კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომის დროს ბუშის მრჩევლები სამხედრო ჩარევაზე ფიქრობდნენ

18 იანვარი, 2010

„პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავდა“, - წერს რონალდ ასმუსი თავის ახალ წიგნში - „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“.

ასმუსი პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპულ საკითხებში. ახლა კი მარშალის ფონდთან არსებული ტრანსანტლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელია ბრიუსელში.

მისი წიგნის მიმოხილვა ამ დღეებში სააგენტო Bloomberg-მა, ასევე ბრიტანულმა The Sunday Times-მა გამოაქვეყნა. წიგნში გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი მასალები და ეყრდნობა ინტერვიუებს დასავლელ და საქართველოს ოფიციალურ პირებთან. თუმცა, ნაკლებად არის წარმოდგენილი რუსეთის პოზიცია, რისი მიზეზიც, როგორც წიგნის ავტორი წერს, რუსეთის ოფიციალური პირების უარია ინტერვიუზე.

Bloomberg-ის მიმოხილვის თანახმად, წიგნი ასახავს, როგორ გამოიყენა რუსეთმა აშშ-სა და ევროპას შორის პოზიციათა სხვადასხვაობა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ.

როგორც წიგნის ავტორი წერს „თეთრი სახლის რამოდენიმე ოფიციალური პირი“ ემხრობოდა აშშ-ის მხრიდან „სულ ცოტა, შეზღუდული სამხედრო ღონისძიების“ გატარების განხილვას, მაგალითად - საჰაერო დარტყმების განხორიციელებას და როკის გვირაბის დაბომბვას.

თუმცა, ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ბუშმა ამგვარი განხილვები შეწყვიტა. მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც თეთრ სახლში შედგა, დაასკვნეს, რომ „ნებისმიერი სახის სამხედრო ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან გამოიწვევდა მოსკოვთან კონფრონტაციას“, - წერს ასმუსი.

წიგნში ასევე ასახულია ის დაპირისპირება, რომელიც ბუშსა და მის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის არსებობდა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

არსებული უთანხმოება, წიგნის ავტორის მიხედვით, საქართველოს კონტექსტსაც მოიცავდა, რადგან ჩეინის მრჩევლებს მიაჩნდათ, რომ ბუშმა რუსეთს საქართველოზე შეტევის განსახორციელებლად უნებლიედ „მწვანე შუქი აუნთო“, როცა სიჩუმით უპასუხა პუტინის „მკვეთრ და მუქარის ენას“, რომელიც ამ უკანასკნელმა სოჭში 2008 წლის აპრილში ბუშთან გამართული შეხვედრისას გამოიყენა.

წიგნში ასევე მოყვანილია პრეზიდენტ სააკაშვილსა და პუტინს შორის 2008 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გაკეთებული სტენოგრამის მონაკვეთი.

„შენ გგონია, ამერიკელებს შეგიძლია, ენდო და გგონია, ისინი გამოიქცევიან, რომ დაგეხმარონ?.. ვერავის ენდობი!.. ჩემს გარდა“,- ეუბნება პუტინი სააკაშვილს ამ სტენოგრამის მიხედვით, სადაც ასევე ნახსენებია „პატარა ომი“.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებობდა უთანხმოება, როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, ამ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში სააკაშვილი აღიქმებოდა, როგორც „ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი ცხელთავიანი და პრობლემების შემქმნელი“.

ასმუსი ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი „გაოგნებული“ იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ბუნდოვანი ტექსტით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით შედგა.

წიგნის მიხედვით, როცა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, ის დაჟინებით მოითხოვდა სააკაშვილისგან, ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებისთვის, რადგან საქართველო ამაზე უკეთეს პირობებს ვეღარ მიიღებდა.

„სად არის ბუში?! სად არიან ამერიკელები?! ისინი არ მოდიან თქვენს დასახმარებლად. არც ევროპელები. მარტო დარჩი. თუ არ მოაწერ ხელს,  აქ მალე რუსული ტანკები იქნებიან“,- ეუბნებოდა სარკოზი სააკაშვილს, როგორც ეს ახალ წიგნშია ნათქვამი.

Bloomberg-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეს წიგნი საქართველოსადმი უფრო დადებითი კუთხით არის დაწერილი, ვიდრე ე.წ. ტალიავინის დასკვნა.

The Sunday Times-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წიგნი „ვაშინგტონელი ნეოკონსერვატორის ნაშრომს უფრო გავს, ვიდრე დემოკრატისას“.

„ასმუსი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციისთვის საჭირო გადამწყვეტი დახმარების არაღმოჩენა დასავლეთის შეცდომა იყო, ისევე როგორც რუსეთისთვის მკვეთრი შემაკავებელი სიგნალების არგაგზავნა“, - ნათქვამია თჰე შუნდაყ თიმეს-ის მიმოხილვაში.

წყარო: www.civil.ge

ახალი ამბები