა აზრით, ეს ინიციატივა საჭირო გახდა პრეზიდენტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გასაბათილებლად, რათა შემდგომი პროცესი, ფორმალურად, კანონის ფარგლებში მოექცეს და ცესკოს ახალი თავმჯდომარის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს.

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეეხება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენისა და ცესკოს მიერ მათი დამტკიცების ვადებს. კოდექსის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 8 იანვრამდე უნდა შეერჩია. თუმცა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით, ამ ვადამ, 12 იანვრამდე გადაიწია და შესაბამისად, გადაიწია ცესკოს ოპოზიციური წარმომადგენლების მიერ ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცების ვადამაც. ცვლილების მიხედვით, ცესკოს სხდომის მოწვევა თავმჯდომარის ასარჩევად უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 14 იანვრისა.

საპარლამენტო კულუარებში ცესკოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ კიდევ სესიის დაწყებამდე საუბრობდნენ. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ცესკოს  ოთარ სიჭინავას, ზურაბ ხარატიშვილისა და ლევან თარხნიშვილის კანიდატურებს წარუდგენს.

სამივე მათგანი იმ 14 პირს შორის არის, რომლებიდანაც პრეზიდენტმა სამი კანდიდატი ცესკოს 12 იანვარსვე უნდა წარუდგინოს. ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შერჩევის მიზნით, თავმჯდომარეობის 14 კანდიდატი პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციის შემდეგ დასახელდა.
 
საინტერესოა, რომ ზურაბ ხარატიშვილის, ოთარ სიჭინავასა და ლევან თარხნიშვილის კანდიდატურების წარდგენის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „პირველი“ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იტყობინებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო კულუარებში ამ პიროვნებებზე ფსონი იმთავითვე დაიდო.

ზურაბ ხარატიშვილის საქმიანობაც ფინანსურ-აუდიტორულ სფეროს უკავშირდება და ცესკოშიც სწორედ ამ განხრით მოღვაწეობდა, როცა პარტიათა ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებდა. ეს კანდიდატურა ორგანიზაცია „ალპემ“ დაასახელა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ რჩეული კანდიდატია ოთარ სიჭინავა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ალპეც“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივაც“ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ორგანიზაციებად არის მიჩნეული. საპარლამენტო კულუარებში აღნიშნავენ, რომ მესამე კანდიდატურად პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ლევან თარხნიშვილს დაასახელებს.

ოპოზიციურ პარტიებში უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ სამ კანდიდატს შორის ლევან თარხნიშვილის დასახელება ოპოზიციის მისამართით ერთგვარი შანტაჟია. ამით ხელისუფლება ცესკოს ოპოზიციურ შემადგენლობას ფაქტის წინაშე აყენებს - თუკი ხარატიშვილს ან სიჭინავას მხარს არ დაუჭერენ, პარლამენტი ლევან თარხნიშვილს დაამტკიცებს.

„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, 12 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ცესკოს თემაზე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსისა“ და სააგენტო „პირველის“ ინფორმაციები

ახალი ამბები