კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ ყიფიანი: „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაიყინება ან შეფერხდება“

4 თებერვალი, 2010

ინტერვიუ ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტთან, პროექტ „პირველი ასეულის“ ხელმძღვანელთან, ტელეკომპანია ТВi-ს მთავარი რედაქტორის მოადგილესთან ვახტანგ ყიფიანთან.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს?

- პირველი ტური დასრულდა ზუსტად ისე, როგორც იყო პროგნოზირებული. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ძირითადი ბრძოლა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის წარიმართებოდა. საუბარი იყო იმაზეც, ვინ გავიდოდა მესამე ადგილზე. განსაზღვრულ ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ მესამე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იაცენიუკი ან თვით იუშჩენკო იქნებოდნენ. თუმცა, როგორც ვნახეთ, მესამე ადგილი ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა სერგეი ტიგიპკომ დაიკავა. ახლა იმას, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, წყვეტს არა ხალხი, არამედ ტიგიპკო, რომელიც ხმათა 13%-ს ფლობს. თუ იგი ბოლო დღეებში მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს, მხარი განსაზღვრულ კანდიდატს დაუჭირონ, ეს ნამდვილად ითამაშებს არსებით როლს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ბევრი სხვა კანდიდატი წმინდა ტექნიკურ ფუნქციას ასრულებდა: მათი ნაწილი - ტიმოშენკოს, ნაწილი - იანუკოვიჩს, ნაწილი კი იუშჩენკოს უჭერდა მხარს. შეიძლება, ითქვას, რომ არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად ჩატარდა. ამაზე მეტყველებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. შეგვიძლია ვთქათ, რომ კარგია, რომ უკრაინას სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, მაგრამ ცუდია, რომ უკრაინელები ასარჩევ პოლიტიკოსებში ცუდად ერკვევიან. 

- რა მოლოდინებია ამ ეტაპზე უკრაინაში ტიმოშენკოს ან იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით?

- განსაკუთრებული მოლოდინები არ არსებობს, რადგან ტიმოშენკოც და იანუკოვიჩიც იმ ჩიხის გაგრძელებაა, რომელშიც ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია, იმყოფება და ამ კუთხით უკრაინის პრობლემებს არჩევნები ვერ გადაწყვეტს. სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ დაძაბულობისა და ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ახალ ეტაპზე გადავალთ.

- საქართველოსთვის უკრაინა განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანაა, შესაბამისად, არჩევნებსაც თბილისი გულისყურით ადევნებს თვალს. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უკრაინის სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემთხვევაში?

- ვფიქრობ, იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების პიკი იყო. ახლა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში – ტიმოშენკო თუ იანუკოვიჩი, ურთიერთობები გაიყინება ან შეფერხდება, რადგან იანუკოვიჩი პრორუსული პარტიის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთის, პუტინის, მედვედევისა და „ედინაია როსიას“ მიმართ საკუთარი სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს სწორედ იანუკოვიჩის პარტია „რეგიონები“ გამოდიოდა დე ფაქტო ხელისუფლებების აღიარების მოწოდებით. პრინციპში, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც შეიძლება, ანტიქართულად ჩაითვალოს. ამიტომ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც ზოგადად  ხელისუფლების ვერტიკალის ცვლილებას გამოიწვევს, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზეც უარყოფითად იმოქმედებს და მათ კრახს განაპირობებს.

რაც შეეხება ტიმოშენკოს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს სიტუაცია, უბრალოდ, გადავადდება, რადგან მას გარკვეული სენტიმენტები აქვს სააკაშვილის და საქართველოს მიმართ, საიდანაც პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო. ამასთან, იგი ძალიან პრაგმატული ადამიანია და თუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას არც ის გამოიჩენს. ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც ამას იუშჩენკო აკეთებდა. მაგალითად, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი არასოდეს მოიქცევიან ისე, როგორც იუშჩენკო - ომის დროს, როცა ყველაფერი დატოვა და საქართველოში ჩავიდა, რათა დასავლელ ლიდერებს გვერდით დასდგომოდა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაეცვა. ტიმოშენკო გაცილებით პრაგმატული და ცინიკური პოლიტიკოსია, ვიდრე იუშჩენკო. თუმცა, ვფიქრობ, ადამიანურ დონეზე ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრობლემა არც ახალი პრეზიდენტის პერიოდში იქნება. 

 - თქვენ პარტია „რეგიონების“ მიერ აგვისტოს ომის დროს გაკეთებული განცხადებები გაიხსენეთ. აქედან გამომდინარე, რამდენად მოსალოდნელია, რომ იუნუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გადახედოს?

