კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჰმადიანი მესხები ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება

29 იანვარი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 29 ტერიტორიული ერთეულიდან ერთადერთია, სადაც უკრაინელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, ბელორუსი, ესტონელი, პოლონელი, თურქი, ლატვიელი, ჩინელი და ქართველი ეროვნების მოქალაქეები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მაჰმადიანი მესხების ყოფით დაინტერესდა. მათი დასახლება  ნასაკირალიდან 3 კილომეტრშია, მაგრამ ტერიტორიულად დაბას ეკუთვნის. „არჩევნებში მხარს ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ, მაგრამ რასაც დაგვპირდნენ, არასოდეს არაფერი შეუსრულებიათ“, - გვითხრეს მესხებმა.

სამი კილომეტრიდან მოზიდული წყალი, ამორტიზირებული გზა, მცირემიწიანობა, დაუსაქმებელი მოსახლეობა და მძიმე სოციალური გარემო - ასეთია დაბა ნასაკირალში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების დღევანდელობა.

საბჭოთა მეურნეობის დროინდელი სტანდარტული ორსართულიანი სახლები, პატარა ეზოები და ეზოში პატარა თონეები… მაჰმადიანი მესხების დასახლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, ნასაკირალიდან კი - 3 კილომეტრით.  მაცხოვრებლების თქმით, აქაურობა ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდება, ისევე როგორც სხვა სოფლების მაცხოვრებლები.

„სოფლის ხელმძღვანელობას არაფერი შეუძლია გაგვიკეთოს, რადგან ფინანსები არა აქვთ. მოვლენ, მოგვიკითხავენ და მიდიან“, - გვითხრეს მესხებმა.

„მახსოვს, როცა აქ დავსახლდით, წყალი გვქონდა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში წყალს კილომეტრებიდან ვეზიდებით“, - გვიყვება ასაკოვანი ქალბატონი, - „ორი კილომეტრი უნდა გავიარო, დაღამებამდე კი ცოტა დრო რჩება. წყლის მომტანი სხვა არავინ მყავს“.

„წლებია, წყლის სისტემის მოწესრიგებას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია“, - გულისტკივილს გამოხატავს როსტომ ბექაძე.

საზრუნავი ბევრი აქვთ, შემოსავალი - მცირე. ამიტომ, მრავალშვილიანი ოჯახების გამოსაკვებად, ლუკმა-პურის ფულის საშოვნელად მამაკაცების უმეტესობა თურქეთში სეზონურად მუშაობს.

ალიმა ცაცანიძე თურქეთიდან დაბრუნდა და წასვლას აღარც გეგმავს, რადგან, მისივე თქმით, აღარც იქ არის ქართველებისთვის სამუშაო ადგილი. „სოციალურ დახმარებას ვიღებდი, თუმცა, ორი თვეა, შემიწყვიტეს. ელემენტარული პირობები როცა არ გაქვს, რა უნდა გიხაროდეს?“ - კითხულობს ცაცანიძე.

„სოციალურმა აგენტმა მითხრა, თუ ქათამი გყავს, კვერცხი გაყიდე და ფულიც გექნებაო! იმას არავინ ანგარიშობს, რომ შვილები გვყავს, სკოლაში დადიან, კვება და ჩაცმა უნდათ. მომცენ სამუშაო! 100 ლარი მაინც რომ მქონდეს ხელფასი, აღარც თურქეთში წავალ და არც მაგათი დახმარება მინდა“, - ამბობს პროფესიით პედაგოგი სამი შვილის მამა.

„გურიის გუბერნატორთან სამი თვის წინ განცხადება შევიტანეთ და გზის შეკეთებას ვითხოვდით, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. წვიმის დროს ჩვენს დასახლებაში უგზოობის გამო სასწრაფო დახმარებაც ვერ ჩამოდის. დარწმუნებული ვართ, არჩევნების წინა პერიოდში გავახსენდებით. არჩევნებში მხარს ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერთ, მაგრან რასაც დაგვპირდნენ, არაფერი შეუსრულებიათ“, - გვითხრეს მესხებმა.

„სკოლამდე 3 კილომეტრი უნდა ვიარო ფეხით. სხვა უბნის ბავშვებს მიკროავტობუსი ემსახურებათ. სწავლა 10 საათზე იწყება, სახლში 4 საათზე სველები ვბრუნდებით“, -  დაიწყო საუბარი მეცხრეკლასელმა აიდამ, რომელსაც მამა შეეშველა, - „ბავშვები მთელი დღე მშივრები არიან. სადა მაქვს სკოლაში გასატანებელი ფული?“

„სად ვიმუშაო, სადაა სამუშაო, თორემ არა ვართ ჩვენ ზარმაცი ხალხი. მცირემიწიანობას განვიცდით, 3 000 კვ/მ მიწა გვაქვს. ბოსტანი, ცოტა თხილი, არც საყანე ფართობი გაგვაჩნია და არც შემოსავალი“, - ამბობს 53 წლის გამიდი.

„გზის დაგება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არ გვაქვს“, _ ამბობს დაბა ნასაკირალის რწმუნებულის თანაშემწე დავით ტუნაძე.

„ის, რომ ნასაკირალში წამოვედით და არა ჩვენს ისტორიულ მხარეში - მესხეთში, ესეც სახელმწიფო პოლიტიკა იყო. ისე, მართალი გითხრათ, ჩვენთვის სულერთია, ორფოლოში ვიცხოვრებთ თუ ნასაკირალში. სამშობლო სამშობლოა! უპრეტენზიო და უკონფლიქტო, შრომისმოყვარე და გამრჯე ხალხი ვართ. წარსულმა ყველაფრის ფასი კარგად გვასწავლა“, - გვითხრეს მესხების დასახლებაში.

ახალი ამბები