კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ ვახანიამ ჩვენება გამოძიების დაწყებიდან 10 თვის შემდეგ მისცა

19 იანვარი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ბრალად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ადვოკატების განმარტებით, იგი უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმარია და შესაბამისად, სასამართლო გამოძიებაც დარღვევებით მიმდინარეობს. ვლადიმერ ვახანიას პოლიტმატიმრად აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აკადემიკოსი სამართალდამცავებმა 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. მიმდინარე წლის 15 იანვარს მას პირველად მიეცა საშუალება, სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვახანიას ამის საშუალება დღემდე არ ჰქონია. გამოძიება პირველივე დღიდან უკანონოდ დაიწყო. პირველი ინსტანციის სასამართლოში (ვგულისხმობ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს) უხეშად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მოსამართლე დავით კეკენაძემ გამამტყუნებელი განაჩენი აბსოლუტურად უსამართლოდ გამოიტანა. მეტიც, მისი გადაწყვეტილებით, განადგურდა თითქოსდა ვახანიას სახლში ამოღებული ნივთმტკიცებები - ხელყუმბარები, რომლებიც საქმეზე იყო თანდართული. როდის, სად, როგორ  მოხდა აღნიშნული ხელყუმბარების აფეთქება ისე, რომ  ლუქიც არ შეინახეს, ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში, სიმართლე გითხრათ, არ მომხდარა. ავტომატი კი, რომელიც პოლიციამ თითქოსდა ხელყუმბარებთან ერთად „იპოვა“ არა ვახანიას, არამედ შსს-ს კუთვნილება იყო და, რა თქმა უნდა, ისევ სამინისტროს დაუბრუნდა“, - ამბობს ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი ლალი აფციაური.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ვახანიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილება აქვს გადაწყვეტილი და უკან არაფერზე იხევს. სიმართლე კი, რომელსაც ფაქტები ასახავს, არავის აინტერესებს.

15 იანვარს ვლადიმერ ვახანიამ პირველი ჩვენება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას (მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი, მურთაზ კაპანაძე) მისცა. ფაქტები, რომელსაც ჯერ ვახანიას დაკავება, ხოლო მოგვიანებით ოთხწლიანი სასჯელი მოჰყვა, მსჯავრდებულმა თანმიმდევრულად გადმოსცა.

ფაქტი #1

„2008 წლის 12 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში რეგისტრაციის გავლისა და საკონტროლო პუნქტის გადაკვეთის შემდეგ სპეცსამსახურის თანამშრომლები მომვარდნენ და პასპორტები ჩამომართვეს. ხელიდან გამომგლიჯეს და წაიღეს ჩემი მობილური ტელეფონიც. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში შემიყვანეს და მითხრეს, რომ რუსეთის აგენტი ვარ. მაიძულებდნენ, დამეწერა აღიარებითი ჩვენება ამის შესახებ. უარის შემთხვევაში, დამემუქრნენ, რომ წამართმევდნენ საქართველოს მოქალაქეობას (მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს) და ოჯახს ამიწიოკებდნენ. დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ, რამდენიმე საათში გამიშვეს და მითხრეს, როცა დაგირეკავთ, სადაც გეტყვით, იქ მოეთრიე და ყველაფერი თქვიო.

ამის შემდეგ არსად არავის დავუბარებივარ, თუმცა, ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარები არ შეწყვეტილა. ვის არ მივმართე - საქართველოს პრეზიდენტს, შს მინისტრს, გენერალურ პროკურატურას, რომ დაებრუნებინათ ჩემი დოკუმენტები, თუმცა -  ამაოდ. ჩემს ტელეფონზე ანონიმური ზარები არ შეწყვეტილა. მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, თუ არ შევწყვეტდი სხვადასხვა უწყების სახელზე წერილების გაგზავნას, კარგი დღე არ დამადგებოდა“.

ფაქტი #2

„აეროპორტის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში თბილისში, ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში მანქანა დამიმტვრიეს. ჩამოგლიჯეს და წაიღეს მანქანის სანომრე ნიშანი. მანამდე ეზოში შუქი გაითიშა და რომ გავედი, იქ რაიმეს დანახვა უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ძალიან ბნელოდა. პოლიცია გამოვიძახეთ და როცა მოვიდნენ, კარების გაღებისთანავე იკითხეს, ვახანია რომელიაო. ზუსტად მახსოვს, პოლიციასთან დარეკვის დროს, ჩემი გვარი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ანუ, ამით კიდევ ერთხელ  ყველაფერი ნათელი გახდა.

ამ და აეროპორტის ფაქტებზე თბილისის პროკურატურას 2009 წლის იანვარში ჩვენება მივეცი. მითხრეს, რომ დაიწყებოდა გამოძიება და დამიბარებდნენ... 22 წერილი მაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ დღემდე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე თვითონ დამაკავეს და ბოლოს ციხეში გამომამწყვდიეს“.

ფაქტი #3

„მე არასდროს დამიმალავს და არც დღეს ვაპირებ დავმალო, რომ ბოლო დროს საქართველოში შექმნილი ვითარება ჩემთვის მიუღებელია. მე მგონი, ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს და ამის ხმამაღლა თქმა მისი დევნისა და დაჭერის საბაბი არ უნდა იყოს.

დამეთანხმებით, ალბათ, ძნელია, წლების შემდეგ ბრუნდებოდე შენს სამშობლოში და გეკითხებოდნენ: რა გინდა აქ და საერთოდ, რატომ გაქვს ორმაგი მოქალაქეობაო. გინდა თუ არა, რუსეთის აგენტი ხარო - მეუბნებიან და იმის საშუალებასაც არ მაძლევენ, ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. ჩემს ქვეყანაში მშვიდად ცხოვრების საშუალება არ მომცეს. პასპორტები ჩამომართვეს, ყველა უფლება შემილახეს და მაშინდელი სახალხო დამცველის მოადგილეს ამის შესახებ რომ შევჩივლე, დამშვიდდი, უნდა მოითმინო, შენნაირ მდგომარეობაში დღეს ნახევარი საქართველოაო - მითხრა.

