კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის უსიტყვო მესიჯი - აირჩიეთ სამში ერთი!

13 იანვარი, 2010

ალეკო ცქიტიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გრძელდება. რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურიდან რომელიმე ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის დასახელებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ოპოზიცია ცინიზმად აფასებს. თუმცა, გარკვეული პასუხისმგებლობა ამ მოვლენაზე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრია, რადგან სწორედ მათ მიერ იყო ინიცირებული ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლის თანახმადაც, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პრეზიდენტისთვის კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა დაესახელებინა, პრეზიდენტს კი მათგან სამი კანდიდატურა უნდა აერჩია და თავის მხრივ, ცესკოსთვის წარედგინა თავმჯდომარის ასარჩევად. კანონის ახალ რედაქციაში ასევე შევიდა დათქმა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან თავმჯდომარეს ცესკოს მხოლოდ ოპოზიციური წევრები ირჩევენ. ვერაფერს იტყვი! დემოკრატიული და პლურალისტური კანონია, მაგრამ ოპოზიციამ ვერ გაითვალისწინა საქართველოში დამკვიდრებული ვერაგული პრაქტიკა, როდესაც მსგავს სიტუაციებში ხელისუფლება თითქმის ყოველთვის ანგარიშს უწევს არა საზოგადოების ინტერესს, არამედ პირველ რიგში, საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს.

ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა ვალი მოიხადა და 12 იანვარს ცესკოს თავის მიერ მოწონებული კანდიდატურები წარუდგინა. პრეზიდენტის უსიტყვო მესიჯი ასეთია - მე ჩემი ვალი მოვიხადე, ახლა კი სამში ერთი თქვენ აირჩიეთო.

არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული 14 კანდიდატიდან მიხეილ სააკაშვილმა ლევან თარხნიშვილზე, ზურაბ ხარატიშვილსა და ოთარ სიჭინავაზე შეაჩერა არჩევანი. ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან თარხნიშვილი წარდგენილია „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ზურაბ ხარატიშვილი - ორგანიზაცია „ალპეს“ მიერ. ხარატიშვილი მანამდე ცესკოს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს მონიტორინგს უწევდა. რაც შეეხება ოთარ სიჭინავას, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მიერ.

ახლა ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა უნდა იმტვრიონ თავი ამ სამი კანდიდატურიდან, რომელს უნდა მისცენ ხმა. 13 იანვარს შიდაკონსულტაციები დაიწყო კიდეც, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ასარჩევი დიდი არაფერია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, კომისიის სხდომა, სავარაუდოდ,  14 იანვარს გაიმართება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოოდ იმსჯელებენ. გადაწყვეტილებას კი, საზოგადოებას სხდომის შემდეგ გააცნობენ.
 
კანონის თანახმად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარედ ცესკოს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა არაუგვიანეს 14 იანვრისა უნდა აირჩიოს. თუ ვერც ერთი მათგანი ფარული კენჭისყრისას ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და 21 იანვრამდე დეპუტატები აირჩევენ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს თავმჯდომარედ.

ოპოზიციური პარტიები და პოლიტოლოგები აღშფოთებას ვერ მალავენ. თუმცა, ოპოზიციამ ჯერ არ იცის, როგორ დაუპირისპირდეს პროცესს, რომელიც უკვე მიანიშნებს ხელისუფლების სურვილს - გააკონტროლოს არჩევნები და ამ გზით მიაღწიოს გამარჯვებას. პარტიებს, რომლებიც მაისში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს აქედანვე ბოიკოტს უცხადებენ, კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ სალაპარაკოდ, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება და მასში მონაწილეობას აზრი არა აქვს. შედარებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პარტიები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან.

„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამი კანდიდატი ყოვლად მიუღებელია „ალიანსი საქართველოსთვის“. ჩვენ არც ერთ მათგანს მხარს არ დავუჭერთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ.
 
მისივე თქმით, როცა „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩაერთო, სწორედ მათ წამოაყენეს იდეა, სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებით დასახელებულიყო ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. „ეს იდეა ფორმალურად დაკმაყოფილდა, თუმცა, პრაქტიკულად, პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული კანდიდატები ცესკო-ში არ წარადგინა“, - წუხს აბაშიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად „ნაცმოძრაობის პარტიული უჯრედების დაასახელებას“ ხელისუფლების კიდევ ერთ უზნეობად აფასებს. მისი თქმით, ლევან თარხნიშვილის კანდიდატად დასახელებით „თავისუფლების ინსტიტუტმა“ პრეზიდენტს საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ მოჭრა თავი; ამავე დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თარხნიშვილი „ნაცმოძრაობის“  გმირი იმის გამოა, რომ არჩევნები ხელისუფლებასთან ერთად გააყალბა და ხელისუფლებასთან ერთად ამ დანაშაულის თანამონაწილეა. 

მისივე თქმით, ოთარ სიჭინავას მაღალი კვალიფიკაციის იურისტად კი ახასიათებენ, მაგრამ მას პრინციპულობის გამოცდა არ ჩაუბარებია.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ სამეულში იმ „არასამთავრობო ორგანიზაციების“ წარმომადგენლები მოხვდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ უჯრედებს წარმოადგენენ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალპემ“, რომელშიც თავის დროზე გიგი უგულავა მუშაობდა და მას ახლაც აკონტროლებს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ხარატიშვილი შესაძლოა, მხოლოდ ბალანსისთვის დაასახელა. ამიტომ არ არის გამორიცხული, არჩევანი სიჭინავასა და თარხნიშვილს გაკეთდეს.

ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ კონსულტაციებს, როგორც შიგნით, ისე ერთმანეთთან და ერთობლივი განცხადების გავრცელებასაც გეგმავენ. თუმცა, თავდაპირველად საზოგადოება ცესკოს 6 ოპოზიციურ წევრს მოუსმენს. ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ, ალბათ, არც თუ ისე რთული მისაღებია - წარდგენილი კანდიდატურებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვას არა ცესკოს ოპოზიციური წევრები, არამედ პარლამენტარები იტყვიან და არ არის გამორიცხული, „სამში ერთი“ ხელისუფლებისათვის ესოდენ ძვირფასი ლევან თარხნიშვილი აღმოჩნდეს.

ახალი ამბები