კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის ადმინისტრაციის დაცვამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კორესპონდენტი სცემა

26 იანვარი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კორესპონდენტს, საბა წიწიკაშვილს შიდა ქართლის ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, როცა ჟურნალისტი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად მივიდა. შენობაში შესვლამდე ადმინისტრაციის უფროსმა, ზურაბ ლომიძემ ფანჯრიდან დაინახა საბა წიწიკაშვილი, რომელმაც მას ანიშნა, რომ სწორედ მასთან მიდიოდა.

საბა წიწიკაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კორესპონდენტი: „მიუხედავად იმისა, რომ 12:00 საათიც არ იყო, შენობაში საშვთა ბიურო არ მუშაობდა. კართან დაცვის თანამშრომლებიც არ იდგნენ. ამიტომ პირდაპირ გავეშურე მეორე სართულზე ამავალი კიბეებისკენ. ამ დროს ფოიეს ერთ-ერთი კუთხიდან დაცვის პოლიციის მუშაკები გამოვიდნენ და წინ გადამიდგნენ. მკითხეს, სად მივდიოდი. ვუპასუხე, რომ საქმე კანცელარიაში მქონდა და გზა გავაგრძელე. ერთ-ერთ მათგანთან 2009 წლის სექტემბერში კონფლიქტი მომივიდა და მაშინაც შენობიდან გამაძევა. ამ პიროვნებამ ახლაც გაჩერება მიბრძანა. მეორემ კი მკლავში ხელი ჩამავლო და არ მიშვებდა - რასაც გეუბნება, გაიგენე და როცა გელაპარაკებიან, გაჩერდიო. ვთხოვე, საკუთარი ვალდებულებები გაეხსენებინათ, ხელი გავაშვებინე და კვლავ გავემართე კიბეებისკენ. ერთ-ერთს (რომელმაც ადრეც მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და შენობიდან გამაძევა) ვუთხარი, რომ რაკიღა წინა ამბავი შერჩა, დღესაც ამიტომ ბედავდა ჩემი უფლებების შელახვას და ვურჩიე, ჟურნალისტს ნორმალურად მოქცეოდა. ამას მოჰყვა მისი მხრიდან გინება და ფიზიკური ძალის გამოყენებით კედელზე და მეტალოპლასტმასის კარზე ჩემი მიჯახება, შემდეგ კიბეებზე დაგორება და დანარჩენი დაცვის პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, შენობიდან გამოგდება.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულ შენობაში დაცვის პოლიცია დააყენეს (2008 წლის შემოდგომა), ვიცე-გუბერნატორმა ზურაბ ჩინჩილიკაშვილმა ჩემი მისამართით უბრძანა დაცვის პოლიციელებს, ამ კაცის დუხი არ ვნახო ამ შენობაშიო! ამ ბრძანებას დაცვის პოლიციის მუშაკები პირნათლად ასრულებდნენ. ამის ამსახველი არაერთი ფაქტი მაქვს გადაღებული. მაგალითად, მოსახლეობის საპროტესტო აქციების გაშუქებისას პოლიციელები ჩემთვის ფოტოაპარატის დამტვრევას ცდილობდნენ და სხვ. მას შემდეგ რაც ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან მოხსნეს, თვენახევრის შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის პრობლემა აღარ მქონდა. პირადად სხვა დაცვის პოლიციის მუშაკები მეუბნებოდნენ, რომ აღარ მინდოდა საშვის აღება და ამიერიდან უპრობლემოდ შემეძლო შესვლა.

ვითარება მოულოდნელად შეიცვალა 15 დეკემბრიდან, როცა შიდა ქართლის გუბერნატორმა ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. ზუსტად იმ დღეს გამოვიდა გაზეთი „ქართლის ხმა“, სადაც გამოვაქვეყნეთ სტატია გუბერნატორის პრემიებისა და ბიუჯეტიდან მის მიერ მიღებული სხვა სარგებლების შესახებ. აღნიშნული გაზეთი ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვარძელაშვილის გამოსვლამდე 10 წუთით აადრე დავურიგე, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ჩინოვნიკებისთვის. აღნიშნული სტატიის გამოსვლის შემდეგ მე უკვე სერიოზული პრობლემები შემექმნა ადმინისტრაციის შენობაში შესვლისას, სადაც ერთდროულად მდებაქრეობს გუბერნია, გამგეობა და საკრებულო და სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციების მისაღებად და გადასამოწმებლად მივდივარ ხოლმე“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვს, სამართალდამცველმა ორგანოებმა დასაჯონ დამნაშავე პირები. 26 იანვარს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში 12:00 საათზე ამ თემისადმი მიძღვნილი სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

ახალი ამბები