კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხალხო, ერთი რამე გაითავისეთ - ფუფუნებაში ცხოვრებას გადაეჩვიეთ!..“ - ურჩევს მინისტრის მოადგილე დევნილებს

14 იანვარი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

ლიახვის ხეობის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად უკრაინაში წავიდა. ის ხალხი კი, ვინც ბასიშვილის მანდატს „ნდობა გამოუცხადა“, დღეს სიბნელეში და სიცივეში ცხოვრობს. კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს მხოლოდ პოლიცია აკონტროლებს. არ ჩანს ასევე პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი. დევნილების ნაწილი ფიქრობს, აღიაროს კოკოითის მმართველობა და სანაცვლოდ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.

„ხურვალეთის საგუშაშოგზე მდგარმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა 13 იანვარს კოტეჯებში აღარ შეგვიშვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც 11 იანვარს მოსახლეობამ ეს საგუშაგო უპრობლემოდ გადმოლახა და ცენტრალური მაგისტრალი - ავტობანი გადაკეტა“, - აცხადებენ დევნილები.

საქართველოს ხელისუფლებამ ავტობანის გასვწრივ კოტეჯების მშენებლობისას ერთი რამ ვერ გაითვალისწინა. მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს მყოფ დევნილებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გზის გადაკეტვა. ამ საშუალებას ისინი უკვე მიმართავენ. დევნილებისთვის ელექტროენერგიის მასობრივად შეწყვეტამ თავისი შედეგი გამოიღო. ხელისუფლება კი მათ მიერ ზედმეტად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას არ აპირებს.

სინამდვილეში ხელისუფლება არ აპირებს გაარკვიოს, ნამდვილად გახარჯეს თუ არა დევნილებმა ელექტროენერგია ზედმეტად? საახალწლოდ საჩუქრების სახით კოტეჯებში დარიგებული ქვითრები იუწყება, რომ თითო ოჯახს 537 ლარი, 741 ლარი, 342 ლარი აქვთ დავალიანება. ქვითრებზე ისიც წერია, რომ ეს ერთი თვის მონაცემებია. თუმცა ენერგოკომპანიის წარმომადგენელი გია ბალახაშვილი განმარტავს, რომ ეს თანხა სამი თვის დავალიანებაა.

ამ დრომდე დევნილთა არც ერთ აქციაზე არ გამოჩენილა შიდა ქართლის ხელისუფლება. არც გუბერნატორი ვარძელაშვილი და არც მისი მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი არ დაინტერესებულან დევნილების ბედით. დღის ბოლოს ხურვალეთის დაშლილ და დაწყნარებულ აქციაზე გორის რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მივიდა.

„ხალხო, ერთი რამე გაითავისეთ - ფუფუნებაში ცხოვრებას გადაეჩვიეთ!.. დენის საფასური უნდა გადაიხადოთ!“ - ეუბნებოდა ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს სუბელიანის მოადგილე, ანდრო ჭულუხაძე მაშინ, როდესაც გადაკეტილ გზას პოლიცია ასუფთავებდა.

ანდრო ჭულუხაძემ 11 იანვარს საკუთარი თვალით ჯერ სოფელ კარალეთთან ნახა აღშფოთებული დევნილები, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ - ხურვალეთთან. ერთ დღეს ორ ადგილზე ცენტრალური ავტობანის თბილისი-გორის მონაკვეთი გადაიკეტა. მობილიზებულმა პოლიციამ და ერედვი-ქურთის გამგეობის თანამშრომლებმა, რომლებსაც თანასოფლელები „ზონდერ ბრიგადებს“ უწოდებენ, საპროტესტო აქცია დაშალეს.

რეზო კახნიაშვილი, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის თანაშემწე, ხურვალეთელებს პროტესტის გამოხატვის ფორმას უწუნებდა: ,,ხმას ნუ უწევ, გელაპარაკები!.. რახან ჟურნალისტი აქ არის, თქვენ გგონიათ, შემაშინებთ?!.. სულ არ მეშინია საბასი!“ - უფრო ხმას აუწია რეზო კახნიაშვილმა და ხურვალეთში ჩასახლებულ მარინე ბეჟაშვილს უთხრა: ,,მაგდენს რომ ყვირიხარ, იმიტომ ხარ სიბნელეში!“

რეზო კახნიაშვილი ადგილზე თანასოფლელ ,,ბიჭებთან“ ერთად მოვიდა. აქვე ჩანდა და მოსახლეობას ,,აწყნარებდა“ ლიახვის ხეობაში ავტორიტეტად აღიარებული პიროვნება, რომელსაც ყველა „გაგის“ სახელით იცნობს.

