კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ყური აუწია

4 თებერვალი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს აზრით, აუცილებელია, საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი დროულად აღდგეს, საქართველოს პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდოს, პარლამენტს პირიქით - გაეზარდოს და ამავდროულად, ქვეყანამ ნორმალური სასამართლო ხელისუფლება მიიღოს.

ამის შესახებ ბუკიკიომ 4 თებერვალს თბილისში ევროსაბჭოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება“.

„მე ვაღიარებ, რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებოდათ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო. ბალანსი უნდა დაიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიზღუდოს, რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გჭირდებათ. რისთვისაც კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების დროულად გატარებაა საჭირო“, - განაცხადა ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიომ არჩევნების თემასაც ვერ აუარა გვერდი. მის შენიშვნებში ხელისუფლების მისამართით ამ თემაზეც კრიტიკული ინტონაციები გაისმა. „სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კანონთან ერთად პოლიტიკური ნებაც არის საჭირო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ უფრო უნდა გაიზარდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს უფრო ძლიერი, სასამართლო უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუიციო ცვლილებებს ისინი ყველა პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს მისაღები და არა ერთი რომელიმე პარტიისათვის.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია, რაც კონსენსუსის გზით უნდა აღმოიფხვრას. როგორც ბუკიკიომ საკონსტიტუციო კომისიაში ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, არსებული კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს  თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს.

„საქართველომ კონსტიტუციაზე მუშაობა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის  20 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა“, – აღნიშნა ვენეციის კომისიის თავჯდომარემ. 

ბუკიკიოს განცხადებით, ყველაზე მეტი ხარვეზი აღინიშნება სახელმწიფო მოწყობის საკითხებში. მისივე აზრით, ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელისუფლებო გამიჯვნას და მეტი ავტონომია უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს.

„ამოცანა და ხარვეზი ბევრია და მათზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.  აუცილებელია, კონსტიტუცია თანხმობისა და კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული და ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა ბუკიკიომ.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილთან და კომისიის წევრებთან შეხვედრის წინ, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა: „საკონსტიტუციო კომისიათან ჩვენი მჭიდრო კონტაქტის მიზანი არის ის, რომ შემდგომში შეხვედრების დღის წესრიგი შევადგინოთ. თვითმმართველობის შესახებ კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩემთვის საინტერესო კანონის დეტალებია, რომელსაც კომისიის წევრები გამაცნობენ. მთავარია რომ კონტიტუცია ხალხისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს“.

თავის მხრივ, საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა: „ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ეხება ადგილობრვი თვითთმმართველობის ახალ რეგულაციას, რაც თავის მხრივ უნდა შევიდეს კონტიტუციაში. ამ საკითხის გარშემო გაიმართება დისკუსიები. მეორე საკითხი უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების თაობაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. საუბარი გვექნება მოსამართლეთა უვადოდ არჩევასა და ამ არჩევის წესზე“.

„საქართველოში  პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა. ვგულისხმობ პასუხისმგებლობას. განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს საბოლოოდ კონსტრუქციულობამდე უნდა მივიდეს“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ასეთი ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება: „პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა ზოგადად რეგიონის პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებმაც ახლა მოიპოვეს დამოუკიდებლობა“.

ევროსაბჭოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოთქვა ზოგიერთ კანონთან დაკავშირებითაც. კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებს და „მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესაბამის შესწორებებს შეიტანს.

„მანიფესტაციის შესახებ კანონი ჩვენ მართლაც განხილული გვაქვს. თავისთავად ის, რომ შეკრების უფლება იყოს შეზღუდული, არ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას. დასაშვებია გარკვეული აკრძალვები. მაგალითად, ადგილთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის ჩარევაც. თუმცა, ვფიქრობთ, კატეგორიული აკრძალვები დაუშვებელია. მაგალითად ის, რომ საჯარო შენობასთან 20 მეტრის მანძილზე მანიფესტაციის ჩატარება ნებადართული არ არის. ჩვენ ეს შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებას გავუზიარეთ და მივიღეთ დაპირება, რომ კანონში ცვლილებები შევა“, - აცხადებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე.

ბუკიკიო კომისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. იგი შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილსა და კომისიის წევრებს; ასევე ეწვია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობას. როგორც ბუკიკიომ განაცხადა, კომისიის საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის დახვეწაში 1993 წლიდან მონაწილეობს. საკონსტიტუციო კომისიამ უკვე შეიმუშავა ახალი კონსტიტუციის შავი ვარიანტი, მაგრამ როდის მიიღებს პროექტი დასრულებულ სახეს, ამის თქმა კომისიაში უჭირთ. საქართველოს ახალი კონსტიტუცია პარლამენტს დასამტკიცებლად მას შემდეგ წარედგინება, როცა საკონსტიტუციო კომისია მასზე მუშაობას დაასრულებს და საბოლოო ვარიანტს ვენეციის კომისიაში განიხილავენ.

„ინტერპრესნიუსის“, „ჯი-ეიჩ-ენისა“ და სააგენტო „პირველის“ მიხედვით

ახალი ამბები