კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აეკრძალათ

29 იანვარი, 2010

გელა მთივლიშვილი

საჯარო სკოლების დირექტორებს განათლების სამინისტროს პრესცენტრთან შეუთანხმებლად ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აეკრძალათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, 21 იანვარს, საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ განაცხადა, რომ მისი განკარგულებით, სკოლის დირექტორებმა, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის ან ინფორმაციის მიწოდების შესახებ განათლების სამინისტროს პრესცენტრს წინასწარ უნდა შეატყობინონ.

მინისტრის ამ დავალებას იურისტი თამარ კორძაია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს, პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი კი საპროტესტო აქციებით იმუქრება.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დამყარებაში დირექტორებისთვის დახმარება დაასახელა.

ნინო პროტებჟსკაია, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: მინისტრმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება დავით პაიჭაძის გადაცემაში და განმარტა, რომ თუ ჟურნალისტები მიდიან სკოლის დირექტორებთან და ეკითხებიან რეფორმებზე, რაზედაც მათ ზუსტი პასუხი არ აქვთ, ჩვენ უნდა დაგვირეკონ და მივაწოდებთ ინფორმაციას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სკოლის დირექტორებს ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემას ან კომენტარის გაკეთებას ვუკრძალავთ.

- გადაცემაში მინისტრმა განმარტა, რომ მისი განკარგულებით, სკოლის დირექტორებმა, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის ან ინფორმაციის მიწოდების შესახებ განათლების სამინისტროს პრესცენტრს წინასწარ უნდა შეატყობინონ. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომ მხოლოდ იმ საკითხზე, თუ დირექტორს მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ აქვს.

- დიახ, ასეა, რაიმე უზუსტობა რომ არ გაიპაროს. კი არ ვუკრძალავთ მათ კომენტარის გაკეთებას, თუ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, უნდა გვკითხონ. თუ  ეჭვი არ ეპარებათ კომპეტენციაში, უფლება აქვთ, მისცენ კომენტარი“.

განათლების მინისტრის დავალებას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე დირექტორების სრული დამონების მცდელობად აფასებს.

ღურჭუმელიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება სკოლების ავტონომიურობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. არადა, განათლების რეფორმის მიზანი სწორედ სკოლებისათვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება იყო. ამასთან, საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დირექტორსაც სამეურვეო საბჭო ირჩევს.

„დირექტორებს ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთების ისედაც ეშინოდათ. ამის შემდეგ კი ჟურნალისტებმა ჩათვალეთ, რომ სკოლებიდან ინფორმაციას ვეღარ მოიპოვებთ. პროფკავშირმა დიმიტრი შაშკინისგან იმ ნორმატიული დოკუმენტების მიღება მოითხოვა,  რომლის საფუძველზეც სკოლებში ასეთი შეზღუდვა დაწესდება. შესაბამისი მოთხოვნა მინისტრს წერილობით გადაეგზავნა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შაშკინისგან პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან მსგავსი დოკუმენტები არ არსებობს“, - აღნიშნა ღურჭუმელიძემ და დასძინა, რომ პროფკავშირი ამ შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო პროფკავშირის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, მასწავლებლები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

განათლების მინისტრის ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია.

„ეს იქნება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომლითაც განსაზღვრულია პრესცენტრის უფლებამოსილებები. ბრძანება მე ნანახი არ მაქვს, ინიციატივა მაქვს მოსმენილი. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი აქტის მიღება არის სკოლის დირექტორების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - განაცხადა კორძაიამ.
 
მისივე თქმით, პრაქტიკულად, ჟურნალისტებს ერთმევათ შესაძლებლობა, რომ პრესცენტრის თანხმობის გარეშე სკოლებიდან ინფორმაცია მოიპოვონ.

„სახელმწიფო დაწესებულებებში პრესსამსახურებს დაეკისრათ ფუნქციები, რომ რაც შეიძლება გაართულონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. არადა, პრესცენტრების ვალდებულებაა გასცენ ინფორმაცია. საქართველოში დაახლოებით 3 000-მდე სკოლაა.  სკოლის დირექტორს ჟურნალისტი რომ დაუკავშირდება, ინფორმაციის გაცემაზე უარს მიიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში სკოლის დირექტორებს პასუხისმგებლობის შეეშინდებათ და  ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყოველთვის თავს აარიდებენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - აღნიშნავს თამარ კორძაია.

ახალი ამბები