მოსახლეობა შიშობს, რომ საპროტესტო აქციის გამო, მათ სამაგიეროს გადაუხდიან. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ადგილზე დააფიქსირა ყველა ის პიროვნება, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და პოლიციას აქციის დაშლაში ეხმარებოდნენ.

,,ყველას გცნობთ სახეზე. თქვენც ჩვენსავით დევნილები ხართ. ერთ მიწაზე ვართ გაზრდილები. თქვენ უფრო უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა. ინსულტიანი დედა და მამა მყავს, წამლების ფული მე არა მაქვს, შეშა მე არა მაქვს, შუქი მე არა მაქვს, რა გავაკეთო?! მოგვერივნენ! დაგვჯაბნეს!“ - ამბობდა პატარა ლახვის ხეობიდან დევნილი ბესარიონ კორინთელი.

ხურვალეთის აქციაზე ასაკში შესული ძმები უთნელიშვილებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთი გამწარებული ძმა მანქანებს ხელს უქნევდა, გააჩერეთ ეგ მანქანები და ცოტა ხანს ჩვენს გვერდით დადექით სოლიდარობის ნიშნადო. ერთ-ერთი ავტომანქანის მფლობელი, რომელიც ფოტოზე დავაფიქსირეთ, მოხუცებულ ქალბატონს მანქანიდან გადმოუხტა და გინება დაუწყო, ხოლო გზა როცა განთავისუფლდა, პატრულის თანამშრომელს ხელის აწევით მადლობა გადაუხადა - „დიდი მადლობა პატრულს!“

ძმები უთნელიშვილები პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ქსუისიდან არიან. უთნელიშვილები ამ ხეობის აზნაურები იყვნენ, რომლებსაც აზნაურობა ჯერ კიდევ გიორგი ბრწყინვალემ უბოძა.

,,იცით რა დავტოვე იქ?! უამრავი ქონება და მამულები, რაც კი კომუნისტების მერე შრომით და წვალებით შემიძენია. დღეს, აგერ, რა დღეში ვარ?! ტრასაზე ვდგავარ მათხოვარივით! ისეთ დღეში ვართ ჩავარდნილები, რომ სახელმწიფოს ვეხვეწებით, დენის თანხა დაგვიფაროს და იმასაც არ აკეთებენ“, - გვითხრა ერთ-ერთმა ძმამ.

13 იანვარს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლობამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ განაახლა ელექტროენერგიის მიწოდება დევნილი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც მოახდინა გადახარჯული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა. ელექტროენერგიის მიწოდება განუახლდათ იმ აბონენტებსაც, რომლებმაც შეიტანეს სამ თვეზე გადანაწილებული დავალიანების პირველადი შენატანები. ამ დროისათვის მთლიანად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ სკრაში. გადახარჯვის გამო რამდენიმე აბონენტი კვლავ გამორთულია ბერბუკისა და ხურვალეთის ჩასახლებებში; დენი არ მიეწოდება კარალეთის ჩასახლებასაც; ამასთან, გადაუხდელობის შემთხვევაში, დღეიდან დაიწყება ვერხვების, პანაცეასა და შავშვების დასახლებებში გადახარჯვის შედეგად დარიცხული დავალიანების მქონე აბონენტების გათიშვა“.

დღესდღეობით ჩაბნელებულ კოტეჯებს ღამით გარეგანათების ნათურები ანათებს. სკრის დასახლებაში თითო ოჯახმა პირველ ჯერზე 20-20 ლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა სამ თვეზე გადაანაწილეს. ამ თანხის დაფარვა კვლავ დევნილებს მოუწევთ საკუთარი ჯიბიდან. დახმარების სახით ისინი სულზე 28 ლარს იღებენ.

ახალი ამბები