კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების რეფორმით დაღლილი მშობლები

18 იანვარი, 2010

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„რეალურად, ჩვენ ფასი დავუკარგეთ სკოლის ატესტატსა და სასწავლო საგნებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის #3 საჯარო სკოლაში 12 იანვარს რამდენიმე შერჩეულ პედაგოგთან და მოსწავლესთან შეხვედრაზე. განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე პრეზიდენტმა დიდხანს და ისეთი გაბრაზებული ტონით ისაუბრა, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში განათლების სისტემაში რეფორმებს უცხოპლანეტელები ახორციელებდნენ და „ვარდების ხელისუფლებას“ სკოლაში სწავლების გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გატარებული რეფორმები მოსწავლეთათვის ზიანის მომტანი იყო. ხარვეზების პარალელურად, პრეზიდენტმა ახალ ინიციატივებზეც ისაუბრა. 2011 წლიდან მოსწავლეებს დამამთავრებელ კლასში 10 გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი, რომელთა მინიმალური ქულის ოდენობაც იქვე განსაზღვრა - 15 ქულა.

შეხვედრას, ტრადიციისამებრ, ჟურნალისტები არ დაასწრეს და მხოლოდ ცენტრალური ტელეარხების საშუალებით გადასცეს პირდაპირ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა უმეცარი უწოდა მას, ვინც საგნების ე.წ. სეზონური სწავლება შემოიღო. მისი კრიტიკა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებასაც მოჰყვა: „განათლების ხარისხი საქართველოში მკვეთრად დაეცა. ჩვენ ამასწინათ საერთაშორისო კვლევის შედეგები ვნახეთ და განათლების ხარისხი სავალალოა. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვების ცოდნის დონე, ე.ი. ჩვენი მომავალი და მომავლის პერსპექტივა სავალალო მდგომარეობაშია... რეალურად, ჩვენ ფასი დავუკარგეთ სკოლის ატესტატსა და საგნებს. ჯერ ერთი, გადავიყვანეთ ტრიმესტრული სწავლების სისტემაზე, რაც არის უმეცარი ადამიანის მოგონებული. პირდაპირ უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ეს მოიგონა, რომ არიან უმეცრები. ვინც ეს მოიფიქრა, იმან პირველი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს განათლების სისტემას. მეორე საკითხია, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად სკოლის ძირითადი საგნები ბავშვებს საერთოდ აღარ სჭირდებათ. პრაქტიკულად, ჩვენ მივიღეთ ექიმბაშური სიტუაცია, რომ უნარ-ჩვევებს ისწავლი და შეგიძლია იმით მოხვდე უმაღლესში. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სკოლის ატესტატის პრესტიჟი და მთავარი საგნების პრესტიჟი სკოლაში“.
 
ის ინიციატივები, რომლის თანახმადაც, „უმეცარმა ხალხმა“ ზოგიერთი საგანი ტრიმესტრულ სწავლებაზე გადაიყვანა და სკოლებში „ექიმბაშური სიტუაცია“ შექმნა, პრეზიდენტის მიერ თავის დროს მოწონებული იყო. მშობლები აღნიშნულის გამო დღესაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მარინა ბოლქვაძე, მშობელი: „დავიღალე ამდენი ექსპერიმენტებით. ეს ბავშვების განათლების საკითხია. თოჯინებზე ხომ არაა საუბარი, რომ ერთ წელიწადს ასე ისწავლონ, შემდეგ წელს შეიცვალოს და სხვა სისტემაზე გადავიდნენ. დავიბენით ამდენი ცვლილებებით. მშვენიერი სისტემა იყო ამ ხელისუფლების მოსვლამდე“.

ნინო მშვიდობაძე, მშობელი: „ბავშვები ერთმანეთის სახელმძღვანელოს ვეღარ იყენებენ. ზოგი პილოტირებული პროგრამით სწავლობს და ზოგიც სხვათი. გასულ წელს სხვა წიგნით ისწავლებოდა პროგრამა, ამ წელს კი პრეზიდენტი ან მინისტრი გადაწყვეტს, რომ ასე არ  ვარგა და შეცვლიან წიგნსაც და სწავლების მეთოდს. ასე როდემდე უნდა გაგრძლედეს?! ახლა მიხვდა ჩვენი პრეზიდენტი, რომ წლების წინ მისივე განხორციელებული რეფორმები არ ვარგოდა?“

გიორგი ბერიძე, მშობელი: „ჯერ ასე დააწესებენ, შემდეგ ისე. დავიღალეთ მშობლები ჩვენს ბავშვებზე ცდების ჩატარებით. რას უწუნებდნენ იმ სისტემას, რაც რევოლუციამდე იყო? ახლა ხომ იგივეს უბრუნდება პრეზიდენტი? თავიდან რატომღა გააუქმა? ჩემმნაირი მშობლები არ დაასწრეს იმ შეხვედრას, თორემ ამას პირადად ვკითხავდი“.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამსწრე პედაგოგები და მოსწავლეები შეხვედრით კმაყოფილნი იყვნენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

ნარგიზ ბაბიშვილი, პედაგოგი: „ყველა საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით მინდოდა, მივსულიყავი და გადავხვეოდი პრეზიდენტს, სკოლაში ბავშვების გამოცხადებასთან და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით როცა ისაუბრა. რაც მთავარია, მომეწონა, რომ მასწავლებელი და სკოლა უნდა იყოს დაცული“.

მაყვალა ვერულიძე, პედაგოგი: „მომეწონა პრეზიდენტის გამოსვლა და ყურადღების გამახვილება იმ აუცილებელ საგნებზე, რომელიც უნდა დაიშვას მომავალი სასწავლო წლიდან“.

ნარგიზ ჯინჭარაძე, პედაგოგი: „საყურადღებო იყო ის, რომ ოჯახის წევრებმა შემდეგ წელსაც ისარგებლონ სახელმძღვანელოებით. დრო ითხოვდა ამას და ნამდვილად დროული იყო ეს ცვლილება“.

რეზო ჭანტურია, მოსწავლე: „ვფიქრობ, განათლებაში ეს ცვლილებები ძალიან დაეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, ყველა დაპირებას ასრულებს. კომპიუტერის სწავლების პრიორიტეტულად გამოცხადების  გამო, მინდა, პირადად დიდი მადლობა გადავუხადო“.

პრეზიდენტსა და პედაგოგებს შორის გამართული შეხვედრა ბათუმის #3 საჯარო სკოლაში თითქმის საათამდე გრძელდებოდა. სკოლის შენობას სამთავრობო დაცვა მთელ პერიმეტრზე იცავდა. ჟურნალისტებს შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

ახალი ამბები