პოლიტიკური პარტიის შექმნა გადავწყვიტე და ამისთვის ხალხის - ჩემი ზუგდიდელების (და არა მხოლოდ მათი) სათანადო მხარდაჭერაც მოვიპოვე. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ნოტარიუსი, რომელთანაც რეგისტრაციისა და სხვა პროცედურების შესახებ გვქონდა მოლაპარაკება, აღმოჩნდა, რომ ბოლო მომენტისთვის ქვეყნიდან გაფრინდა.

ნება არ დაგვრთეს, ზუგდიდში პარტიის ყრილობა ჩაგვეტარებინა. ქალაქის თითქმის ყველა შენობა ჩვენთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, მაინც შევიკრიბეთ და ხალხს საკუთარი აზრი გავანდეთ.

საღამოს, ყრილობის დამთავრების შემდეგ, ჩემი სახლიდან გასულ მანქანას (რომლითაც თბილისიდან ჩამოვედი) ავტომობილი აედევნა. როგორც მერე ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, ისინი ხობში გააჩერეს და იკითხეს, იჯდა თუ არა იქ ვლადიმერ ვახანია. იმავე წუთს, მანქანიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა: ზუსტად ვიცი, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაგაკავებენო. მანქანა რომ გააჩერეს და შენი გვარი იკითხეს, მერე სათითაოდ გადმოგვიყვანეს და გაგვჩხრიკესო.

ეს იყო ბოლო შემთხვევა, რამაც მაფიქრებინა, რომ მართლა რაღაცას მიწყობდნენ.“

ფაქტი #4

„შევნიშნე, რომ 12 და 13 მარტს ჩემს სახლს ზუგდიდში ერთი და იგივე ადამიანები დღეში რამდენჯერმე  გარს უვლიდნენ. მეზობლებიც მეუბნებოდნენ ამის შესახებ. 15 მარტს კი, შემოცვივდნენ ნიღბიანები და ხელბორკილები დამადეს. მერე იატაკზე დამაგდეს და იქიდან ვხედავდი, როგორ ცემდნენ სახეში ჩემს ახლობლებს, რომლებიც იმ დროს ჩემთან იმყოფებოდნენ. ბიჭები სულ წითლები იყვნენ და ყვიროდნენ, შველას ითხოვდნენ. ნიღბიანები კი - შე აგენტო, გიჩვენებთ სეირსო... რატომ არ გაიქეცი აფხაზეთშიო -  ყვიროდნენ ჩემი მისამართით. ცუდად გავხდი და ვითხოვე, წამლის დალევის საშუალება მოეცათ. ყველაფერი მილეწ-მოლეწეს და მერე გადაღება დაიწყეს. კამერის წინ გვეკითხებოდნენ სახელს და გვარს. ეს, ალბათ, უკვე პიარისთვის ჭირდებოდათ. მათ ხომ „აგენტი ვახანია იპოვეს“ საკუთარ სახლში „შეიარაღებული“...

რაც ჩემს სახლში იმ დღეს ხდებოდა, ჩხრეკა კი არა, ყაჩაღობა იყო. კარადებიდან და სხვა სათავსოებიდან ყველაფერი გამოყარეს, ჩანთებში ჩაყარეს და წაიღეს. ჩამოგლიჯეს ვიდეოთვალი, რომელიც ოთახებში იყო დამონტაჟებული. ამასობაში ნიღბიანები შემოცვივდნენ და მითხრეს, შენს სახლში ხელყუმბარები და ავტომატი ვიპოვეთ და რად გინდოდაო. მერე სხვენზე დაიწყეს ჩხრეკა და ბოლოს, ეზოში რომ გამომიყვანეს, დავინახე, რომ ჩემი სახლის ეზო ნიღბიანებით იყო სავსე. მეგონა, ომი დაიწყო, ისეთი ხმაური და აყალ-მაყალი ისმოდა. ჩემს სახლში მყოფ ყველა პირს მობილურები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები წაართვეს. ბოლო მომენტამდე ვხედავდი, როგორ აწამებდნენ ჯამბულ ჩიქოვანს და მინდია მაქაცარიას, რომლებიც ბოლოს იქედან საერთოდ გაქრნენ.

როგორც გაირკვა, ისინი სამართალდამცავებმა იმავე დღეს „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის დააკავეს და დღემდე პატიმრობაში არიან“.

* * *

სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს ვლადიმერ ვახანიას საუბარი უჭირდა. თუმცა, ადვოკატთა განმარტებით, იგი წინა სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, შედარებით ნორმალურ მდგომარეობაში იყო.

„ერთ-ერთი პროცესის დროს ვახანია ცუდად გახდა და წყალი მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძემ კი, გამამტყუნებელი განაჩენი თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფს გამოუტანა. იმ დღეს ვლადიმერ ვახანია აშკარად გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო, რასაც მისი გამომეტყველება და სახის ფერი ადასტურებდა. როცა პროცესზე შემოიყვანეს, ნიღბიანებით იყო გარშემორტყმული, რათა ახლობლებს მისი სახე არ დაენახათ“, - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური.

ჩვენების მიცემის დროს ვლადიმერ ვახანიამ მისი მხრიდან  „ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც“ ისაუბრა. მომხდარის დეტალური აღწერის მიუხედავად, ბრალდების მხარეს (პროკურატურის წარმომადგენლები) არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია.

ახალი ამბები