კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხათუნა ჩარაევა - შსს-ს კიდევ ერთი ოსი ტყვე

29 იანვარი, 2010

მარი ოთარაშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს. შსს-მ ასოციაციას ახალგორელი ხათუნა ჩარაევას მიმართ აღძრული საქმე არ გადასცა. როგორც საია-ს იურისტმა ნინო ხაინდრავამ გვითხრა, უკვე თვეზე მეტია, შსს-სგან პატიმრის საქმეს ამაოდ ითხოვს. პატიმრის მდგომარეობის შესახებ მისი ნათესავები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. დაკავების დღიდან ხათუნა ჩარაევა, ფაქტობრივად, გაუჩინარდა.

სამინისტრომ რაკი უარი თქვა, დაკავებულის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა. „შსს-მ უარი რომ მითხრა, ვიფიქრე, პროკურატურისთვის იქნებოდა გადაცემული, მაგრამ იქ მიპასუხეს, რომ საქმე მათთვის ჯერ არ გადაუციათ“. - აბობს ნინო ხაინდრავა.      

ქართველმა სამართალდამცველებმა ახალგორელი ხათუნა ჩარაევა ყალბი ფულის სარგებლობის ბრალდებით 2009 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულის ნათესავები ამ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვა არაფერი. იმავეს ფიქრობს ახალგორის მოსახლეობის  90%. როგორც ისინი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებენ, ჩარაევას 30 000 დოლარი პოლიციამ თვოთონ ჩაუდო.

ახალგორელები დაპატიმრებულ ჩარაევას უარყოფითად არ ახასიათებენ. პირიქით, ამბობენ, რომ სხვისთვის ცუდი არასოდეს ჩაუდენია და ოჯახს ყოველთვის საკუთარი შრომით არჩენდა.  

„ხათუნას ორი შვილი ცხინვალში ცხოვრობს, ერთი ქალიშვილი კი გორში ჰყავს ქართველზე გათხოვილი. თვითონ ჩარაევა, ქმართან ერთად, ახალგორის რაიონის სოფელ ნაგომევში ცხოვრობს. ძალიან მშრომელი ოჯახია. გარდა იმისა, რომ საქონელს უვლიან, ბევრი კარტოფილი მოჰყავთ, ყველს ყიდიან ხოლმე და ამით ირჩენენ თავს. მოხუცი დედამთილ-მამათილი ჰყავს, რომლებიც ახალგორში ცხოვრობენ. ხათუნა ნაგომევიდან დუშეთისკენ შემოვლითი გზით ჩავიდა. პოლიციელებმა კი დიდუბეში დააკავეს. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამა და ამ დროს თბილისში იქნებოდა. თბილისში ნიგვზის გასაყიდად წამოვიდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ სწორედ ნიგოზში უპოვეს ყალბი 30 000 დოლარი. თავს ვერავისზე ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან საეჭვო ბრალდებაა. ჯერ ერთი, ნაგომევში ვინ აუტანდა ამდენ ფულს და თუ აუტანეს, თბილისში რაღას მიჰქონდა?! სამხრეთ ოსეთის  უფლებადამცველმა, დავით სანაკოევმა ევროკომისარ ჰამარბერგს მიმართა დახმარებისთვის. ეს საეჭვო ბრალდება ასე შეთითხნილი რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მიმართავდნენ?! ყოველ შემთხვევაში, აქაურების 90% თვლის, რომ 30 000 დოლარი პოლიციამ ჩარაევას ძალით ჩაუდო“, – აცხადებს ერთ-ერთი ახალგორელი.

ხათუნა ჩარაევას დაკავებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხედავს დაკავებულის მაზლი. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“  საუბრისას იგი ამბობს, რომ მის რძალს 30 000 სამართალდამცავებმა თვითონ ჩაუდეს. საამისოდ მერაბ ჩარაევას თავისი არგუმენტი აქვს.

მერაბ ჩარაევი: „ეს არის აშკარად მოგონილი ბრალდება. ჩემს რძალს 30 000 დოლარი ძალით ჩაუდეს. ჩემი ძმისშვილები ხშირად გადადიოდნენ ცხინვალში, რაც ქართულ მხარეს სასტიკად არ მოსწონდა. თითქოს, მათ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ცხინვალში ვიღაცებთან კავშირი ჰქონდათ – ამას იმიზეზებდნენ. ეს არის ნამდვილი სისულელე! მე ამ საქმეს ასე არ გავაჩერებ. ადვოკატი უკვე ავიყვანე და შევეცდები, ჩემი რძალი ტყვეობაში არ ვამყოფო. ისედაც, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს ტყვეობისთვის“.

ხათუნა ჩარაევას დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევი მაშინვე გამოეხმაურა. ჩოჩიევის თქმით, ჩარაევას ბრალდება, თითქოს თბილისში ჩასულს 30 000 ყალბი აშშ დოლარი ჰქონდა, ყალბია. სწორედ ამის მომიზეზებით მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩოჩიევი არ გამორიცხავდა, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადალახვა უფრო გამკაცრდება, ან საზღვარი საერთოდ ჩაიკეტება.
 
„საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონის მოსახლეობის ცხოვრებისათვის უფრო აუტანელ პირობებს ქმნის. ახლა უკვე რაიონის მცხოვრებლებს სხვა და სხვა ბრალდებებთ აკავებენ და ამით ხელს უწყობენ რაიონის მოსახლეობისგან დაცლას. ჩარაევას დაკავების შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ევროკავშირის დამკვირვებლებს“, - განაცხადა ჩოჩიევმა და ისიც დასძინა, რომ ახალგორის რაიონის მოსახლეობა დევნილი სწორედ საქართველოს ხელისუფლების გამო გახდა „ისინი თავიანთი სახლებიდან არავის გაუყრია“.

დაკავებულის ადვოკატს საქმის შესწავლის საშუალება დღემდე არა აქვს. ამიტომ ჩარაევას დაკავების მიზეზებზე კომენტარის გაკეთება უჭირს.

„მე საქმეს არ ვიცნობ და არ ვიცი, კონკრეტულად რაში აქვს ბრალდება წაყენებული. რაც შეეხება საკითხს, ჩარაევა პოლიტიკური მძევალია თუ არა, ამაზე ცნობილია, რომ ომის შემდგომდროინდელი პერიოდისას არაერთხელ მომხდარა უკანონო დაკავებები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ამიტომაც შეიძლება, რაღაცნაირად, ეს დაკავებაც ამას დავუკავშიროთ. ამაზე შეიძლება ისიც მოწმობდეს, რომ შსს-ს საქმის გაწელვა სურს. შედეგად, არ გვაძლევენ საშუალებას, ამ ადამიანის საქმეს გავეცნოთ“, - განაცხადა ნინო ხაინდრავამ.

ამ საქმესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პერმანენტულად ცდილობდა საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს სანფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსთან, შოთა უტიაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა. 

საგულისხმოა, რომ ჩარაევა გულის მანკით არის ავად და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. იმედია, სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულის ამ პრობლემას გაითვალისწინებენ.   

ახალი ამბები