კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დიდების მემორიალის“ ტერიტორიის გასაწმენდად მუშებს ღამითაც ამუშავებენ

25 იანვარი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს ხელისუფლების დაპირება მოჰყვა, რომ დაიწყებოდა გამოძიება და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებოდნენ. ამ დროისთვის საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართალდამცავებმა ჯერ შპს „საქფეთქმრეწვის“ ხელმძღვანელი ავთანდილ დარსაველიძე, მოგვიანებით კი ფირმის კიდევ ორი წარმომადგენელი დააკავეს.

დღესაც, ისევე როგორც აღნიშნული შემთხვევის პირველივე დღეებში, არავინ იცის კონკრეტულად ვინ გასცა მემორიალის დემონტაჟის ბრძანება და რატომ განხორციელდა იგი უსაფრთხოების ზომების გატარების გარეშე. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამშენებლო მოედნის გაწმენდის, იქ არსებული ნაგებობების დემონტაჟისა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ქუთაისის ბიუჯეტის ანგარიშზე 5 მლნ ლარია დარიცხული. ეს თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაა გამოყოფილი და აქედან ნაწილი უკვე გახარჯულია.

„ეს თანხა ქუთაისში პარლამენტის აშენებისთვის, ასევე სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის არის საჭირო. ძეგლის დემონტაჟი კი ამ საქმისთვის აუცილებელი გახდა“, - აცხადებდა ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ზაზა ნუცუბიძე. სხვა კონკრეტული პასუხებისგან კი, ისიც, სხვების მსგავსად, თავს იკავებდა.  დღეს იგი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ისევე როგორც იმერეთის გუბერნატორი. ახალი ხელისუფლება კი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

„ეს ჩვეული ხრიკია, რომ ხალხი დაამშვიდონ. ჩაიდენენ სიბრიყვეს და მერე თანამდებობებს ტოვებენ, რომ ხალხის შეკითხვებს გაექცნენ. ჩვენმა პრეზიდენტმა გუბერნატორი იმ დღესვე რომ გაათავისუფლა, მაშინვე ცხადი გახდა მათი ტაქტიკა. ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. თანამდებობების მიტოვება კარგად აპრობირებული მეთოდია. ამ გზით ხელისუფლება ხალხის წინაშე  პასუხისმგებლობას გაურბის და სამწუხაროდ, არაფრის თქმა სურს საბედისწერო ნგრევასთან დაკავშირებით, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა“, - ამბობს ქუთაისელი თამარ გეგეშიძე.

მომხდარის მიუხედავად, ქუთაისში სადემონტაჟო სამუშაოები არ შეჩერებულა. სამშენებლო ჯგუფი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს. მუშები თავს არიდებენ პასუხის გაცემას შეკითხვაზე, თუ ვინ არიან და ვისი დაკვეთით მუშაობენ.

„ღამით ფანრების შუქზე მუშაობენ. მგონი, საერთოდ არ ისვენებენ. ეს საქციელი ცოტათი გამაღიზიანებელიც კია. ტრაგედია, რომელსაც ახალგაზრდა ქალის და მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, თითქოს არავის აღელვებს. იმერეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მომხდარიდან მეორე დღესვე ტელევიზიით განაცხადა, რომ ეს გარდაცვლილების დაუდევრობა იყო და ამ ადგილზე პარლამენტი მაინც აშენდება. არა მგონია, ეს დამოკიდებულება სწორი იყოს. ვფიქრობ, სამუშაოები საერთოდ თუ არა, ცოტა ხნით მაინც უნდა შეჩერებულიყო“, - ამბობს „დიდების მემორიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თენგიზ გურეშიძე.

ქუთაისის მოქალაქეებს აფეთქებით გამოწვეული განცდები დღემდე არ განელებიათ. ისინი პასუხს ბევრ კითხვაზე ითხოვენ. მათ შორის აინტერესებთ, რატომ მოხდა ასე ქაოტურად ძეგლის დემონტაჟი და რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა რამდენიმე დღით, თუნდაც რამდენიმე კვირით ადრე.

„ეს კითხვები, რა თქმა უნდა, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ წერილობით მივმართეთ როგორც ქუთაისის მერიას, ისე საკრებულოს და გამოვითხოვეთ გარკვეული მასალები საერთოდ „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის შესახებ. პასუხი არ მიგვიღია. გვეუბნებიან, რომ ყველა დოკუმენტაცია, კანონის დადგენილი წესით, პროკურატურის მიერაა ამოღებული“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყველას ეგონა, რომ „განგაშის ზარები“ დაირეკებოდა და ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა სიმართლე გარკვეულიყო. მოლოდინის მიუხედავად, ვითარება დღემდე ბუნდოვანია: გამოძიება ახალ დეტალებს ვერ აქვეყნებს, გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე შეუჩერებლად მიმდინარეობს, გაუბედურებულ ოჯახს კი, კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, ხელისუფლება კომპენსაციად 12 000 ლარს სთავაზობს.

ახალი ამბები