კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა პესტიციდების ყოფილი საწყობის ტერიტორიის გაწმენდას ითხოვს

26 იანვარი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა პესტიციდების ყოფილი საწყობის ტერიტორიის გაწმენდას ითხოვს. ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში საწყობიდან მხოლოდ ვადაგასული პესტიციდები გაიტანეს, ტერიტორიის ნაწილი კი დაჭაობებულია. ადგილობრივების განცხადებით, განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობა ზაფხულშია, როცა თხრილებში წყალი საშინლად ყარს. წვიმების დროს ჭაობიდან გადმოსული წყალი სანიაღვრე არხებში გადადის და ალაზნის სარწყავ არხში ჩაედინება.

შხამ-ქიმიკატების საწყობი საქობოს ტერიტორიაზე 25 წლის წინ ააშენეს. 1994 წლიდან საწყობი დაუცველი იყო და 14 წლის განმავლობაში პესტიციდებიც ღიად ეყარა. შხამ-ქიმიკატების ყოფილი საწყობის ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს და საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრით არის დაშორებული.

„საწყობი სანამ დახურული იყო და შხამქიმიკატებს წესების დაცვით ინახავდნენ, ასეთი პრობლემები არ გვქონდა, მაგრამ ბოლო 15 წელია ყველაფერი გაძარცვეს. აუტანელი მდგომარეობაა, განსაკუთრებით საწყობის ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრებთათვის. შხამქიმიკატების საწყობში გუშაგებად ვინც მუშაობდნენ, ყველანი დაიღუპნენ“, - აღნიშნავს საქობოს მკვიდრი იოსებ ორველაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სოფელ საქობოში არაერთი ინვალიდი ბავშვი დაიბადა. მოსახლეობის ნაწილი ამას დაბინძურებულ გარემოს უკავშირებს.

ლალი დუდაევა, საქობოს მკვიდრი: „საწყობის ტერიტორიიდან ათიოდე მეტრში ვცხოვრობთ. ჩვენი ბავშვიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა დაბადებიდან.  ორსულობის დროს დედამისი ხშირად ავადმყოფობდა, ძირითად მოწამლული იყო და ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია სხვა გართულებებსაც იწვევდა. წასასვლელი არსად გვაქვს, თორემ აქამდე აქ რა გაგვაჩერებდა. ქარიან ამინდსა და ზაფხულში ეზოში ხუთი წუთითაც კი ვერ ვჩერდებით. საშინელი სუნი დგას. ტერიტორია შემოუღობავია და საქონელი ბალახობს. დაბინძურებულ წყალსაც სვამენ“.

სოფელ საქობოში მდებარე პესტიციდების ყოფილი საწყობის ტერიტორიაზე რომ რთული მდგომარეობაა, ამას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი თინა წიკლაურიც ადასტურებს.

„ამ საწყობში 1000 ტონაზე მეტი შხამქიმიკატები ინახებოდა: დაფქვილი და სველებადი გოგირდი, ხომიცინი, ბეთანილი, ბენზომჟავა, გავრცელებული ინფორმაციით, დიოქსინიც. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მიმოფანტული იყო მთელს ტერიტორიაზე. სიტუაცია მას შემდეგ დამძიმდა, რაც საწყობს ხანძარი გაუჩნდა და შენობა და ტერიტორიაზე დაყრილი შხამქიმიკატების ნაწილი დაიწვა. ნალექისგან შხამქიმიკატები დნებოდა და თხრილებსა და სანიაღვრე არხებში ჩაედინებოდა, საიდანაც ჯერ ალაზნის სარწყავ არხში, ხოლო შემდეგ მდინარე ალაზანში ხვდებოდა. ამ გზით წყლის დაბინძურება თითქმის 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება, რადგან წვიმის დროს თხრილებიდან დაბინძურებული წყალი გადმოდის და ისევ სანიაღვრე არხებში მიედინება. ალაზნის სარწყავი არხიდან ათასობით ჰექტარი ტერიტორია ირწყვება. გლეხები ვენახს, ბოსტენულს და სხვა კულტურებს რწყავენ. საქობოში რამდენჯერმე გვყავდა ჩაყვანილი ტოქსიკოლოგი. ექიმთან საუბარში ძალიან ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დაავადებებს უჩივიან, ძირითადად კი სუნთქვა უჭირთ. გავრცელებულია ალერგიული დაავადებებიც. ორი შვილის დედამ, რომელიც შხამქიმიკატების საწყობისგან 7 მეტრში ცხოვრობს, მესამე ბავშვი მკვდარი დაბადა, მეოთხე ბავშვი დაბადებამდე მოუკვდა, მომდევნო კი ინვალიდი გააჩინა“, - აცხადებს თინა წიკლაური.

2008 წელს კახეთის რეგიონში ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული პესტიციდების რისკ- ფაქტორების შემცირების პროექტი განხორციელდა, რომელიც ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული. პროექტი  საქობოში მდებარე შხამ - ქიმიკატების ყოფილი საწყობის ტერიტორიიდან პესტიციდების გატანას და ერთი მეტრის სიმაღლეზე მიწის მოჭრას ითვალისწინებდა, თუმცა მხოლოდ შხამ-ქიმიკატებით სავსე ტომრები იქნა გატანილი. საწყობის ტერიტორიაზე შხამ-ქიმიკატები ამ დროისთვისაც ყრია.

ხათუნა ახალაია, პროექტის კოორდინატორი: „პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში ამოღებულ იქნა 222 ტონა ვადაგასული პესტიციდი, მათ შორის საქობოს შხამ - ქიმიკატების ყოფილი საწყობის ტერიტორიიდანაც. ვადაგასული პესტიციდები, რომელიც დაბინძურების წყაროს წარმოადგენდა, ამოღებულია ინვენტარიზაციის საფუძველზე, რომელიც, შესაძლებელია, სრული არ იყო“.

ახალი ამბები