კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებს არ იცავს

27 იანვარი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავები გახშირდა. ეს ფაქტი,  იურისტთა განმარტებით, საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსთან პირდაპირ კავშირშია. „საქართველოში დისკრიმინაციული შრომის კოდექსი მოქმედებს, რომელიც დასაქმებულის უფლებების დაცვას თითქმის არ ითვალისწინებს“, -  აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტები. მათი განმარტებით, ცვლილებები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მთელ რიგ კანონებში შევიდა, პირველ რიგში საქართველოს შრომის კოდექსს უნდა შეხებოდა. 

„ბოლო დროს ძალიან გახშირდა შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი. აქ დასაქმებულის უფლებები მინიმალურად არის დაცული. იქამდე, შრომის კოდექსი, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე აძლევს დამსაქმებელს უფლებას, დასაქმებული სამუშაოდან დაითხოვოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ყოველივე ეს იურისტებს ხელს გვიშლის, ამ ადამიანებს აღმოვუჩინოთ სათანადო სამართლებრივი დახმარება. ბუნებრივია, თუ კანონი არ მაძლევს შესაძლებლობას, დავიცვა მოქალაქე, ამას ვერანაირად ვერ შევძლებ. შრომითი კოდექსი დამსაქმებლის უფლებებს უფრო იცავს, ვიდრე დასაქმებულისას“, -  აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი ირინე ობოლაძე.

თენგიზ ჯაჯანიძე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნის ბაზაზე არსებულ ერთ-ერთ საწარმოში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ობიექტზე ხუთ თვეზე მეტია, დასაქმებულია, მისთვის საწარმოს მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია. როგორც ირკვევა, ჯაჯანიძისთვის არც შრომითი ხელშეკრულება  გაუფორმებია ვინმეს, სადაც მხარეთა უფლება-მოვალეობები თუ სხვა პირობები იქნებოდა  აღნიშნული. ამბობს, რომ ერთი უფროსი ჰყავს, ვინც ავალებს, რა უნდა აკეთოს და ყოველი თვის ბოლოს ხელფასს იღებს.

„შეიძლება, ხელფასს ცოტა დააგვიანდეს, მაგრამ ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც ავიღებ, არ დამეკარგება. რა ვიცი, ხელშეკრულება არავის გაუფორმებია და არც მე მომითხოვია. არის კი საჭირო? მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ისინი მიხდიან“, - ამბობს თენგიზ ჯაჯანიძე.

„ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულება არ უნდა არსებობდეს, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი მოქმედი შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს. გასაგებია, რომ დამსაქმებელმა მიიღო და მუშაობის ნება დართო დასაქმებულს. საბოლოოდ,  აქ ყველა შემთხვევაში,   გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება. ეს არის საშვებულებო ანაზღაურება, საწარმოო ტრამვის შემთხვევა და ა. შ. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში  ბევრი მოგვმართავს და ამ დროს არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც მოქალაქეს სრულფასოვნად დავეხმარებით. სწორედ ამიტომ სასამართლოში ახლა უამრავი შრომითი დავაა“, - ამბობს ირინე ობოლაძე.

იურისტთა განმარტებით, არსებობს პროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება.

ახალი ამბები