კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაცურებული ოპოზიცია და ლუსტრირებული ენჯეოები

14 იანვარი, 2010

თუ გინდა, მოწინააღმდეგე დაამარცხო, ის კარგად უნდა შეისწავლო. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, სადაც უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლია და საზოგადოებას არწმუნებს, რომ შესანიშნავად იცნობს პრეზიდენტს და მის ხრიკებს, უკვე მერამდენედ გულუბრყვილოდ ებმება ხაფანგში.

პრეზიდენტის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასახელების უფლების ოპოზიციისათვის შეთავაზება, მანამდე კი კანდიდატებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები, ისეთივე ფარსი აღმოჩნდა, როგორიც სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიერ ოპოზიციასთან ადრე გამართული ე.წ. დიალოგები და მინისტრთა მოადგილეების პოსტების შეთავაზება.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა აშკარად დაარღვია კანონი და 8 იანვარს, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვდა, ცესკოს განსახილველად არ წარუდგინა თავმჯდომარის კანდიდატურები, ამაზრზენი იყო სურათი, რაც ტელეეკრანებზე ვიხილეთ. 11 იანვარს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე „თავდადებული“ არასამთავრობოები და ექსპერტები მორჩილად ეახლნენ პრეზიდენტს ბათუმში კანდიდატურებზე „კონსულტაციების“ გასამართავად. ამით მათ, ფაქტობრივად, უკანონობა დააკანონეს. თუმცა, ამ არასამთავრობოთა და ექსპერტთა უმეტესობა ხელისუფლების მომხრეა და, აქედან გამომდინარე, მათი საქციელი ადვილად აიხსნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა 12 იანვარს საღამოს არასამთავრობოთა მიერ შეთავაზებული 14 კანდიდატურიდან დაასახელა სწორედ ის 3 პიროვნება, რომლებზეც სახელისუფლებო კულუარებიდან გაცილებით ადრე ჟონავდა ინფორმაცია, რომ სწორედ მათ დაუჭერდა მხარს ხელისუფლება.

„შესანიშნავი“ სამეული ასე გამოიყურება: ცესკოს დროებით გადამდგარი ამჟამინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი - წარდგენილი სახელისუფლებო ენჯეო „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ; ცესკოს ფინანსური აუდიტორი ზურაბ ხარატიშვილი - წარდგენილი ასევე პროსახელისუფლებო ენჯეო „ალპეს“ მიერ და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა, რომელიც აგრეთვე ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ორგანიზაციამ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ - წარადგინა. სააკაშვილმა ამ სამეულში არ მოახვედრა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ენჯეოების მიერ დასახელებული კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პიროვნებების რეპუტაციით სარგებლობენ - ეკა სირაძე-დელონე და კახა სოფრომაძე.

სააკაშვილმა და მმართველმა პარტიამ ამით ნათლად აგრძნობინეს როგორც ოპოზიციას, ასევე მთელ საზოგადოებას, რომ ძალაუფლების ერთ მისხალსაც კი არავის დაუთმობენ. ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილმა ეს გააკეთა სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოსაჩვენებლად ატეხილმა ხმაურმა და შემდეგ კი ცესკოში კანდიდატურების განხილვის გადავადებისთვის ხმის მიცემამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველ პარტიას საპარლამენტო ოპოზიცია მართლაც ჯიბეში უზის.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის, უფრო სწორად კი, დანიშვნის სცენარი ძალიან წააგავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის „არჩევას“, - გათამაშდა კონკურსის იმიტაცია, ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი კი წინასწარ იყო ცნობილი. სავარაუდოდ, ასევე მოხდება  ცესკოს  თავმჯდომარის „არჩევაც“ და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება იგი, რადგანაც სამივე კანდიდატი მმართველი პარტიისთვის სანდო კადრია. სააკაშვილის განცხადებით, ცესკოს ახალი თავმჯდომარე ხუთი წლით ირჩევა და, შესაბამისად, ის ჩაატარებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი უკვე მერამდენედ აღმოჩნდა მწარედ გაცურებული. საინტერესოა,  განიხილავს თუ არა ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიცია სააკაშვილის შეთავაზებულ კანდიდატურებს? თუკი არასაპარლამენტო ოპოზიციას სახის შენარჩუნება სურს, მან ამ პროცედურაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ხელისუფლების მიერ შერჩეული ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პატივი ისევ ხელისუფლებას გადაულოცოს და არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას დააკისროს.

ამრიგად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე ადრეულ ეტაპზევე აღმოჩნდა დისკრედიტებული და მისი სამართლიანად ჩატარების შანსი მცირეა.

„ყველა სიახლე“

ახალი ამბები