- ვფიქრობ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე საქმე არ მივა, რადგან ეს თავად უკრაინაში ღრმა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ მსგავსი პრობლემები უკრაინასაც აქვს. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებმა რამდენიმე წლის შემდეგ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარონ. ამ კონტექსტში ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც ასეთი დაპირებების დეკლარირებას ახდენენ, ამას არა ამომრჩევლისთვის აკეთებენ, რომელსაც ეს საკითხი სულ არ აინტერესებს, არამედ რუსული ისტებლიშმენტისთვის. უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე ისინი ამის დეკლარირებას არაფორმალურად ახდენენ და დარწმუნებული ვარ, იურიდიულ აღიარებამდე საქმე არ მივა. თუმცა, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის ცუდ კვალს ნამდვილად დატოვებს.

- ასევე მინდა, ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალზე გკითხოთ. თქვენი ინფორმაციით, რატომ არ დაარეგისტრირეს ისინი რეალურად?

- ყველაფერი სწორად რომ გაკეთებულიყო, შესაძლოა, ეს სკანდალი არც მომხდარიყო. საქმე იმაშია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის – დონეცკის პოლიტიკური ელიტა ძალიან ჩაკეტილია, ამ რეგიონში უცხოები არ დადიან. არჩევნების დროს ქვეყნის ამ ნაწილში ხმათა 70%-ს ყოველთვის ერთი პარტია იღებს, რომელიც ყოველთვის სრულად იქვემდებარებს რეგიონს, ამდენად დონეცკის ოლქში უცხოების შეღწევის მცდელობა ყოველთვის აგრესიას და დაძაბულობას იწვევს. ქართველი დამკვირვებლები სწორედ დონეცკის რეგიონში მოხვდნენ. მეჩვენება, რომ ყველაფერი არაკორექტულად იყო გაკეთებული ქართველი ორგანიზატორების მხრიდანაც, რომლებმაც დამკვირვებლები გააგზავნეს. ეს ნამდვილად გამოიყურებოდა, როგორც ჩუმი მასა, ფიზიკურად ძლიერი ადამიანები, რომელთაც თითქოს არჩევნების ჩაშლა სურდათ. ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ყველა ერთ რეგიონში არ ჩასულიყო და მაშინ ეს აღარ იქნებოდა მიზეზი მკვეთრი ანტიქართული ისტერიისა. ის, რომ ისინი არ დაარეგისტრირეს, ნამდვილად კანონდარღევაა, თუმცა მეორეს მხრივ, არსებული მონაცემებით, უკრაინაში არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი. შესაბამის ბლანკებში ქართველ დამკვირვებელთა უმრავლესობა სამუშაო ადგილს არ უთითებდა, ჩამოსვლის მიზეზს კი ყველა განსხვავებულად წერდა. უფრო ზუსტად, ისინი არ იყვნენ მზად, ერთიანი პოზიცია დაეფიქსირებინათ: „ჩვენ ვართ დამკვირვებლები და ამ სფეროში გამოცდილება გვაქვს“. ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ,  სკანდალიც არ იქნებოდა.     

- მას შემდეგ, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის შს მინისტრი, იური ლუცენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, მან ქართველი დამკვირვებლებისა და პარტია „რეგიონების“ შეთქმულების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აღნიშნა, რომ პოლიგრაფიული კომბინატის დაკავებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ  ქართველდამკვირვებლებს ამჯერად ტიმოშენკოს მომხრე პოლიტიკოსი ადანაშაულებს? 

- ლუცენკო არცთუ მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული პოლიტიკოსია. არ ვიცი, რის საფუძველზე გააკეთა მსგავსი განცხადება, მაგრამ ჩემთვის, როგორც მკითხველისა და ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს, იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს გუნდების დაპირისპირებაში ქართველი დამკვირვებლების გარევის მცდელობები გაუგებარია. თუ ეს ლუცენკოს მხრიდან უბრალოდ ორი-სამი ქულის ჩაწერისა და რომელიმე ეთერში მიწვევის უზრუნველყოფის მცდელობა იყო, ეს სულ მცირე, უპასუხისმგებლობაა. ხოლო თუ ქართველების მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი კანონდარღვევას, მაშინ ლუცენკოსაც კანონის მიხედვით უნდა ემოქმედა, დაეკავებინა ისინი, განცხადების გაკეთებისას კი შესაბამისი მტკიცებულებებიც წარმოადგინა. თუმცა, როგორც ვიცით, ყოფილ მინისტრს არც მტკიცებულებები წარმოუდგენია და არც ვინმეა დაკავებული. აქედან გამომდინარე, მის შესახებ შემიძლია, ვთქვა, რომ ის უბრალოდ მოლაყბეა და უფლება არა აქვს, მსგავს თემებზე ისაუბროს. ლუცენკო ცუდი მინისტრი იყო, ამიტომაც მოხსნეს და ის ფაქტი, რომ ის ტიმოშენკოს კადრად მოიაზრებოდა, ტიმოშენკოს ხმებს არათუ არ უმატებდა, პირიქით, ართმევდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
სრული ვერსია:
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=41794&Itemid=1

ახალი ამბები